ვახტანგ გეგელაშვილი

ვახტანგ ვახტანგის ძე გეგელაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1937, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 27 სექტემბერი, 1993, სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო მოხელე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წევრი (1993). სოხუმის დაცემის შემდეგ მოკლეს აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფების წევრებმა.

1962 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1976–1990 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანაშემწედ. 1992 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე და პრეს-ცენტრის წევრი. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს, ჟიული შარტავასთან ერთად აიყვანეს ტყვედ და დახვრიტეს.[1] მისი ნეშტის იდენტიფიცირება და აფხაზეთიდან გადმოსვენება მოხდა 2017 წელს. დაკრძალულია ქ. რუსთავში. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.[2]

  1. ვახტანგ გეგელაშვილი დაარქივებული 2021-06-22 საიტზე Wayback Machine. . „მოლოდინი“ — უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი.
  2. დაბრუნება სოხუმიდან 24 წლის შემდეგ. რადიო თავისუფლება, RFE/RL. ოქტომბერი 17, 2017.