თამარის ციხე (აბასთუმანი)
თამარის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. თარიღდება X საუკუნით.
ამჟამინდელი აბასთუმნის ადგილზე უძველესი ხანიდან იყო ციხე-ქალაქი ოძრხე (ოცხე), რომელსაც თავისი ციხეც ჰქონდა. ქართული საისტორიო ტრადიცია ოძრხის დაარსებას უკავშირებს ქართველთა ეთნარქს - ოძრახოსს. ფიქრობენ, რომ ეს უძველესი გეოგრაფიული პუნქტი ჯერ კიდევ ურარტულ წარწერებში, ძვ.წ VIII საუკუნეშია მოხსენიებული და მას შემდეგ არაერთგზისაა დადასტურებული საისტორიო წყაროებში XVIII საუკუნის ჩათვლით. მოგვიანებით, როდესაც ოძრხე მოსახლეობისაგან დაიცალა, მისი სახელწოდებაც დაიკარგა, ხოლო XIX საუკუნეში მოსულმა ახალმოსახლეებმა მას ახლო მდებარე სოფლის სახელი - აბასთუმანი უწოდეს. ოძრხის ციხეს ახლა თამარის ციხეს უწოდებენ.
თამარის ციხე მდებარეობს აბასთუმანში, მდინარეების ოცხის და კურცხანის შესართავთან წამომართულ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ოცხის მარჯვენა ნაპირზე. ეს არ არის ჩვეულებრივი სასიმაგრო ნაგებობა. ყველა მონაცემით იგი ფეოდალის რეზიდენციაა, ანუ ციხე-დარბაზი საკუთარი კარის ეკლესიით, მისაღები დარბაზით და სხვა სათავსებით. ნაგებობის კედლების სიმაღლე დაახლოებით 15 მეტრამდე აღწევს. თავსა და ბოლოში იგი ორი მრავალსართულიანი კოშკითაა შემაგრებული. ციხე-დარბაზი ნაგებია ზედაპირმოსწორებული, უხეშად დამუშავებული ქვით, ქვედა ნაწილებში მოზრდილი ლოდებია გამოყენებული. კოშკები მრავალსართულიანია, შედარებით კარგადაა შემონახული საცხოვრებელი კოშკი, რომელიც ოთხსართულიანია. მისი სწორკუთხა მოყვანილობის შესასვლელი გალავნის შიგნით, მეორე სართულზეა განთავსებული. ამ კოშკს აქვს ხარო შიგნიდან კარგად გალესილი კედლებით. შესაძლოა, ეს სათავსი დილეგის, ან პროდუქტის შესანახი სათავსის ფუნქციას ასრულებდა.
ციხე-დარბაზის მეორე კოშკი ზურგიანია. გალავნის შიგნით არის დარბაზის, კარის ეკლესიის და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კედლების ზედა ნაწილებში დატანილია სამზერები და სალოდეები. ცეცხლსასროლი იარაღის ამბრაზურები არ ჩანს. გარდა თამარის ციხისა, ქედის ამავე ფერდობზე, მდინარე ოცხის მხარეს, არის მეორე ციხის ნაშთები და გვირაბი, რომელიც წყლის ნაპირას გამოდის. ცოტა მოშორებით, ოცხისა და კურცხანის შესაყართან ძველი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებია შემონახული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6183