ვილანები
ვილანები (გვიანდ. ლათ. villani < ლათ. villa – კარ-მიდამო, მამული) — შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში ფეოდალზე დამოკიდებული გლეხობის სხვადასხვა კატეგორია. 1. საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ვილანების კატეგორიები IX-X საუკუნეებში ჩამოყალიბდა. სხვა კატეგორიის გლეხებთან შედარებით ვილანები იურიდიულად და ქონებრივად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ. მათი პირადი ვალდებულებანი მემკვიდრეობით არ გადადიოდა, შეეძლო საკუთრების გასხვისება და სხვა (XIII-XIV საუკუნეებში მრავალი სერვი ვილანად აქცია). XIII-XV საუკუნეებში ტერმინი „ვილანი“ მთელი გლეხობის აღმნიშვნელი ერთ-ერთი კრებითი სახელი გახდა. 2. ინგლისში ვილანის ინსტიტუტი იურიდიულად XII საუკუნის შუა ხანებისთვის გაფორმდა. აქ იგი ფეოდალური დამოკიდებულების ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენდა. ვილანებს ეკისრებოდათ ნებისმიერი ვალდებულებანი („ლორდის სურვილის მიხედვით“): მძიმე საბატონო ბეგარა, მკაცრად ჰქონდათ შეზღუდული ნადელიდან წასვლის უფლება და ა.შ. XV-XVI საუკუნეებში ვილანური მფლობელობა შეიცვალა კოპიჰოლდით და ვილანი როგორც იურიდიული კატეგორია მოისპო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 408-409.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვილანები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია დაარქივებული 2014-02-27 საიტზე Wayback Machine. (რუსული)