ვირის ხიდი
ვირის ხიდი — ისტორიულ ძველ თბილისში, მდ. მტკვარზე გადებული საცალფეხო ხიდების პოპულარული სახელი.
XIX-XX სს. თბილისში თითქმის ერთდროულად ორი ვირის ხიდი არსებობდა. პირველი მათგანი მტკვრის ქვედა დინებაში არსებულ, ხილ-ბოსტნეულის ბაღებით ცნობილ ორთაჭალის კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა. ეს იყო კოფოებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი, რომელზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებს გადაჰქონდათ. ამიტომ შეარქვეს მას თბილისელებმა ვირის ხიდი. მტკვრის სანაპიროების მშენებლობის შედეგად მდინარის ტოტი მოისპო, კუნძული გაქრა და ხიდიც დაანგრიეს.
შემდგომში სახელი „ვირის ხიდი“ გავრცელდა ძველ მეტეხის ხიდზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. 1870 წელს მეტეხის კლდე მარჯვენა სანაპიროს ორი ხიდით დაუკავშირეს. ერთი ლითონის ხიდი ახლანდელი, 1951 წ. აშენებული ორმალიანი რკინაბეტონის ხიდის ადგილზე მდებარეობდა. მეორე, უფრო მცირე, ასევე ლითონის კონსტრუქციის ხიდი მის მახლობლად. დიდზე, რომელსაც ავლაბრისა ერქვა, ურმები, ეტლები და იმ დროის სხვა ტრანსპორტი მოძრაობდა, პატარაზე კი — მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები და ამიტომ ვირის ხიდს უწოდებდნენ. 1951 წელს ახალი ხიდის გახსნის შემდეგ ვირის ხიდი აიღეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 40-41. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985