თბილისის დემონსტრაციები (1988)
თბილისის 1988 წლის 5-29 ნოემბრის დემონსტრაციები — საპროტესტო გამოსვლები თბილისში, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში მოკავშირე რესპუბლიკათა სუვერენული უფლების შემცირების მცდელობის საპასუხოდ.
ისტორია
რედაქტირებასაბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვტილება ცვლილებები შეეტანა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, რომლის მეშვეობითაც სერიოზულად იზღუდებოდა მოკავშირე რესპულიკათა სუვერენული უფლება. პირველი მიტინგი თბილისში, იპოდრომზე, 1988 წლის 5 ნოემბერს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ინიციატივით გაიმართა, რომელშიც 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
11-12 ნოემბერს ასევე იპოდრომზე გრანდიოზული აქცია დაიგეგმა. ხალხმა დილიდანვე დაიწყო შეკრება, შემოსასვლელებიდან ახალ-ახალი კოლონები მოდიოდნენ, ამ დროს უნივერისტეტთანაც უამრვი ხალხი იყო შეკრებილი.
23 ნოემბერს მთავრობის სახლის შენობასთან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით დაიწყო შიმშილობის აქცია, რომელსაც შეუერთდა ირაკლი შენგელიას „ეროვნული სამართლიანობის კავშირი“, მეორე დღეს კი სტუდენტები და პირველი სკოლის მოწაფეები. მთავრობის სახლთან კარვებიც გაიშალა, თუმცა მომიტინგეთა უმრავლესობას ღია ცის ქვეშ ეძინა. თითქმის ყოველდღე იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგი. რუსთაველის გამზირი ავტომანქანებისთვის ჩაიკეტა. მეოთხე დღეს უკვე ოთხასამდე ადამიანი შიმშილობდა, აქციას შეუერთდნენ სხვა პარტიის ლიდერებიც, ირაკლი წერეთელი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი ბათიაშვილი.
25 ნოემბრის ღამეს მიტინგის ერთ-ერთი აქტივისტი მთავრობის სასახლის თავზე ავიდა და საბჭოთა დროშა ჩამოხსნა. აქციაზე ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა, თუმცა მომიტინგეები რუსთველის პროსპექტს არ ტოვებდნენ.
29 ნოემბერს აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის რადიოქსელით გააცნეს საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის სიტყვა, სადაც იგი ითვალისწინებდა ქართველი ახალგაზრდების მოთხოვნას და წყვეტდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. 29 ნოემბერს ნაშაუადღევს საპროტესტო აქცია შეწყდა.