თბილისის საცხოვრებელი სახლი (8 მარტის 34)
თბილისის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ თბილისში. ხასიათდება რთული რელიეფით, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთიდან მთაწმინდის ციცაბო ფერდობი საზღვრავს, ხოლო, მთის რელიეფის დახრა საცხოვრებელი უბნის მიმართულებით თანდათანობით მცირდება და 8 მარტის ქუჩის მონაკვეთში კლდოვანი ბორცვის თხემში გადაიზრდება. აღნიშნულ კლდოვან თხემზე აგებულია N 34 სახლი, საიდანაც სამი მხრით (გარდა სამხრეთ-დასავლეთისა) მკვეთრად დაქანებული ფერდობი ეშვება. ბორცვის ქვემოთ, ჩრდილო-დასავლეთით მოქცეულია სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მიუყვება ვანო სარაჯიშვილის ქუჩა, ხოლო, საერთო ჯამში, ამ ადგილიდან რუსთაველის გამზირის და თბილისის ვრცელი, პანორამული ხედები იშლება.
კარისა და ექვსი ფანჯრის ღიობებს (ზემოდან და ნაწილობრივ გვერდებზე) რელიეფურად გამოყვანილი დეკორატიული გირლიანდები აჩარჩოებს. ყოველი ფანჯრის თავს ზემოთ, კედლის სიბრტყეზე მიმაგრებულია ფსევდო-ბაროკალურ სტილში შესრულებული თაბაშირის დეკორატიული ფილები, რომლის სიმეტრიული კომპოზიციის ცენტრში ნიჟარისებრი მოტივის წიაღში ამოზიდულია ბავშვის ჰორელიეფური პორტრეტი.
ფანჯრების ქვემოთ მოცემულია, პროფილირებულ ჩარჩოში მოქცეული, მართკუთხა შეღრმავებული სიბრტყეები. კედელი დასრულებულია ლესვით გამოყვანილი პროფილირებული კარნიზით. ხოლო, ფასადს აგვირგვინებს აგურის წყობით ამოყვანილი დაბალი პარაპეტი და მასზე აღმართული სხვადასხვა ზომის, ნახევარწრიული ატიკები. ამათგან, დასავლეთით მოქცეული ატიკის ქვეშ, პარაპეტის სიბრტყე გაფორმებულია რელიეფური ფრიზით, სადაც, აგურის წყობით გამოყვანილი კაპიტელებით დასრულებულ მოკლე პილასტრებს შორის მოქცეულ მართკუთხა მონაკვეთში ჩასმულია, რიტმულად განმეორებადი ხვეული მცენარეული ორნამენტებით შემკული თაბაშირის ფილები.
მსგავსი, დეკორატიული გაფორმება გვხვდება კარის თავზე არსებული პარაპეტის მონაკვეთშიც. სახლის კარები გაფორმებულია ხის პროფილირებული (კბილანისებრი, კანელურისებრი, წახნაგოვანი, მართკუთხა, სამკუთხა ფრონტონისებრი) და ლითონის ფუნქციურ-დეკორატიული (სახელურები, საფოსტო ყუთის ღიობის მოჩარჩოება) ელემენტებით. კარის თავზე გამართული იყო ლითონის ორფერდასახურავიანი, დეკორატიული ფრონტონით შემკული წინფრა, რომელიც ამჟამად სახლის ინტერიერში, შუშაბანდის მონაკვეთში არის მოთავსებული.
სახლის მთავარ ფასადზე გამოხატული მართკუთხა მოყვანილობისგან განსხვავებით, ინტერიერში მოქცეული, სახლში შესასვლელი ცენტრალური კარისა და ფანჯრების, ასევე შუშაბანდიდან პირველ ოთახში გამავალი კარების ღიობებს რკალისებრ თაღოვანი მოყვანილობა აქვთ. შუშაბანდის მხარეს მოქცეული აღმოსავლეთის კედლეში მსგავსი მოყვანილობის თაღოვანი, თაროებიანი თახჩაა გამართული. დანარჩენ ოთახებს მართკუთხა კარის ღიობები აკავშირებს. ინტერიერში, ფანჯრებს სამფრთიანი ხის დარაბები ფარავს. პირველი ოთახის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში გამართულია თაღოვანი ბუხარი.
საცხოვრებელი სახლის ინტერიერში ასევე განთავსებულია ანტიკვარული ავეჯის არაერთი ნიმუში. სახლის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მოქცეული ორსართულიანი მონაკვეთის შიდა სივრცის დათვალიერება ვერ მოხერხდა. გარეთა მასების ნაწილი კი, ბოლო პერიოდში განხორციელებული სამშენებლო ცვლილებებით (მიშენებით, გადაკეთებით) ხასიათდება. საცხოვრებელი სახლის მთავარი ფასადის გასწვრივ მოასფალტებული ეზო მიუყვება, მის გაგრძელებაზე კი, ეზოს ჩრდილოეთის მონაკვეთში, მოვაკებული თხემის კიდემდე გაშენებულია ხე-მცენარეებიანი ბაღი. აღწერილი სახლი, სავარაუდოდ, აგებული უნდა იყოს 1870-იან წლებში. იგი ეკუთვნოდა გენერალ-მაიორ ალექსანდრე ბეჟანის ძე ბუჭყიაშვილს. მისი ასული, ანა ბუჭყიაშვილი ცოლად შეირთო 1902 წელს წმინდა ელენეს კუნძულიდან დაბრუნებულმა ნიკოლოზ გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელმა (ნიკო ბური, 1868-1933 წლებში.), რომელიც, შემდგომში ამ სახლში ცხოვრობდა წლების განმავლობაში თავის ცოლ-შვილთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39223