ვულკანური სარტყელი
ვულკანური სარტყელი, ვულკანოგენური სარტყელი — ვეებერთელა ვულკანური რეგიონი. წარმოადგენს დედამიწის აქტიური ზონის ნაწილს, რომელიც ვულკანების წარმოშობის ტენდენციას ამჟღავნებს. მის შემადგენლობაში კონტინენტური კიდის განსაზღვრულ ზონებსა და ოკეანეების ფარგლებში განლაგებულია ვულკანები და მათი მოქმედების პროდუქტები. გეგმაში თითქმის სწორხაზოვანი ან რკალისებრი ტერიტორია გადაჭიმულია ასეულ და ათასეულ კმ-ზე. გავრცელებულია უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურების (700–1400°C) ზონების თავზე, სადაც მაგმა წარმოიქმნება მყარი მასალის ნაწილობრივი დნობის შედეგად დედამიწის ქერქსა და ზედა მანტიაში. ასეთი არეები ჩვეულებრივ ყალიბდება ტექტონიკური ფილების გასწვრივ 10–50 კმ-ის სიღრმეში.[1]
გამოიყოფა ახალგაზრდა ვულკანური სარტყელი მოქმედი და კარგად შენახული ახლახან ჩამქრალი ვულკანებითა და ძველი ვულკანური სარტყელი ვულკანური ქანების განვითარების მარკირებული ფართობებით, რომელიც დანგრეული ვულკანების ნარჩენს წარმოადგენს. ეროზირებულ ვულკანურ სარტყლებში ვულკანურ ქანებთან მჭიდროდაა ასოცირებული გრანიტები, დიორიტები, მონცონიტები და სხვა ამგები ინტრუზიული მასივები, რის შედეგადაც ვულკანურ სარტყელს უწოდებენ ვულკანურ-პლუტონურს. ვულკანური სარტყელი ჩვეულებრივ მიბჯენილია სხვადასხვა სახისა და ასაკის მსხვილი გეოლოგიური სტრუქტურების შეერთების ზონებს. წარმოიქმნება სუბდუქციურ და კოლიზიურ გარემოებაში.[2]
სუბდუქციურ გარემოებაში ჩამოყალიბებულ ვულკანურ სარტყლებს შორის გამოიყოფა აქტიური კონტინენტური კიდის სტრუქტურული ელემენტები — კიდურ-კონტინენტური და კუნძულრკალური. კიდურ-კონტინენტურ ვულკანურ სარტყლებს მიეკუთვნება ახალგაზრდა აღმოსავლეთ კამჩატკისა და ანდების სარტყელი, გვიანმეზოზოური ოხოტ-ჩუკოტკის, აღმოსავლეთ სიხოტე-ალინის, აღმოსავლეთ აზიის სარტყლები და სხვა; კუნძულრკალურს — კურილისა და ალეუტის კუნძულთა რკალების ვულკანური სარტყლები და სხვა.[3]
კუნძულრკალურ ვულკანურ სარტყლებს განფენილობის მხრივ, ხშირად ენაცვლება კიდურ-კონტინენტური. მსოფლიოში უდიდესი ახალგაზრდა კუნძულრკალური და კიდურ-კონტინენტური ვულკანური სარტყლის სისტემაა წყნაროკეანური ცეცხლოვანი რკალი, რომლის სიგრძეა 40,000 კმ,[4] ხოლო სიგანე დაახლოებით 500 კმ.[5] კოლიზიური ვულკანური სარტყლის მაგალითია სომხეთის კაინოზოური სარტყელი და გვიანდელმეზოზოური სვიატოინოს-ოლოის სარტყელი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში.[3]
საბჭოთა გეოლოგიურ ლიტერატურაში „ვულკანური სარტყელი“ საყოველთაო ფორმულირების არარსებობის გამო ფართო გაგების ტერმინი იყო.[6] პროფესორმა ალექსეი ბოგდანოვმა გამოყო კიდური ვულკანური სარტყელი. ჰენრი უილიამ მენარდის მიხედვით, ვულკანური სარტყელი წარმოადგენს შიგაოკეანური ბაზალტური შედგენილობის ვულკანური კუნძულების ხაზობრივად გაჭიმულ არქიპელაგს. ცხელი ლაქების გარემოებაში წარმოქმნილი ვულკანური სარტყელი ხანგრძლივი დროს განმავლობაში აქტიური ვულკანიზმის ზეგავლენის ქვეშაა, რომელსაც ვულკანურ ჯაჭვს უწოდებენ. კანადელმა გეოლოგმა ჯონ ტუზო უილსონმა 1963 წელს წამოაყენა მოსაზრება, რომ ჰავაის კუნძულების მსგავსი ვულკანური ჯაჭვები ტექტონიკური ფილების ნელი მოძრაობის შედეგია.[7]
რეგიონის ვულკანური აქტივობა დამოკიდებულია ენერგოგადატანის მასშტაბზე. ვულკანური სარტყლების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყალიბდება ვულკანური წარმონაქმნების განსაზღვრული გენეტიკური ტიპი. ამასთან, წარმოიქმნება ვულკანურ-ტექტონიკური სტრუქტურები, რომლებიც განპირობებულია, როგორც პროგრესული, ისე რეგრესული თბომასაგადატანით. თანამედროვე ვულკანები წარმოქმნილია სწორედ ვულკანური სარტყლების ფარგლებში.[8]
ვულკანური სარტყლის მაგალითებია: ენაჰაიმის ვულკანური სარტყელი, განივი ვულკანური სიერა, ანდების ვულკანური სარტყელი და სხვა.[3] ვულკანური მოქმედების შედარებით მცირე ტერიტორიას ეწოდება ვულკანური მინდორი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ James H. Marsh. The Canadian encyclopedia. Volume 4. Hurtig Publishers, 1988
- ↑ Геологическое картирование вулкано-плутонических поясов. М.; СПб., 1994.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Большая российская энциклопедия | Вулканический пояс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-09. ციტირების თარიღი: 2022-06-09.
- ↑ The “Ring of Fire” is a string of underwater volcanoes and earthquake sites around the edges of the Pacific Ocean.
- ↑ Stern, Robert J.; Bloomer, S. H. (2020). "Subduction zone". Access Science. doi:10.1036/1097-8542.757381
- ↑ Пущаровский Ю.М. Введение в тектонику Тихоокеанского сегмента Земли. Наука, Москва, 1972 г., 228 стр.
- ↑ United States Geological Survey | Hotspots: Mantle thermal plumes pubs.usgs.gov.
- ↑ Святловский А.Е. Структурная вулканология. Недра, Москва, 1971 г., 232 стр.