თარასხან დიმიტრის ძე ეშბა (დ. 1886, სოფ. ბედია, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, — გ. 1923) — აფხაზი აზნაური, ანტისაბჭოთა დაჯგუფების მეთაური აფხაზეთში.

ჰქონდა 2 კლასის განათლება. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ სამურზაყანოს კომისარი იყო. 1918 წელს მონაწილეობდა აფხაზეთში ბოლშევიკური გამოსვლების ჩახშობაში. 1920-1921 წლებში მეთაურობდა აფხაზეთის კომისარიატის სოხუმის საგანგებო რაზმს (შედგებოდა 20-მდე წევრისგან), რომელმაც დიდი სამსახური გაუწია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას აფხაზეთის ტერიტორიაზე იატაკქვეშა ბოლშევიკური ორგანიზაციის გამოვლენასა და განეიტრალებაში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ (1921) ერთხანს მთავრობის წევრებთან ერთად დევნილობაში იყო კონსტანტინეპოლში. 1922 წლის აგვისტოში ეშბა მალულად დაბრუნდა აფხაზეთში და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად სამურზაყანოს ტერიტორიაზე შექმნა პარტიზანული დაჯგუფება (20-მდე კაცი), რომელიც მალე ძირითადად ყაჩაღებით შეივსო და კრიმინალურ ბანდად გადაიქცა. 1923 წლის ივლისისთვის საბჭოთა საგანგებო კომისიამ მოახერხა ბანდის წევრების უმეტესობის ლიკვიდაცია, თავად ეშბა კი სოფელ ბედიაში, საკუთარ სახლში დააპატიმრეს და თბილისში გაგზავნეს. მალევე დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • თარასხან ეშბა — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)