ვაშლოვანის კოშკი „სალხინო“ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ვაშლოვანის მახლობლად მდებარეობს შუა საუკუნეების კოშკი, რომელიც საბრძოლოდ არასდროს არ ყოფილა გამოყენებული.

1811 წელს აშენებული ვაშლოვნის კოშკის ქტიტორად დაცული წარწერების მიხედვით გვევლინება რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი თამაზ ორბელიანი, ხუროთმოძღვრად — ვინმე ოსტატი გიორგი.

გეგმით მრგვალი კოშკი ნაშენია რიყის ქვითა და აგურით, აღჭურვილია სათოფურებით. შემორჩენილია 3 სართული (ყოველ მათგანში თითო ოთახია). სოფლისკენ მიქცეულ მთავარ სამხრეთის ფასადზე ერთიმეორის ზემოთ მოთავსებულია ორი ღრმა თაღი, ერთში კოშკის შესასვლელია, მეორეში — საცხოვრებელი დარბაზის აივნის კარი, ხოლო მის თავზე — საგანგებოდ ჩასმულ ყვითელ ქვაზე, ორბელიანების გერბი და წარწერაა.

ცილინდრული ფორმის კოშკის გადახურვა გაშლილი თაღის ფორმიისაა. მისი საპირეები კარგად თლილი, მდიდრულად ორნამენტირებული ქვის კვადრებისგან შედგება. აღნიშნული კოშკი აგებულია ძველი ფეოდალური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შერწყმით ახალ ფორმებთან.

ვაშლოვანის კოშკი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ცილინდრული კოშკები: ვაშლოვანი // ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002, გვ. 475
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხურათმოძღვრება, ტ. I, თბ., 1983, გვ.193-202
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12070