თედო უთურგაიძე (დ. 17 ივნისი, 1927, ქვემო ალვანი, ახმეტა — გ. 12 თებერვალი, 2018) — ქართველი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1995).

თედო უთურგაიძე
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1927
ქვემო ალვანი, ახმეტა
გარდაცვალების თარიღი თებერვალი, 2018
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია ენათმეცნიერება

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1927 წლის 17 ივნისს ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანში. 1944 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ძველი ქართული ენის განხრით, იყო აკადემიკოს აკაკი შანიძის ასპირანტი. 1954 წლის 13 ნოემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქართული ენის თუშური კილო“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1970 წლის 4 მარტს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართული ენის მთის კილოთა ფონემატური სტრუქტურა სალიტერატურო ქართულთან მიმართებით“. 1970 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1995 წლიდან არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

თედო უთურგაიძე არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 40-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და სადოქტორო ნაშრომის რეცენზენტი.

პედაგოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება

თედო უთურგაიძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში. 1953-61 წლებში მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტად. 1971 წლიდან 1975 წლამდე კი იმავე ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე პროფესორად.

1985 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო და ლექციებს უკითხავდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის 2013 წელს თედო უთურგაიძე დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით.

სალექციო თემების ჩამონათვალი

რედაქტირება

თედო უთურგაიძე ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში შემდეგ თემებზე: თანამედროვე ქართული ენა, ძველი ქართული ენა, ქართული დიალექტოლოგია, ქართული ენის შესწავლის ისტორია, ენობრივი სისტემები ქართულ ენაში, აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტები ქართული ენის სტრუქტურული ანალიზი, ქართული ენის ენობრივი სისტემები, ქართული ენის შესწავლის ისტორია, აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტები, ქართული ენის შუალედური სისტემები.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება
 

პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად თედო უთურგაიძე წარმატებით მოღვაწეობს სამეცნიერო ასპარეზზე. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე: 1977 წლიდან მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1986 წლიდან 2002 წლამდე იყო ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების გამგე, 2002 წლიდან ― ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი-კონსულტანტი, ხოლო 2010 წლიდან ― მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის ავტორი და მრავალი რესპუბლიკური და  საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე.

თედო უთურგაიძე წლების განმავლობაში იკვლევდა ქართული ენის შესწავლის ისტორიას. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ანტონ I-ისა და ზურაბ შანშოვანის გრამატიკების შესწავლაში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 2012 წლის 6 ივნისის დადგენილებით ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების დარგში ნაშრომისათვის „ქართული ენის შესწავლის ისტორია’’ თედო უთურგაიძეს მიენიჭა არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია.

თედო უთურგაიძის სამეცნიერო ინტერესების სფერო ძირითადად მოიცავს ქართული ენისა და ქართული დიალექტების სტრუქტურის კვლევას. განსაკუთრებით დიდია პროფ. თედო უთურგაიძის დამსახურება საქართველოში ენის კომპიუტერული მოდელირების განვითარებაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში კომპიუტერული ტექნოლოგიების შემოტანის პირველივე ეტაპზე მან აქტიურად დაიწყო ენის მოდელირების საკითხებზე მუშაობა. 1996 წელს დააარსა სამეცნიერო საზოგადოება „ექსელსიორი/Excelsior“, რომელიც ენის მოდელირების დარგში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო საზოგადოება იყო საქართველოში. 2000 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა ქართული ენის მორფოლოგიისა (სახელისა და ზმნის მოდელირება) და სინტაქსის (მარტივი გავრცობილი წინადადება) ფორმალიზაციის საკითხებზე, ავტომატური ამოცნობის პროგრამასა და ქართული სპელჩეკერის შექმნაზე. თედო უთურგაიძის ლინგვისტურ თეორიებსა და ქართული ენისათვის შემუშავებულ კომპიუტერულ მოდელებს ეყრდნობა ენის მოდელირების ასოციაციის მიერ 2006-2008 წლებში შექმნილი „ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემა v1.0“.

მონოგრაფიები

რედაქტირება
  • თუშური კილო (1960 წ.);
  • ქართული ენის მთის კილოთა ზოგი თავისებურებანი (1966 წ.);
  • ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა (1976 წ.);
  • ქართული ენის სახელის მორფონოლოგიური ანალიზი (1986 წ.)
  • ანტონ პირველის „ქართული ღრამმატიკა“ და მისი ეროვნულ-ისტორიული მნიშვნელობა (ე. ბაბუნაშვილთან თანაავტორობით) (1999 წ.)
  • ქართული ენის შესწავლის ისტორია (1999 წ.)
  • გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში (2002 წ.);
  • ქართული ენის დონეთა ძირითადი მახასიათებლების ურთიერთზემოქმედებისათვის გლობალურ ენობრივ სისტემაში (2009 წ.);
  • ქართული ენის ისტორიული გრამატიკის მორფონოლოგიური და მორფოსინტაქსური ასპექტები (2013წ.);
  • ქართული ენობრივი სისტემის საკითხები (2016 წ.)

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2002 წელი - არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია
  • 2013 წელი - ღირსების ორდენი № 683
  • 2013 წელი - ივანე ჯავახიშვილის მედალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება