ზემო კოდისწყაროს სასახლე

ზემო კოდისწყაროს სასახლეარქიტექტურული კომპლექსი, მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 17 კმ-ში მდებარე სოფელ ზემო კოდისწყაროს ჩრდილოეთით, სასაფლაოსთან. თარიღდება XVI საუკუნით. კომპლექსის შემადგენლობაში შედის სასახლე, კოშკი, ეკლესია და რამდენიმე ნაგებობა.

კოშკი

1976 წელს, ძეგლზე არქეოლოგიური დაზვერვა ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის (იაე) ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).

სასახლის კომპლექსს 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება
 
სასახლის ნანგრევები

სასახლე გეგმით სწორკუთხაა (30 X 17 მ). ნაგებია ძირითადად აგურით. წყობაში გამოყენებულია რიყის ქვაც, რომლის რიგები აქა-იქ ენაცვლება აგურისას. კამარები და საბჯენი თაღები მთლიანად აგურით ყოფილა ნაწყობი. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის კედლების ნაწილები. სადგომები ორ მწკრივადაა განლაგებული. წინა მწკრივში ოთხი ოთახია, უკანაში — სამი. წინა მწკრივის ოთახები ბევრად უფრო ღრმაა. ოთხივეს გრძივი ღერძი მართობულია შენობის გრძივი ღერძისა. უკანა მწკრივის ოთახებიდან შუა ძლიერ დაგრძელებულია შენობის გრძივი ღერძის გასწვრივ, განაპირა ოთახები კი, თითქმის კვადრატულია. ყველა ოთახში ბუხარი და შეისრულთაღიანი ორსართულიანი ნიშებია. შემორჩენილია შეისრული საბჯენი თაღების ნაწილები. საბჯენი თაღები ორივე მწკრივის გრძელ დარბაზებში ერთმანეთისაგან არათანაბარი მანძილითაა დაშორებული, რომელთაგანაც განაპირებს, განივი კედლებიდან გადმოყვანილი ორ-ორი პერპენდიკულარი საბჯენი თაღი ერყწმის. კედლების ზედაპირის დამუშავება-მორთულობის არავითარი კვალი აღარ ჩანს. შენობის უკანა მწკრივის შუა ოთახის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარზე და აღმოსავლეთ კედელზე, კამარებს ზემოთ, შემორჩენილია რიყის ქვის სრულიად დაუმუშავებელი კედელი (სიმ. 1,7 მ). იგი ალბათ სხვენს ეკუთვნოდა.

 
კოშკის შესასვლელი
 
ქვის კიბე კოშკის შიდა კედელზე

კოშკი (8 X 7,6 მ) სასახლის აღმოსავლეთითაა 20-25 მეტრზე, ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი პირველ სართულზეა ჩრდილოეთიდან. ამ მეოთხე სართულზე თითო სარკმელია, ხოლო მესამეზე — ორი. ყოველ სართულზე თითო თაღოვანი ბუხარი და ოთხი-ექვსი სათოფურია, რომლებსაც გადახურვა და ძირი ჰორიზონტალური აქვს. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა, ორმაგი. კოჭების საყრდენ ბუდეებში შემორჩენილია მათი დანახშირებული ნაწილების ბოლოები. პირველი, მეორე და მესამე სართულები ერთმანეთს უკავშირდებოდა კედლებს აყოლებული ქვის კიბით, ხოლო მეოთხე სართულს — ხის მიდგმული კიბით. კოშკი შიგნით და გარედან შელესილია. გადახურული ყოფილა ორფერდა სახურავით. არქეოლოგიური დაზვერვების დროს აიკრიფა შორენკეცებისა და კრამიტის ნამტვრევები.

ეკლესია, დგას სასახლის აღმოსავლეთით, 100 მეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5.3 X7.6 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შიგნით და გარედან მობათქაშებული ყოფილა. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა, კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი და განივი კედლების ზედა ნაწილები. თითქმის მთლიანადაა დანგრეული გრძივი კედლები. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო პატარა სწორკუთხა ნიშია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 250-251.
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე, თბ., 2002