აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ზემო აფხაზეთი)

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ცენტრალური აჟარა.[2] მდებარეობს კოდორის ხეობაში. 2006 წელს შეიქმნა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. მისი მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 1500 ადამიანს. 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე მისი მთავარი სოფელი, ჩხალთა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის სამყოფელს წარმოადგენდა.[3] 2008 წლიდან, კოდორის ხეობის ბრძოლის შემდეგ, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[4][5] მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია აღარ იყო საქართველოს მიერ კონტროლირებადი, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა მუნიციპალური სტატუსი სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის ადმინისტრაციულ დაყოფაში რაიმე ცვლილების არ აღიარების ნიშნად. დევნილი მუნიციპალური მთავრობის ამჟამინდელი დროებითი ადგილი თბილისია.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
ადმ. ცენტრი ცენტრალური აჟარა
კოორდინატები 43°06′23″ ჩ. გ. 41°44′08″ ა. გ. / 43.106417° ჩ. გ. 41.735556° ა. გ. / 43.106417; 41.735556
მმართველი მევლუდ ჯაჭვლიანი[1]
დაარსდა 2006
ფართობი 2540 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1500 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
ოფიციალური საიტი zemoapkhazeti.ge
300
300
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი
ზემო აფხაზეთის რუკა
ზემო აფხაზეთის მუნიციპალური საზღვარი კოდორის ხეობაში (2007 წ.)

2012 წლის 4 მაისს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულომ №6 დადგენილებით დაამტკიცა: აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიმბოლოები – გერბი და დროშა.[6]

ტერიტორიული ერთეულები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 24 ტერიტორიული ერთეულია:[7]

  1. ომარიშარა-გვანდრა — გვანდრა, ზემო ომარიშარა, ქვემო ომარიშარა;
  2. გენწვიში-ხუტია — მარცხენა გენწვიში, მარჯვენა გენწვიში, ტვიბრაშერი, ხუტია.
  3. აჟარა — ბრამბა, ზემო აჟარა, ნაჰარი, ქვემო აჟარა, ცენტრალური აჟარა, ხეცქვარა;
  4. ჩხალთა — აძგარა, ბუჩუყური, ბუძუგური, ზემო ზიმა, მარცხენა პტიში, მარჯვენა პტიში, ქვაფჩარა, ქვემო ზიმა, შაფათკვარა, ჩხალთა;
  5. საკენი — საკენი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ხეობა დასახლებული იყო ძირითადად ეთნიკური ქართველებით (სვანები), რომლებიც აქ XIX საუკუნის 80-90 წლებში დასახლდნენ.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცვალებადობა 1994 წლიდან 2008 წლამდე.[8]
1994 1995 1996 1997 1998 1999 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008
2.013 2.011 2.008 1.997 1.990 1.983 1.974 1.965 1.633 1.611 1.587 1.565 1.538 1.520 1.497

გეოგრაფია

რედაქტირება

ზემო აფხაზეთი მდებარეობს დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, მდინარე კოდორის ხეობის ზედა წელზე, სათავეებიდან 40 კილომეტრის მანძილზე. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი. საზღვარი გადის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭუბერის უღელტეხილიდან მარუხის უღელტეხილამდე, დაახლოებით 80-90 კმ. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტი. სამხრეთიდან ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები (საზღვარი კოდორის ქედს მიჰყვება თითქმის მის შუა წელამდე), სამხრეთ-დასავლეთიდან კი – გულრიფშის მუნიციპალიტეტის ლათის საბჭოს ტერიტორია, შემდეგ საზღვარი აფხაზეთის ქედის გასწვრივ გრძელდება სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით და კავკასიონის მთავარ ქედთან ისევ შეერთებამდე, მცირე მონაკვეთზე, დასავლეთიდან ესაზღვრება სოხუმის მუნიციპალიტეტს. ზემო აფხაზეთი მოიცავს მდინარე კოდორის ოთხი (აძგარის, ყულუჩის, გვანდრისა და საკენის) დიდი შენაკადების აუზებს.

