თბილისის ლიტერატურულ-მუსიკალური სალონები

თბილისის ლიტერატურულ-მუსიკალური სალონები — კულტურის კერები ძველი თბილისის არისტოკრატიულ ოჯახებში.

უძველესი დროიდან ქართველ მეფეთა კარზე ტრადიციულად იმართებოდა ლიტერატურულ-მუსიკალური პაექრობები და თეატრალური წარმოდგენები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ლიტერატურულ-მუსიკალური სალონებს. სალონებმა განსაკუთრებით გამოკვეთილი სახე მიიღო XIX საუკუნის დასაწყისიდან, როცა საქართველოში შემოიჭრა დასავლეთ ევროპის კულტურის ნაკადი, რომელსაც ნაზიარები იყო რუსეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ქართველი ახალგაზრდობა, ცარიზმის მიერ კავკასიაში გადმოსახლებული თავისუფლად მოაზროვნე ინტელიგენცია. უთეატრობისა და კულტურის დაწესებულებათა სიმწირის გამო არისტოკრატთა ოჯახებში დამკვიდრებული ეს ტრადიცია დიდ როლს ასრულებდა თბილისის კულტურის ცხოვრებაში. ამ სალონებში იკრიბებოდა საზოგადოების ნიჭიერი, მოაზროვნე ნაწილი (პოეტები, მუსიკოსები და სხვ.); აქ დაიბადა არაერთი მნიშვნელოვანი იდეა მუდმივი პროფესიული თეატრის, პერიოდული პრესის დაარსებისა და სხვ.; აქვე კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს, თარგმანებს, იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები. გამოიკვეთა კულტურულ მოღვაწეთა, შემოქმედთა ახალი თაობა (პოეტები, მსახიობები, შემსრულებლები), რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული კულტურის აღორძინებას.

თბილისში სალონი ჰქონდა რევაზ (რომან) იოანეს ძე ბაგრატიონს, ცნობილი მხედართმთავრის – პ. ბაგრატიონის უმცროს ძმას (ამ სალონს თანამედროვენი „თეატრალურ სახელოსნოს“ უწოდებდნენ). აქ იმართებოდა მუსიკალური საღამოები და წარმოდგენები სცენისმოყვარეთა მონაწილეობით. 1832 წლის 21 იანვარს წარმოადგინეს ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ რ. ბაგრატიონისა და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით. წარმოდგენის შემდეგ ქართველმა მანდილოსნებმა შეასრულეს ევროპული და აღმოსავლური ცეკვები. ამ სალონში დადიოდნენ ა. ბესტუჟევ-რიუმინი, ა. მუსინ-პუშკინი; კითხულობდნენ ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის ნაწარმოებებს. სისტემატურად იმართებოდა მუსიკალური საღამოები, სიმებიანი კვარტეტის კონცერტები, შესრულდა ქართ. სიუჟეტზე აგებული პირველი ვოდევილი მუსიკის თანხლებით – მ. გამაზოვის „XIX საუკუნის ქართველები, ანუ მომგებიანი გარიგება“. სალონი მდებარეობდა რ. ბაგრატიონის ბინაში, ახლანდ. რუსთაველის პროსპექტზე, ა. გრიბოედოვის სახ. თეატრის ადგილას. დაიხურა რ. ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ.

ს. დოდაშვილის ბინაში გამართული შეკრებების მონაწილეები იყვნენ ძმები ა. და ვ. ორბელიანები, გ. ორბელიანი, ს. რაზმაძე და სხვ. 30-იან წლებში აქ გამართულ კონცერტებზე ფორტეპიანოს უკრავდნენ ა. და ვ. ორბელიანები. შეკრებებს ესწრებოდა თურქეთის კონსული. წრე დაიშალა 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა, მ. შ. ს. დოდაშვილის დაპატიმრების გამო.

აღსანიშნავია მანანა ორბელიანის სახელგანთქმული სალონი, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მოყვარულნი. თავის ახალ ნაწარმოებებს კითხულობდნენ გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი, დ. ყიფიანი, ნ. ისარლიშვილი, გ. ერისთავი, ა. ჭავჭავაძე, მ. თუმანიშვილი. აქვე დაიბადა აზრი ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემისა, რაც 1852 წელს კიდეც განახორციელა გ. ერისთავმა, მსჯელობდნენ ქართული წარმოდგენების დადგმის, ქართული მუდმივი პროფესიული თეატრის დაარსების თაობაზე. მ. ორბელიანის სალონმა იარსება XIX საუკუნის 60-იან წლებამდე.

