„ჩელიუსკინი“ — საბჭოთა თბომავალი. აიგო დანიაში, წყალში ჩაეშვა 1933 წლის 11 მარტს. თავდაპირველად ეწოდებოდა „ლენა“, 1933 წლის 19 ივნისს სახელი შეეცვალა და სემიონ ჩელიუსკინის პატივსაცემად ეწოდა „ჩელიუსკინი“. წყალწყვა 7500 ტონა.[1]

„ჩელიუსკინი“
„ჩელიუსკინი“ ლენინგრადში, 1933
კლასი/ტიპი: ყინულმჭრელი თბომავალი
ოპერატორი: გლავსევმორპუტი
პორტი: ვლადივოსტოკი
მშე­ნე­ბე­ლი: Burmeister & Wain, კოპენჰაგენი, დანია
ჩაეშვა: 11 მარტი, 1933
ექსპლუატაცია: 3 ივნისი, 1933
სტატუსი: ჩაიძირა 1934 წლის 13 თებერვალს
მთავარი მახასიათებლები
წყალწყვა:7500 ტ
სიგრძე:94,5 მ
სიგანე:16,6 მ
სიმძლავრე:2450 ცხენის ძალა
სიჩქარე:12,5 კვანძი
ეკიპაჟი:52

ისტორია რედაქტირება

1933 წლის 16 ივლისს გემი ლენინგრადიდან დაიძრა.[2] 3 აგვისტოს მურმანსკიდან ვლადივოსტოკამდე ჩრდილოეთის საზღვაო გზის ერთი ნავიგაციის ფარგლებში გავლის მიზნით გავიდა რეისში. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო ოტო შმიდტი, კაპიტანი — ვ. ვორონინი; რეისის მონაწილეთა რაოდენობა 112 იყო.[1]

10 სექტემბერს დაიწყო პოლარული ყინულები. გემი ყინულების ტყვეობიდან რამდენიმეჯერ იქნა ამოყვანილი.[3] 17 ოქტომბერს გემი ბერინგის სრუტიდან 76 კმ-ით დაშორებით საბოლოოდ გაიჭედა მოდრეიფე ყინულებში. 26 ოქტომბერი მოდრეიფე ყინულებმა გემი გატიაცა აღმოსავლეთისაკენ (ჩუკოტკის ზღვაში). 4 ნოემბრისთვის გემი რამდენიმე დღე ყინულს მიჰყავდა სამხრეთისკენ. ბაბუშკინი გაფრინდა დასაზვერად. 9 ნოემბრისთვის ყინულებს გემი ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამერიკის ნაპირისკენ მიჰყავდა. 21 დეკემბერი, დრეიფი ვრანგელის კუნძულების მიმართულებით.[4]

1934 წლის 5 იანვარს, შუაღამისას, დაიწყო ყინულების შეკუმშვა.[4] 13 თებერვალს 15 საათსა და 30 წუთზე კონცხ სევერნიდან 155 მილის და კონცხ უელენიდან 144 მილის მაინძილზე ჩაიძირა ყინულებისაგან გაჭყლეტილი „ჩელიუსკინი“.[5] ეკიპაჟი და ექსპედიციის მონაწილეები მოდრეიფე ყინულზე გადასხდნენ, სულ 104 კაცი (8 ადამიანმა გემი ჯერ კიდევ ჩელიუსკინის კონცხთან დატოვა; კარის ზღვაში გეოდეზისტ ვასილიევს შეეძინა ქალიშვილი კარინა; მნე ბ. მოგილევიჩი გადასხდომის დროს დაიღუპა).[1]

ევაკუაცია რედაქტირება

14 თებერვალს საკავშირო სახკომსაბჭომ ჩელუსკინელთა გადასარჩენად მოაწყო მთავრობის კომისია ვ. კუიბიშევის თავჯდომარეობით. ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე გამოიყო საგანგებო სამეული ჩრდილოეთის კონცხის პოლარული სადგურების უფროსის პეტროვის თავჯდომარეობით. 15 თებერვალს ონმანის კონცხზე მოეწყო ჩელიუსკინელთა დახმარების ბაზა. უელენში მყოფ მფრინავებს — ლიაპიდევსკის და კონკინს მიეცათ დავალება გაფრენილიყვნენ ავარიის ადგილას.[5] 18 თებერვალს ლიაპიდევსკი აკეთებს პირველ ცდას მიაღწიოს ბანაკამდე ქარბუქში. 20 თებერვალს უშაკოვი და პილოტები სლეპნიოვი და ლევანევსკი გაემგზავრნენ ამერიკაში, რათა ალიასკის მხრიდან დახმარება გაეწიათ ჩელიუსკინელებისათვის. 13-21 თებერვლის განმავლობაში მოდრეიფე ყინულმა 23 კილომეტრით გადაინაცვლა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, ამასთანავე თავად ყინულზე გაჩნდა ნაპრალი, რომელმაც ბანაკზე გაიარა.[6] 28 თებერვალს დაზარალებულთა დასახმარებლად ვლადივასტოკიდან გავიდა გემი „სმოლენსკი“, ხოლო პეტროპავლოვსკიდან გემი „სტალინგრადი“ (ეს უკანასკნელი 29 მარტს კამჩატკამდე მივიდა, მაგრამ ყინულის გარღვევა ვერ შეძლო და უკან გაბრუნდა).[7]

