ზემო კაჭრეთის ელია წინასწარმეტყველის ეკლესია

ზემო კაჭრეთის ელია წინასწარმეტყველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

სამხრეთ-დასავლეთის ფასადი
სამხრეთ-აღმოსავლეთის ფასადი

შენობა გეგმით კვადრატულია, შედგება დარბაზული ეკლესიისა და მასზე სამხრეთიდან მიშენებული ეგვტერისგან. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. გარეთა კუთხეებში შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული,კედლების ზედაპირი ორიე მხრიდან ბათქაშითაა გასწორებული,რომელიც საპირე ქვების ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს.შიგნით კედლები კირითაა შეთეთრებული. XX საუკუნის 80-იან წლებში, სოფლის მოსახლეობამ ეკლესია აღადგინა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს ფრონტონები დააშენეს და ეკლესია ეგვტერთან ერთად, ხის ძელებზე გამართული კრამიტის ორკალთა სახურავით გადახურეს.ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი ეგვტერის სამხრეთით კედელშია მოწყობილი. კარი გარედან თაღოვანია,შიგნით ხის ძელებით ბრტყლადაა გადახურული, ხოლო წირთხლები და გადახურვა რემონტის დროინდელია.ეკლესიის დარბაზი თითქმის კვადრატულია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ოდნავ ნალისებრი აფსიდით, რომლის იატაკი დარბაზის იატაკიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრითაა შემაღლებული აფსიდის ღერძზე. იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრ სიმაღლეზე გაჭრილია გარეთკენ დავიწროებული, ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელი. აფსიდის გვერდებში თითო სწორკუთხა ნიშაა,ხოლო სარკმლის ქვემოთ კედელზე ცემენტის ხსნარით შელესილი, დაბალი ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. დარბაზის სამხრეთის კედლის შუაში ეგვტერიდან შემოსასვლელი კარია,რომელიც ტიმპანითაა გადახურული და ორივე მხრიდან თაღოვანია. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის შუაში ორსაფეხურიანი პილასტარია რომელსაც წინა საფეხურს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა.გვერდითებს კედლის ყრუ თაღები. თაღების დასავლეთით წყვილის დასაყრდნობად დასავლეთ კუთხეებში მოწყობილია თითო ერთსაფეხურიანი პილასტარი. კამარის საბჯენი თაღი სამხრეთით კრონშტაინზე იყო დაყრდნობილი, რომელიც ეკლესიის შესასვლელის თავზეა.ეკლესიის ძველი ნაწილი საკურთხევლის სარკმლის გადახურვის დონემდეა შემორჩენილი, რის გამოც კედლების ზედა ნაწილების აღნაგობა არ ირკვევა. აფსიდის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს გასდევს ნაკერი რის ზემოთ კედელი ოდნავ სქელია და ქვედა ნაწილის მიმართ დაახლოებით 2 სანტიმეტრითაა გადმოშვერილი. იატაკი მიწატკეპნილია. ეგვტერი ეკლესიის თანადროულია და მას წყობით უკავშირდება. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია. ნახევარწრიული აფსიდით, რომლეშიც ბრტყლად გადახურული, თითქმის პარალელურწირთხლებიანი სარკმელია გაჭრილი, ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთის კედლის ზედა ნაწილშიცაა.

ლიტერატურა

რედაქტირება