თბილისში (და მთელ საქართველოშიც) სახელგანთქმული იყო ა. ჭავჭავაძის ოჯახი, სადაც თავს იყრიდა ქალაქის მოწინავე საზოგადოება, უცხოელი მოღვაწეები და დიდმოხელენი, ქალაქის საპატიო სტუმრები. ა. ჭავჭავაძის ასულები – ნინო და ეკატერინე – შესანიშნავად უკრავდნენ ფორტეპიანოს (მურავიოვ-კარსკის მიერ 20-იან წლებში თბილისში შემოტანილი ერთ-ერთი პირველი ფორტეპიანო შეიძინა ა. გრიბოედოვმა. მანამდე ქალაქში სულ რამდენიმე მუსიკალური საკრავი იყო). მალე ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა და მუს. სალონების აუცილებელ ატრიბუტად იქცა. მღეროდნენ, ცეკვავდნენ ქართ. და ევრ. ცეკვებს. თვით ა. ჭავჭავაძე უკრავდა ჩონგურს, გატაცებული იყო მუსიკითა და სიმღერით. სალონი გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ა. გრიბოედოვი ამ ოჯახის სიძე გახდა. საღამოებზე ნ. ჭავჭავაძე ასრულებდა ა. გრიბოედოვის მუს. ნაწარმოებებს. ხშირად კი ორივე ერთად – კლასიკურ მუსიკალურ ნაწარმოებს. აქვე წარმოადგინეს ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“. 1839 წელს ნ. ბარათაშვილმა ამ სალონში წაიკითხა „ბედი ქართლისა“; ტარდებოდა ა. ჭავჭავაძის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი პ. კორნელის ტრაგედიის, „ცინნას“ რეპეტიციები. სალონის შესახებ ცნობები შემოინახეს ა. ფადეევმა, თ. ტორნაუმ, ლ. დადიანმა, ი. მეუნარგიამ, კ. ბოროზდინმა. ა. ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ერთხანს სალონის მასპინძლები იყვნენ ნ. ჭავჭავაძე და მისი ძმა დავითი. იგი დაიხურა ნინოს გარდაცვალების შემდეგ (1854).

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მუსიკალური კერა იყო ნ. ბარათაშვილის სახლი, სადაც იკრიბებოდნენ პოეტის მეგობრები – ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ზრუნავდნენ ეროვნული თეატრის ჩამოყალიბებაზე, ქართული ჟურნალისტიკის დაარსებასა და საქართველოს ისტორიის შედგენაზე. წრის წევრები იყვნენ დ. ყიფიანი, მ. თუმანიშვილი, დ. მაჩაბელი, კ. მამაცაშვილი და სხვ. იმართებოდა ლიტერატურული საღამოები. აქ წაიკითხა ნ. ბარათაშვილმა ი. ლაიზევიცის ტრაგედია „იულიუს ტარენტელის“ თარგმანი, ხოლო დ. ყიფიანმა – უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“. ნ. ბარათაშვილს სახლში ბევრი სამუსიკო საკრავი ჰქონდა, თავად შესანიშნავად უკრავდა თარსა და ჩონგურს და თავის სალონში გამართულ საღამოებზე ცეკვავდა კიდეც. სალონის ერთ-ერთი წევრი იყო მისი მეგობარი, იმხანად თბილისში მეტად პოპულარული მომღერალი სათარა. სალონმა არსებობა შეწყვიტა 1845 წელს პოეტის გარდაცვალების შემდეგ.

1867 წელს ნ. ავალი-შვილისა და ვ. თულაშვილის თაოსნობით ლ. მაღალაშვილის ბინაზე შეიქმნა „არტისტული წრე“, რომელმაც დაიწყო წარმოდგენების გამართვა. ამ მიზნით მზადდებოდა პიესები, ეწყობოდა შეხვედრები. აქ იკრიბებოდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, დ. ყიფიანი, კ. მამაცაშვილი, გ. თუმანიშვილი, დ. ერისთავი, ი. ბაქრაძე, გ. ქართველიშვილი. დადგეს ა. წერეთლის, გ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებები. ამ წრის მუშაობა დაედო საფუძვლად 1874 წელს ქართული თეატრის აღორძინებას.

