ფრანსუა ვიიონი

(გადამისამართდა გვერდიდან ვიიონი, ფრანსუა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფრანსუა ვიიონი (François Villon, დ. 1431, პარიზი1463) — ფრანგი პოეტი.

ფრანსუა ვიიონი
ფრანგ. François Villon
დაბადების თარიღი 1431[1]
დაბადების ადგილი პარიზი[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 1463[3]
გარდაცვალების ადგილი საფრანგეთი
საქმიანობა პოეტი[4] , ლირიკოსი და მწერალი[5]
ენა საშუალფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
Magnum opus Ballade des pendus, Le Testament და Épître à Marie d'Orléans

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვიიონზე ბიოგრაფიული ცნობები არც თუ ისე თანმიმდევრული სახითაა შემონახული. სახელი ვიიონი აიღო თავისი პროტექტორის, გიიომ დე ვიიონისგან. ამ უკანასკნელმა მოაწყო იგი სასწავლებლად პარიზის უნვერსიტეტში. მაგრამ ფრანსუა არ გამოირჩეოდა სწავლისადმი ინტერესით.

 
ფრანსუა ვიიონი(მეტრ ფრანსუა ვიიონის დიდი ანდერძი, 1489)

სტუდენტობის პერიოდში იგი დაკავშირებული აღმოჩნდა ერთ-ერთი აბატის მკვლელობასთან და იძულებული გახდა დაეტოვებინა პარიზი. ერთი წლის შემდეგ აპატიეს დანაშაული და დედაქალაქში დაბრუნდა. თუმცა სულ მალე, შობა დღეს, მონაწილეობა მიიღო ნავარის კოლეჯის ძარცვაში და ისევ პროვინციაში მოუწია გაქცევა. იგი დაპატიმრებულ იქნა ორლეანის ეპისკოპოსის მიერ, მაგრამ ლუი XI-მ შეიწყალა და გაათავისუფლა. ამ პერიოდში იწერება მისი მთავარი ნაწარმოები - დიდი ანდერძი. პარიზში დაბრუნებულს ისევ ქურდობისთვის აპატიმრებენ და 10 წლით უკრძალავენ დედაქალაქში ჩასვლას. ამის შემდეგ ვიიონის კვალი ქრება და მის ცხოვრებაზე მონაცემები აღარ არსებობს.

შემოქმედება

რედაქტირება

ვიიონის შემოქმედებამ ჩვენამდე XV საუკუნეში გამოცემული ფრაგმენტებისა და ხელნაწერების წყალობით მოაღწია. მის ძირითად ნაწარმოებებეად ითვლება მცირე და დიდი ანდერძი.

მცირე ანდერძი დაწერილია ნავარის კოლეჯის ძარცვის ღამეს და წარმოადგენს გამოსალმებას, რადგან ავტორი დიდი ხნით აპირებს გამგზავრებას. ბოროტი, უსულგულო ქალის მიერ ხელნაკრავი პოეტი იძულებულია გაემგზავროს და მთელ თავის ქონებას უტოვებს ნაცნობებს. ეს არის ერთგვარი ბურლესკური ანდერძი, სადაც მოცემულია დახვეწილი კარიკატურები და ძლიერი სატირა იმდროინდელი საზოგადოებისა. ხშირად გულში ჩამარხული ბოღმა და წყენა ხუმრობაშია შერეული, აგრესიულობა კი მხიარულების საფარქვეშაა გახვეული. დიდი ანდერძის სქემა იგივეა, მაგრამ პოეტის დამოკიდებულება იცვლება. აქ იგი თითქოს ინანიებს შეცდომებს, შურს ამხანაგების,რომლებმაც ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს, მადლიერებას გამოხატავს კეთილისმყოფების მიმართ. აღიარებს სიკვდილის წინაშე შიშს და, საბოლოოდ, ცინიკურად სთხოვს ყველას შენდობას.

თემატიკა

რედაქტირება

ვიიონის პოეზიაში ძირითადად 4 თემა გამოიყოფა:

1. უზრუნველი ცხოვრების სურვილი: პოეტი უბედურია იმით, რომ დაიბადა ღარიბი და დაჰყვა უზრუნველი ცხოვრების სიყვარული. შურს მდიდრების.

2. სიკვდილის თემა: ვიიონის აზრით სიკვდილი უზენაესი კანონია, რომელსაც ყველა ემორჩილება და რომელიც საიდუმლო ცხოვრების კარს აღებს, რაც თავისთავად სევდას იწვევს.

3. რელიგიური გრძნობა: მიუხედავად არეული ცხოვრებისა მას არ დაუკარგავს რწმენა. ყველაზე რთულ წუთებში იგი ქრისტეს და წმინდა მარიამს მიმართავს.

4. ახლობლებისადმი თანაგრძნობა: პოეტმა საკმაო ტანჯვა გამოიარა მაგრამ არ შესძულებია ადამიანი. პირიქით, მისი აზრით ადამიანებს აერთიანებთ საერთო ტანჯვა რაც მათ თანასწორთ ხდის.

დიდ ანდერძში შეტანილია ბალადები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ბალადა წარსული დროის ქალბატონებზე.

ვიიონის თხრობის ტონი ცვალებადია: სერიოზულ ტონს სარკაზმი მოსდევს, სიძულვილით სავსე, უხეშ ტონს - პატიების თხოვნა და ბოლოს ყველაფერი ცინიზმით მთავრდება.

ვიიონს არასოდეს აურჩევია თავისი ნაწარმოებებისთვის ირეალური და იდეალური საფარი, როგორც ამას იმ პერიოდში გავრცელებულ კურტუაზიულ პოეზიაში ვხვდებით. მის გრძნობებს ყოველთვის თან სდევს რეალური სურათები. არ ერიდება რეალურად აღწეროს ის სამყარო, რომელიც ერთდროულად უყვარს და სძულს კიდეც. სწორედ ამ პიროვნული რეალიზმით წარმოდგება იგი როგორც პირველი "თანამედროვე" და ამასთანავე შუა საუკუნეების უკანასკნელი დიდი პოეტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118627066 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Archivio Storico Ricordi — 1808.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. The Fine Art Archive — 2003.
  5. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანსუა_ვიიონი“-დან