თავისუფალი ვაჭრობის ზონა
თავისუფალი ვაჭრობის ზონა — ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც გაუქმებულია საბაჟო ტარიფები. თავისუფალი ვაჭრობის ზონები იქმნება იმ დარგების სტიმულირების მიზნით, რომლებიც აწარმოებენ უპირატესად საექსპორტო პროდუქციას და მოიხმარენ იმპორტულ რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს.
თავისუფალი ვაჭრობის ზონა, ერთი მხრივ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ნაირსახეობაა, მეორე მხრივ კი – ეკონომიკური ინტეგრაციის შედარებით მარტივი ფორმა. ხასიათდება მცირე ტერიტორიით. თავისუფალი ვაჭრობის ზონები პირველი თაობის ზონებს განეკუთვნება და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს ეფუძნება.
ისტორია
რედაქტირებავაჭრობის შეღავათიანი პირობები ჯერ კიდევ ფინიკიელების აყვავების პერიოდისთვის (ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყისში) იყო დამახასიათებელი. საერთაშორისო პრაქტიკაში თავისუფალი ვაჭრობის ზონები ცნობილია, აგრეთვე, თავისუფალი პორტის (პორტოფრანკოს), თავისუფალი არეალის (საწყობის), თავისუფალი უბაჟოდ ვაჭრობის მაღაზიის სახელწოდებით. პორტოფრანკოს ტიპის ზონები დასაბამს XVI საუკუნიდან იღებს. პორტოფრანკოდ პირველად (1547 წ.) იტალიის ქალაქი ლივორნო გამოცხადდა. რუსეთის იმპერიაში თავისუფალი პორტების სტატუსი მიიღო ოდესამ (1817 წ.), ვლადივოსტოკმა (1862 წ.), ბათუმმა (1878 წ.).
თანამედროვეობა
რედაქტირებათავისუფალი არეალი საექსპორტო საქონლის შესანახად, შესაფუთად და უმნიშვნელო დამუშავებისათვის განკუთვნილი სატრანზიტო ან საკონსიგნაციო საწყობებია. მათი ტერიტორია გამოყოფილია საბაჟო ტერიტორიიდან და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო თავისუფლებით. აღნიშნულის გამო მათ ხშირად თავისუფალ საბაჟო ტერიტორიებს უწოდებენ. თავისუფალი უბაჟოდ ვაჭრობის მაღაზიები თავისუფალი ვაჭრობის ზონის უმარტივესი ფორმაა. რეჟიმის თვალსაზრისით ისინი სახელმწიფო საზღვარს გარეთ მდებარეობენ. ასეთი მაღაზიები საქართველოში თბილისის აეროპორტში, სარფის, წითელი ხიდისა და სხვა საბაჟოებზეა გახსნილი. თავისუფალი ვაჭრობის ზონები ყველაზე განვითარებული ფორმით აშშ-შია წარმოდგენილი, რასაც ხელი შეუწყო 1934 წელს მიღებულმა სპეციალურმა კანონმა. თავისუფალი ვაჭრობის ზონა როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმა, გულისხმობს ურთიერთვაჭრობაში საბაჟო ტარიფებისა და სხვა შემზღუდავი ბარიერების მოხსნას. მასში შემავალი სახელმწიფოები ინარჩუნებენ მოქმედების სრულ დამოუკიდებლობას მესამე ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობაში. თავისუფალი ვაჭრობის ზონის კლასიკური მაგალითია თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია – თვეა (European Free Trade Association – EFTA). თანამედროვე პერიოდის თავისუფალი ვაჭრობის ზონის მნიშვნელოვანი მაგალითია ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა (North American Free Trade Agreement – NAFTA), რომელშიც გაერთიანებულია აშშ, კანადა და მექსიკა. ხელშეკრულება ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ძალაში შევიდა 1994 წლის 1 იანვარს. ამ ზონაზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 20 %. განვითარებად ქვეყნებში თავისუფალი ვაჭრობის ზონა შექმნილია იმისათვის, რომ დაძლიონ ეკონომკური განვითარების დაბალი დონე, გაიზარდოს ქვეყნის როლი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში, განვითარდეს ვაჭრობა ზონის შიგნით.
საქართველო
რედაქტირებასაქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი (საქონლის გადაადგილება ნულოვანი განაკვეთებით) აქვს დსთ-ის ყველა ქვეყანასთან და თურქეთთან. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებებით. კერძოდ, დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, გარდა რუსეთის ფედერაციისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება დსთ-ის 1994 წლის მრავალმხრივი შეთანხმებით „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“. საქართველო ასევე არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამის) ფარგლებში მოქმედი „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 2002 წლის მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყანა. ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს დადებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი. ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ითვალისწინებს გამონაკლისებს, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან გარკვეული სახის საქონლის ამოღებას გულისხმობს. 2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ხოლო 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) ფორმირება. ეს მოვლენა – კონტინენტის 500 მლნ-იანი მოსახლეობის ბაზარში შესვლა – უდიდესი მნიშვნელობის ამოცანებს სახავს საქართველოს წინაშე და შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს მას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყორღანაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 436-437.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Hualingfiz.ge Free Industrial Zone