5 მარტს მფრინავი ა. ლიაპიდევსკი თვითმფრინავით АНТ-4-ით დაეშვა ბანაკთან და გადაარჩინა 10 ქალი და 2 ბავშვი.[8]

6 მარტს ყინულზე გაჩნდა ღრმა ნაპრალები, ბანაკის რამდენიმე ბარაკი ასევე სამზარეულო განადგურდა. 7 მარტს მფრინავები გალიშევი და დორონინი ხაბაროვსკიდან გამოემართნენ დაზარალებულთა დასახმარებლად. გემი „სმოლენსკი“ უკვე კამჩატკის პეტროპავლოვსკშია. 14 მარტს დამთავრდა „ჩელიუსკინის“ გადასარჩენი ცენტრალური ბაზის მოწყობა ვანკარემის კონცხზე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩელიუსკინელების დასახმარებლად ლენინგრადიდან გაეგზავნათ ყინულმჭრელი „კრასინი“.[8]

7—10 აპრილს გამოყვანილ მფრინავების მოლოკოვის, კამანინის და სლეპნევის მიერ რამდენიმე რეისით გამოყვანილ იქნა 62 ადამიანი.[9]

12 აპრილს გამოყვანილ იქნა 22 ჩელიუსკინელი, ხოლო 13 აპრილს უკანასკნელი 6 ადამიანი გადაყვანილ იქნა კონტინენტზე (ვანკერემის კონცხზე).[10]

ეკიპაჟის გადამრჩენლებს, საბჭოთა მფრინავებს — ა. ლიაპიდევსკის, ს. ლევანევსკის, ვ. მოლოკოვს, ნ. კამანინს, მ. სლეპნიოვს, მ. ვოდოპიანოვსა და ი. დორონინს პირველებს მიენიჭათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (1934).[1] 1935 წელს მათ პატივსაცემად თბილისში ახალ მოედანს ეწოდა „საბჭოთა კავშირის გმირთა მოედნის“ სახელი.

1934 წლის 21 ივლისს ბათუმში სტუმრად იყოფებოდნენ მფრინავი ბაბუშკინი და გემ „ჩელიუსკინის“ მექანიკოსი პიანტკოვსკი.[11] 5 სექტემბერს ამიერკავკასიაში ჩამოფრინდნენ ჩელიუსკინელები. პირველ დღეს იმყოფებოდნენ ბაქოში, სადაც მათ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.[12] 8 სექტემბერს ბაქოდან ჩელიუსკინელები თბილისში ჩამოფრინდნენ, სადაც ასევე საზეიმო დახვედრა მოუწყვეს სტუმრებს,[13] რის შემდეგადაც თბილისი 11 სექტემბერს დატოვეს.

პატივსაცემად დარქმეული სახელები რედაქტირება

  • თბილისში თამარ მეფის ხიდსა და გამზირს (16 აპრილი, 1934[14] — 1989) ჩელიუსკინელების სახელი ერქვა.[15]
  • 1935 წლის 23 დეკემბერს ტფილისის საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ახალ მოედანს, რომელიც წარმოიქმნა სანაპირო ახალი გზის, ჩელიუსკინელების ქუჩისა და ვარაზისხევის ქუჩების შეერთების შედეგად — „საბჭოთა კავშირის გმირების მოედანი“ ეწოდა, ჩელიუსკინელთა გადამრჩენი პილოტების პატივსაცემად.[16]

ლიტერატურა რედაქტირება

  • წულუკიძე ვ., ჩელიუსკინის ეპოპეა, ტფ.: „ტექნიკა და შრომა“, 1934.

სქოლიო რედაქტირება