ზაბულონი და სოსანა
ღირსი ზაბულონი და სოსანა — წმინდა მოციქულთასწორი ნინოს მშობლები (IV). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე ახალი სტილით 2 ივნისი (20 მაისი).
ზაბულონი და სოსანა | |
---|---|
წმინდა ზაბულონი და სოსანა, წმინდა ნინოს მშობლები იყვნენ.
წმინდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. წმინდა ზაბულონის მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმინდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმინდა დიდმოწამე გიორგი წმინდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმინდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა „კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი“ და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს „მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს“, შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს.
წმინდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა იმპერატორს სთხოვა შეესრულებინა ტყვეთა ბოლო სურვილი. სიკვდილმისჯილებს „მისცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბულონისა“. წმინდა ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და იმპერატორმა მიჰმადლა მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.
წმინდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმინდა ნათელს. IX საუკუნის უცნობი ქართველი ჰიმნოგრაფი წმინდა ნინოს შესხმისას წერს: „ზაბულონ მამამან მისმან ფრანგნი უკუე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინო მოაქცივნა ქართველნი, ჯვრითა ცხოველითა“.
წმინდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმინდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ფრანგთა „მამასა და ემბაზს“, „ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ“ ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმინდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ „მსახურებასა შინა გლახაკთასა“.
როდესაც ნინო თორმეტი წლის გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, „სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან“. წმინდა სოსანა - „დედა იგი წმიდა ნინოსი მისცა პატრიარქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“. ცნობა წმინდა ნინოს მშობლების შესახებ მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახა.
1996 წლის 10 (23) დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება:
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ!
ქართველი ერის განმანათლებლის, წმინდა ნინოს მშობლები, ზაბულონ და სოსანა, ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოება და მრავალნი ეწამებოდნენ ქრისტესთვის, იყვნენ დაუფარავი აღმსარებელნი ჭეშმარიტი ღმერთისა და ნათლისმცემელ მრავალთა, შემდგომად კი, დაუტევეს რა ყოველი მონაგები, შეუდგნენ ღმერთსა, ზაბულონ - უდაბნოსა შინა, ხოლო სოსანა - გლახაკთა მსახურებასა შინა.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი განაჩინებს, რათა წმინდა ნინოს მშობლები მოციქულთა სწორის აღზრდისათვის და ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის შერაცხილ იქნენ წმინდანთა დასში და ეწოდოთ: ზაბულონს - ღირსი მამა ზაბულონი და სოსანას - ღირსი დედა სოსანა“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.