აჟარის მუნიციპალიტეტი აფხაზეთის ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს შეადგენს და მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობისაა აფხაზეთის მიერ კონტროლირებად დედაქალაქ სოხუმთან და რეგიონის სხვა მნიშვნელოვან ქალაქებთან სიახლოვის გამო. ასევე, დღემდე კარგადაა შემორჩენილი ძველად აშენებული და რუსეთის მეფე ნიკოლოზ II-ის მიერ აღდგენილი საქარავნო გზა, მიმავალი ქლუხორის უღელტეხილზე. ხეობაზე გადის უმოკლესი გზა, ჩრდილოეთიდან შავ ზღვაში გასასვლელად.

ტერიტორიის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 600 მეტრზე (სოფელი ჩხალთა), ხოლო უმეტესი ნაწილი 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე. აქაურობა ხასიათდება ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 1800-2000 მმ-ს აღწევს. თოვლის საფარველი ზამთარში 1,5-2 მეტრია. ზამთრის პერიოდი გრძელდება, ჩვეულებრივ, ხუთ თვეს – ნოემბრიდან მარტის ჩთვლით. საშუალო ტემპერატურა ამ დროს -6 - -9 გრადუსის ტოლია. ზაფხული შედარებით რბილია. საშუალო ტემპერატურა ივლისში 15-20°C–ს შეადგენს.

ცენტრალური აჟარადან დანარჩენ აფხაზეთთან არის ერთი დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა შ 10 გულრიფშამდე, რომელსაც ასევე უწოდებენ „სოხუმის სამხედრო გზას“. ეს გზა სოხუმსა და ჩხალთას შორის გულრიფშის გავლით 1898-1903 წლებში აშენდა. [9] აღმოსავლეთით, გზა გრძელდება რუსეთის საზღვრამდე, ქლუხორის უღელტეხილამდე (სიმაღლე ზღვის დონიდან 2782 მ.). მისი განშტოება კი საკენის გავლით, ხიდას უღელტეხილით, სვანეთში გადადის.

1992 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ 2008 წლამდე აჟარის მუნიციპალიტეტი იყო საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორია ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში. 2000-იან წლებში ამ ტერიტორიის აღსანიშნად გაჩნდა ტერმინი ზემო აფხაზეთი, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა ქართველი ოფიციალური პირებისა და მედიის მიერ 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში ქართული ძალების წარმატებული ოპერაციიდან, რამაც რეგიონში ქართული წარმომადგენლობა უფრო გაამყარა.[10] მანამდე საქართველოს მთავრობა ახორციელებდა ძალიან თავისუფალ კონტროლს კოდორზე. ტერიტორიას ძირითადად მართავდა, 1994 წლიდან, ადგილობრივი მეომარი ემზარ კვიციანი. 2006 წელს საქართველოს პოლიციის ოპერაციების შედეგად დაიძრნენ აფხაზეთის სეპარატისტული ძალები, რომლებიც მანამდე ვერანაირად ვერ აღწევდნენ კოდორის ხეობაში.

2006 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის აფხაზი მეამბოხეების და მათი მოკავშირეების მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან (1993) დაცემის 13 წლისთავზე, კოდორის ხეობას და საქართველოს მიერ მართულ მიწებს ოფიციალურად ეწოდა ზემო აფხაზეთი და გამოცხადდა აფხაზეთის „დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად“ და აფხაზეთის დე იურე ხელისუფლების შტაბ-ბინად.[11] აფხაზეთისა და რუსეთის პროტესტის მიუხედავად, იმავე დღეს საქართველოს დედაქალაქ თბილისის მაღალი რანგის დელეგაციამ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, დე იურე მთავრობის ახალი ოფისის ინაუგურაცია მოახდინა.[12]

გაეროს სადამკვირვებლო მისიის, UNOMIG-ის ცნობით, თბილისში მთავრობამ ზემო აფხაზეთში 250 ფორმიანი ოფიცერი განათავსა, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაურობით იმყოფებოდნენ. 2006 წლის 2 სექტემბერს ეს ტერიტორია უკვე საქართველოს ახალ საარჩევნო ოლქად იქცა. თბილისმა განაცხადა, რომ სურდა ზემო აფხაზეთის ინფრასტრუქტურის გაფართოება ახალი სკოლებით, საავადმყოფოებითა და პოლიციის განყოფილებებით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ჩატარდა ძირითადი სარეაბილიტაციო პროგრამა, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააფუძნა ზემო აფხაზეთის საარჩევნო ოლქი, რითაც ამ ტერიტორიის მოსახლეობას საქართველოს ისტორიაში პირველად ნება დართეს მონაწილეობა მიეღო 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.[13]