80-იან წლებში სერგის ქუჩაზე (ახლანდ. ი. მაჩაბლის №13, შემდეგ მწერალთა სასახლე) იყო მეცენატ დ. სარაჯიშვილის განთქმული სალონი, რომელსაც სტუმრობდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, რ. და დ. ერისთავები, ი. მეუნარგია, გ. ყიფიანი, ა. ფრონელი, ა. და ავქ. ცაგარლები, ნ. გაბუნია, მ. საფაროვა-აბაშიძე, ი. მაჩაბელი და სხვ. აქ წაიკითხეს ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“, „ოთარაანთ ქვრივი“; მსჯელობდნენ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. ამის გარდა, სალონის მასპინძლები მართავდნენ მეჯლისებს, რომლებზეც იწვევდნენ წარჩინებულ საზ-ბას.

სალონური ხასიათი ჰქონდა ა. ფურცელაძისა და ვ. თულაშვილის ლიტერატურულ წრეს, რომელიც იკრიბებოდა ა. ფურცელაძის ბინაზე ე. წ. „სალდათის ბაზართან“ (ახლანდ. ა. ფურცელაძის ქუჩისა და გ. ორბელიანის მოედნის შეერთების ადგილი). წრის მონაწილეები (პ. უმიკაშვილი, ნ. ყიფიანი, კ. ივანოვი, ლ. ჯანდიერი, თ. მაჩაბელი, გ. პაიჭაძე) მსჯელობდნენ ქართ. თეატრისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების შესახებ. სხდომებს ესწრებოდა დ. ყიფიანი. შემდეგ წრეს შეემატნენ დ. ბაქრაძე, ი. გოგებაშვილი, ი. მამაცაშვილი, ნ. ცხვედაძე. კითხულობდნენ არალეგალურ ლიტიტერატურას (ა. გერცენის „კოლოკოლი“). აქვე წამოიჭრა სახალხო სკოლების გახსნის საკითხი, ჩამოყალიბდა კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების დაარსების იდეა. ამ საზოგადოებას შემდეგ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ეწოდა.

1885 წლის 31 დეკემბრიდან ი. ჭავჭავაძის ბინაზე, სადაც იყო „ივერიის“ რედაქცია და სტამბა (ნიკოლოზის, ახლანდ. ი. ჯავახიშვილის ქ. №7), საფუძველი ჩაეყარა ი. ჭავჭავაძის „ხუთშაბათობებს“. მონაწილეობდნენ რედაქციის თანამშრომლები და ქართული მწერლობის სხვა წარმომადგენლები. სხდომებს ესწრებოდნენ ა. ლაისტი, ნ. ხიზანიშვილი (ურბნელი), ი. მანსვეტაშვილი, ე. გაბაშვილი. „ხუთშაბათობები“ იმართებოდა 1902 წლამდე.

XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში ლიტერატურულ-მუსიკალური სალონები ჰქონდათ აქ დროებით თუ მუდმივად მცხოვრებ რუსი ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ასეთი იყო პ. არსენიევას (გენ. თ. ახვერდოვის მეუღლე და მ. ლერმონტოვის ნათესავი) სალონი. აქ თავს იყრიდნენ ა. გრიბოედოვი, ა. ოდოევსკი, ვ. კიუხელბეკერი, ა. ჭავჭავაძე, გ. ჭილაშვილი (ი. ჩელიაევი) და სხვ. პ. არსენიევას ჰქონდა პანსიონიც, სადაც აღიზარდნენ ნ. და ე. ჭავჭავაძეები. სალონი არსებობდა 1816-1830 წლებში. სალონები ჰქონდათ მთავარმართებლების – ი. პასკევიჩის, ა. ერმოლოვისა და მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის მეუღლეებსაც. ა. ერმოლოვმა 1819 წელს კერძო ბინაზე მოაწყო კლუბი. აქ გამართულ მეჯლისებზე იკრიბებოდა მაშინდელი თბილისის არისტოკრატიული ელიტა. მთავარმართებელთა საოჯახო სალონები, ქართული არისტოკრატიული სალონებისაგან განსხვავებით, კავკასიის მმართველთა გარკვეული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბალახაშვილი ი., ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში, თბ., 1940;
  • გაჩეჩილაძე ა., ნარკვევები მე-19 საუკუნის ქართული დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან, თბ., 1957;
  • მეტრეველი ს., ქართული რომანტიკული თეატრის ანარეკლები და ნიკოლოზ ბარათაშვილი, კრ.: რომანტიზმი ლიტერატურში – ეპოქათა და კულტურათა გზაჯვარედინზე, თბ., 2017.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება