ზემო ყანდაურის ღვთისმშობლის ეკლესია
ზემო ყანდაურის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყანდაურის განაპირას, ნაზიაანთ უბანში. თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია რიყის წვრილი ქვით. კედლების საპირე წყობაში ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშორებული, აგურის ორ-ორი რიგით გამოყვანილი, ჰორიზონტალური შრეებია ჩართული; გარეთა კუთხეები და კარ-სარკმლების ღიობები მთლიანად აგურითაა ნაწყობი. შენობა დგას რიყის ქვით ნაწყობ ერთსაფეხურიან ცოკოლზე.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შიგნიდან და გარედან ბრტყელი თაღითაა გადახურული. ღიობში კი, ხის სწორკუთხა ალათაა ჩადგმული, რომლის ზემოთ დაჩენილი არე აგურის წყობითვეა შევსებული.
შიდა სივრცე ვრცელია, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია აფსიდით, რომელიც დარბაზის გრძივ კედლებს მხრების გარეშე შეერთვის. აფსიდს გეგმით არასრული, ნახევარწრის ფორმა აქვს და დარბაზის იატაკის მიმართ ოცდაათიოდე სანტიმეტრითაა შემაღლებული. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ჩრდილოეთ ბოლოსთან კი, ღრმა ნიშაა, რომელიც, როგორც ეს შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, თაღოვანი ყოფილა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს გრძივ კედლებში გაჭრილი კიდევ ორი თაღოვანი სარკმელი აშუქებს. სამივე სარკმლის თაღი, ისევე როგორც შესასვლელთა თაღები, შესაბამის ღიობს განით ოდნავ აღემატება, რის გამოც, თაღების ქუსლების დონეზე, დაახლოებით, 4-5 სანტიმეტრი სიგანის საფეხური იქმნება. სამივე სარკმელში ხის, სწორკუთხა ალათის კვალია შემორჩენილი. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი სარკმლის რაფა ხისაა, თარაზული. სარკმლის ქვეშ გამოყვანილია მისივე ტოლი სიგანის, ღრმა ნიშა. კიდევ ერთი, მაგრამ გაცილებით მცირე ზომის ნიშა, აფსიდის ჩრდილოეთ კიდესთანაა, იატაკიდან დაახლოებით 2,2 მეტრ სიმაღლეზე. სავარაუდოდ, ადრე მასში ჩასმული იყო წარწერიანი ქვა.
ნაგებობას აშკარად ეტყობა მოგვიანებით ჩატარებული რემონტის კვალი, რომლის დროსაც საკურთხევლის ბაქანი აუმაღლებიათ და რამდენადმე წინ წამოუწევიათ. დარბაზის იატაკი მოგებულია სხვადასხვა ზომის აგურით, მათ შორის უხვადაა პროფილირებული აგურები. აგურით ყოფილა მოგებული საკურთხევლის ბაქანიც. ხუროთმოძღვრული ნიშნებით ჩანს, რომ ეკლესია შიგნით ხის კამარით იყო გადახურული. რაც ამ პერიოდის ძეგლებში არცთუ ისე იშვიათია.
შენობას დასავლეთიდა ეკვრის სწორკუთხა გეგმის აგურით ნაგები კარიბჭე, რომელიც კედელს თითქმის მთელ სიმაღლეზე მიუყვება. იგი დასრულებული იყო ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდნით. კარიბჭის თავზე მოწყობილია სწკორკუთხა ბაქანი, რომელზეც დადგმული იყო აგურისავე, ოთხკუთხა ფანჩატური.
ეკლესიის ფასადები სადაა. მორთულობის ძირითადი ელემენტია აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, საფეხუროვან პოსტამენტებზე დაყრდნობილი ჯვრები, რომლებიც მუქი წითელი ფერით იყო დაფარული.
აღმოსავლეთ ფასადი საკურთხევლის სარკმლის გადამხურავი თაღის სიმაღლემდეა შემორჩენილი. კედელი დგას მთლიანად რიყის ქვით ნაწყობ ცოკოლზე. ფასადს მთელ სიგანეზე გასდევს ნაწყობი აგურის რამდენიმე ჰორიზონტალური შრე, რომლებიც თანაბრად ანაწევრებს კედლის ზედაპირს.
სამხრეთ ფასადი დანაწევრებულია აგურით ნაწყობი, პილასტრისმაგვარი ექვსი შვერილით, რომლებიც მას თითქმის მთელ სიმაღლეზე აუყვება და თანაბარი სიგანი შვიდ არედ ყოფს. დასავლეთიდან მეორე არეში შესასვლელია მოქცეული, მეოთხეში კი - სარკმელი.
დასავლეთ ფასადზე, კარიბჭის ორივე მხარეს, ერთიმეორის ზემოთ, განლაგებულია ორ-ორი შეღრმავებული ჯვარი. მათგან ქვედა ნაწილში განლაგებული ორივე ჯვარი დაყრდნობილია სამსაფეხუროვან პოსტამენტზე. აქვს ვიწრო, სამყურით დაბოლოებლი მკლავები და მუქი წითელი ფერითაა შეღებილი. ზედა ნაწილში განთავსებული ჯვრები კი, თითქმის ტოლმკლავაა. მათი მკლავები, ქვედა ჯვრების მკლავებთან შედარებით, ბევრად უფრო განიერია და სწორად მოხაზული ბოლოები აქვს. შეღრმავებული ნაწილი კი, წვერზე დაყენებული, კვადრატული ფიგურებითაა გაფორმებული.
ჩრდილოეთ ფასადი მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა მოღწეული. ფასადის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია განიერი, მაღალი სარკმელი, რომლის დასავლეთ კიდესთან ახლოს გამოყვანილია, სამსაფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი შეღრმავებული ჯვარი.
2012 წელს ეკლესია აღადგინეს. ინტერიერის გაწმენდის შემდეგ, აფსიდში, დასავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე, და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარში, გამოჩნდა ძველი ადრე ამ ადგილას არსებული ეკლესიის კედლების ნაშთები, რომლებიც განახლებული ეკლესიის კედლებშია ჩართული.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 104-106.