2006 წლის 13 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭომ გაეროს უშიშროების საბჭოს 1716 რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს გაეყვანა სამხედრო ნაწილები რეგიონიდან. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ ზემო აფხაზეთში ფორმიანი თანამშრომლები პოლიციელები იყვნენ. UNOMIG-მა შემდგომში გადაამოწმა რამდენიმე ქართველი ფორმიანი ოფიცრის ვინაობა ზემო აფხაზეთში და სამხედრო ნაწილებთან კუთვნილების დადგენა ვერ მოხერხდა.

2006 წლის 25 ოქტომბერს, აჟარაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კოლონაზე , რომელიც პოლიციის დანაყოფების შესამოწმებლად იყო მისული.

2007 წლის 11 მარტს ჩხალთაში დევნილი აფხაზეთის მთავრობის შტაბი დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეობდა სამი სამხედრო ვერტმფრენი, რომლებიც ზემო აფხაზეთში რუსეთის საჰაერო სივრციდან შევიდა. UNOMIG-ის, დსთ-ს სამშვიდობოების (CISPKR) და საქართველოსა და აფხაზეთის წარმომადგენლების საგამოძიებო კომისია ცდილობდა დაედგინა, ვინ იდგა თავდასხმის უკან.

2008 წლის 9 აგვისტოს ზემო აფხაზეთის სოფლები საკენი და ქვაფჭარა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს. სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების ცნობით, ეს იყო აფხაზური საბრძოლო თვითმფრინავები. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს რუსული თვითმფრინავები იყო.

2008 წლის 12 აგვისტოს, 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომის დროს, მოიერიშე თვითმფრინავებისა და რუსული ჯარების მხარდაჭერით, აფხაზურმა ძალებმა კოდორის ხეობის ბრძოლაში კონტროლი მოიპოვეს ზემო აფხაზეთზე. ჩამოხსნეს საქართველოს დროშა ჩხალთაში მთავრობის შენობაზე. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, შემდგომში ყველა ძირძველი ქართველი კოდორის ხეობიდან გააძევეს. დევნილობაში მყოფმა აფხაზეთის ხელისუფლებამ წინა დღეებში დატოვა ჩხალთა.

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ადგილსამყოფელი

რედაქტირება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 2006 წლის 27 სექტემბერს, აღნიშნულ ტერიტორიას ზემო აფხაზეთი დაარქვა. სწორედ ამ დღეს, 1993 წელს სეპარატისტებმა სოხუმიდან გააძევეს დევნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ჩხალთაში გადაასახლეს. ამ დროს ჩხალთა საქართველოს ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა. საქართველოში დიპლომატიური მისიების წევრებს, რომლებსაც სურდათ სოხუმის სეპარატისტული მთავრობის მონახულება, ჯერ ჩხალთაში დევნილ მთავრობას უნდა წვეოდნენ.

ამჟამად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური მდებარეობს სოფელ დიღომში, როსტევანის ქ. №57-ში.[14]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ზემო აფხაზეთი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ციტირების თარიღი: 26 ივნისი 2016
  2. ზოგადი ინფორმაცია. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-15. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2024
  3. გაეროს რეზოლუცია აფხაზეთის შესახებ, აპრილი 2004
  4. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
  5. Trend News : Abkhazia says it controls most of Kodori Valley. ციტირების თარიღი: 2008-08-22
  6. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (12 მაისი, 2012). ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2025
  7. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
  8. მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით
  9. რუს. აფხაზეთის ისტორია
  10. საქართველოს საგარეო საქამეთა სამინისტრო - პრეს-რელიზი. ციტირების თარიღი: 2006-10-01
  11. Georgia Today on the Web
  12. თბილისი კოდორს აქცევს აფხაზეთის დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად, სივილ ჯორჯია, 2006 წლის 27 სექტემბერი.
  13. საქართველოს ისტორიაში პირველად კოდორის ხეობის მოსახლეობა წარმომადგენლობით ორგანოს აირჩევს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი, 2006 წლის 3 სექტემბერი.
  14. ოფიციალური საიტი - კონტაქტი