თბილისის წმინდა დოდოს საყდარი
თბილისის წმინდა დოდოს საყდარი — თბილისში მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ეკლესიის ქვევით, სამხრეთისაკენ არის გამოქვაბული. ეს იყო წმინდა დოდო გარეჯელის დროებითი საცხოვრებელი სენაკი და სამლოცველო. ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობით, წმინდა დოდო იყო წმინდა დავით გარეჯელის ერთ-ერთი მოწაფე, კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ გარეჯელ მამებს შეუერთდა. მან VI საუკუნის პირველ ნახევარში გარეჯის მრავალმთის სანახებში დააარსა მონასტერი, ე. წ. დოდოს რქა.
პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას დოდოს საყდარზე წერს: „მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის მთის ძირში სამხრეთით მდებარეობს წმინდა დავითის ეკლესია, ერთ-ერთი 13 ასურელ მამათთაგანი, რომლებიც საქართველოში VI საუკუნეში მოვიდნენ. ის გამოკვეთილია კლდეში. ქრისტიანები მოდიან თაყვანის საცემად. არაა ცნობილი იქ ადრე იყო ეკლესია, თუ მხოლოდ სალოცავი“. ამ მტკვრისპირა ქვაბულში, რომელშიც წმინდა მამა დავით გარეჯელი ცხოვრობდა, შემდეგ წმინდა დოდომ დაიდო ბინა. ქვაბულს დროთა განმავლობაში სახელი ეცვალადა „ჯოჯოს საყდარი“ ეწოდა. შემორჩენილია გადმოცემა, რომ ამ ადგილზე, ძველ ავლაბარში ცხოვრობდა კაცი, რომელიც თურმე სასწაულებს ახდენდა, ერთი ხელის მოსმით თუ შეხებით ჭორფლს აქრობდაო. შესაძლოა წმინდა დოდოს ამბავი დავიწყებას მისცემოდა, დღესასწაულის სახელი დოდოობა გაუგებარი გამხდარიყო და შეცვლილიყო სიტყვით „ჯოჯოობა“, – აღნიშნავს თ. ბერიძე დღესასწაული „ჯოჯოობა“ თბილისში აღდგომის შემდგომ პირველ სამშაბათს ეწყობოდა. თბილისელი ქალები, განსაკუთრებით ქალიშვილები, აიღებდნენ შაქრის რამდენიმე ნატეხს დაქალაქის ძველუბანში – ავლაბარში, უფრო ზუსტად, ავლაბრის სამხრეთით, მტკვრის ნაპირზე მდებარე ძაღლის უბანში მიდიოდნენ. აქ, მტკვრის კბოდენაპირზე იმართებოდა — ჯოჯოობა. მორწმუნე ქართველი ქალები ლოცულობდნენ და თავიანთი სურვილების შესრულებას შესთხოვდნენ მამაზეციერს. ლოცვა-ვედრების შემდეგ ისინი თანწაღებულ შაქრის ნატეხებს უყრიდნენ მტკვრის ქარაფიან ნაპირზე ბინადარ ჯოჯოებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რიტუალს — ჯოჯოობას მრავალი მლოცველი ასრულებდა, მისი წარმოშობა XIX საუკუნის ქალაქელებს აღარ ახსოვდათ. ეს იყო ძველთბილისელთა ერთ-ერთი იმ მრავალ წესთაგანი, რომელნიც შთამომავლობას სახეცვლილებებით შემოენახა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 66-67