თამარ მეფის ხიდი
თამარ მეფის ხიდი (ყოფ. ჩელუსკინელების ხიდი) — ხიდი თბილისში, მდინარე მტკვარზე. ექსპლუატაციაშია 1935 წლის 6 აგვისტოდან.
სახელწოდება
რედაქტირება1934 წელს, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში საბჭოთა თბომავალი „ჩელიუსკინი“ ჩაიძირა. ექსპედიციის მონაწილეთა გადარჩენას საბჭოთა პროპაგანდამ ჰეროიკული ეპოპეის ხასიათი შესძინა. ამიტომ ახალ ხიდს ქუჩასთან ერთად „ჩელიუსკინელების“ სახელი ეწოდა (1933 წელს დანიაში აგებულ გემს სახელი ეწოდა XVIII საუკუნის პოლარეთის რუსი მკვლევარის ს. ჩელიუსკინის პატივსაცემად). 1989 წელს, ქუჩასაც და ხიდსაც თამარ მეფის სახელი მიენიჭა.[1]
ისტორია
რედაქტირება1934 წლის 16 აპრილს თბილისში, სტალინის სახელობის მუშათა კლუბში გაიხსნა თბილისის საბჭოს გაერთიანებული პლენუმი, რომელმაც დაამტკიცა ახალი მშენებარე ხიდისათვის და რკინიგზის ქუჩისათვის ჩელუსკინელების სახელის მინიჭება.[2] ხიდის მშენებლობის დასრულება დაგეგმილი იყო 1934 წლის 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის 17 წლისთავისთვის.[3] მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გახსნის თარიღი გადიწევდა — საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წლისთავისკენ — 1935 წლის 25 თებერვლისკენ.[4] 1935 წლის 27 თებერვლისთვის ჩელუსკინელების ხიდზე ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა, დგამდნენ კალინინის ქარხანაში ჩამოსხმულ თუჯის მოაჯირებს.[5] 11 მარტისთვის — გაჰყავდათ ტრამვაის რკინიგზა (იგეგმებოდა მოძრაობის გახსნა მაისში).[6] 3 ივნისს ჩელუსკინელების ხიდის გახსნა წლის ბოლომდე დასასრულებელ მშენებლობის სიაში იყო.[7] 5 აგვისტოს მოხდა ჩელუსკინელების ხიდის სალიანდაგო ხაზის გამოცდა ტრამვაის საშუალებით, ხოლო 6 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა საექსპლუატაციოდ.[8]
ქალაქის გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ახლანდელი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიამ. 1935 წელს მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული კლდოვანი ბორცვის გაჭრის შემდეგ გაიჭრა ჩელიუსკინელების ქუჩა. ამავე წელს აშენდა ხიდი (პროექტის ავტორები კ. ზავრიევი, ა. პატალეევი, ნ. სლოვინსკი; არქიტექტორი ნ. სევეროვი; ინჟინრები ვ. სალუქვაძე, ნ. სლოვინსკი), რომელიც კიდევ ერთ მძლავრ სატრანსპორტო არტერიად იქცა დედაქალაქისთვის.
არქიტექტურა
რედაქტირებარკინაბეტონის ბურჯები უხეშად გათლილი გრანიტითაა მოპირკეთებული, დანარჩენი ნაწილები კი — ბაზალტის ფილებით. ხიდი ზუსტი პროპორციებით, კარგად შესრულებული დეტალებითა და მონუმენტურობით გამოირჩევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე ა., თბილისის ხიდები, თბ.: „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 20-21.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 86, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №90 (3946), 17 აპრილი, 1934
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №164 (4020), 17 ივლისი, 1934
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №283 (4139), 9 დეკემბერი, 1934
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №50 (4206), 27 თებერვალი, 1935
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №60 (4216), 11 მარტი, 1935
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №128 (4284), 3 ივნისი, 1935
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №182 (4338), 6 აგვისტო, 1935