ზეღდულეთის ღვთისმშობლის დიდი ეკლესია

ზეღდულეთის ღვთისმშობლის დიდი ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის ცენტრში, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (11,8 X 7,5 მ). დგას ნატეხი და რიყის ქვის განიერ ცოკოლზე. ნაგებია კვადრატული აგურისა და ნატეხი ქვიშაქვის მონაცვლეობით. ეკლესიას დაზიანებული აქვს სახურავი, ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი და ცოკოლი. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ და დასავლეთ (გაუქმებულია) კედლებშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე განიერი სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს განიერი თაღოვანი ნიშებია. აფსიდის ჩრდილოეთ კუთხესთან კიდევ ერთი მცირე ზომის თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. გრძივი კედლები წყვილ-წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრების მარტივპროფილიან კაპიტელებზე დამყარებულია კამარის საბჯენი თაღები. სატრიუმფო და საბჯენი თაღები შეისრული ფორმისაა. ჩრდილოეთ კედელში აფსიდთან, ერთი სარკმელია. ორი შიგნიდან და გარედან თაღოვანი სარკმელი სამხრეთის კედლის განაპირა მონაკვეთშია. ინტერიერი შელესილია. იატაკი აგურისაა. ეკლესიის ფასადები დეკორირებულია შეღრმავებული სიბრტყეებით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების შუა, განიერი, სწორკუთხოვანი არე დასრულებულია ზემოთ აზიდული ვიწრო თაღოვანი მოხაზულობით. განაპირა, გაცილებით ვიწრო შეღრმავებებიც თაღოვანია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები დანაწევრებულია ოთხ-ოთხი სწორკუთხა შეღრმავებული სიბრტყით. დასავლეთ შესასვლელს ფასადის მხრიდან შემოვლებული აქვს აგურის ორმაგი, შეისრული ფორმის თაღი. კარის თავზე, კედლის სიბრტყეში შეღრმავებული, საფეხურებიანი ბაზისზე დაფუძნებული ჯვარია. შენობას შემოვლებული აქვს აგურის ხუთი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა. გადახურულია ბრტყელი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.