თებრო კიკილაშვილი

თებრო კიკილაშვილი (დ. 29 დეკემბერი, 1907 — გ. 7 ნოემბერი, 1991) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1942), დოცენტი (1943). საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი.

თებრო კიკილაშვილი
დაბ. თარიღი 29 დეკემბერი, 1907(1907-12-29)
დაბ. ადგილი ლაგოდეხი
გარდ. თარიღი 7 ნოემბერი, 1991(1991-11-07) (83 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თებრო კიკილაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგის სპეციალობით 1936 წელს. 1936–39 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1939–44 წლებში იყო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის დაუსწრებელი ფაკულტეტის დეკანი. ამავე დროს კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში. 1942–47 წლებში მუშაობდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, იქვე იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე; 1947–85 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე.[1]

თებრო კიკილაშვილი კითხულობდა ზოგადი ჰიდროლოგიისა და ოკეანოლოგიის, სსრკ ჰიდროგრაფიის კურსებს. 1945–56 წლებში შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. იგი იკვლევდა საქართველოს მდინარეთა ქსელს. ჩაატარა საველე სამუშაოები მთელ საქართველოში და შეადგინა საქართველოს რეგიონების მდინარეთა ქსელის სიხშირის კოეფიციენტების რუკები.[1]

თებრო კიკილაშვილს გამოქვეყნებული აქვს 31 სამეცნიერო სტატია. ეწეოდა მთარგმნელობით მუშობასაც.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.