ზედაჯვრის ეკლესია

ზედაჯვრის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, პატარა ბორცვზე თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია (19,5 X 5 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია ტუფიც. გარედან და შიგნიდან ტიმპანიანი არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ორი საფეხურით შემაღლებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - სწორკუთხა ნიშები. საკურთხევლის წინ იდგა წითელი ტუფით ნაწყობი ორნამენტიანი კანკელი. აფსიდში დგას ქვიშაქვის სატრაპეზო ქვა, რომელზეც ჯვარია ამოკვეთილი. სატრიუმფო თაღი სწორკუთხა ქვის კაპიტელებს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით. დარბაზი გადახურულია ნატეხი ქვის ცილინდრული კამარით. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე სარკმლებს ტუფის ქვის საპირეები აქვს. დასავლეთ ფასადზე, ოთხი მეტრის სიმაღლეზე ჩასმულია წარწერიანი ქვა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი ერთ დიდ მწვანე ტუფის ქვაშია გამოკვეთილი და ზედ ჯვრის რელიეფია გამოსახული. ეკლესიას სამხრეთით მინაშენიც ჰქონია.

მოხატულობა

რედაქტირება

აფსიდში შემორჩენილია ეკლესიის თანადროული მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. მოხატულობა მოწითალო-მოყავისფრო ხაზით ორ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის ფეხები, ორი ექვსფრდედი და მარგალიტებით შემკული, ორი ერთმანეთზე შედგმული, დიდი ზომის ფეხსადგომი. ქვედა რეგისტრში, მედალიონებში წარმოდგენილია ოთხი მოციქულის წელზედა გამოსახულება. სარკმლის ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულ წმინდანს ხელში წიგნი უჭირავს. წმინდანთა ფიგურებს შორის დატოვებული თავისუფალი მონაკვეთები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ქვემოთ გეომეტრიული ორნამენტის ზოლი გასდევს. მხატვრობის კოლორიტს ქმნის მოწითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ყვითელი ფერები.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.