ვარისტორი (ინგლ. varistor < vari(able) — „ცვალებადი“ და (resi)stor — „რეზისტორი“) — ნახევრადგამტარული რეზისტორი, რომლის ელექტრული წინაღობა (გამტარობა) არაწრფივად იცვლება და ერთნაირია დადებითი და უარყოფითი ძაბვის ზემოქმედების დროს. ვარისტორის დასამზადებლად იყენებენ ფხვნილისებრი კაჟის კარბიდს (ნახევრად გამტარს) და შემაკავშირებელ ნივთიერებას (თიხას, თხევად მინას, ლაქს, ფისს და სხვ.), რომლებსაც ყალიბში შეწნეხის შემდეგ 1700°C ტემპერატურაზე შეაცხობენ. მიღებული ნიმუშის ზედაპირს მოალითონებენ და მავთულებს მიარჩილავენ. ვარისტორს ამზადებენ 3-იდან 200 ვ ძაბვისა და 0.1 მა-იდან 1 ა — დენისათვის (დაბალძაბვიანი ვარისტორი) და 20 კვ ძაბვისათვის (მაღალძაბვიანი ვარისტორი). ვარისტორი უძლებს მნიშვნელოვან ელექტრულ გადამეტტვირთვას. იგი მარტივი, იაფი და საიმედოა. გამოირჩევა მცირე ინერციულობით (ზღვრული მუშა სიხშირეა 500 კჰც). მისი ნაკლია მნიშვნელოვანი დაბალსიხშირული ხმაური მუშაობის დროს, პარამეტრების შეცვლა დროის განმავლობაში და ტემპერატურის ცვლილებისას. ვარისტორს იყენებენ დაბალი სიხშირის დენისა და ძაბვის სტაბილიზაციისა და რეგულირებისათვის, მოცემულ სიდიდეებზე სხვადასხვა მათ. მოქმედების შესასრულებლად, გადამეტმძაბვისაგან კონტაქტების დასაცავად და სხვა.


ტიპი პასიური
მუშაობის პრინციპი ელექტრული წინაღობა
ელექტრონული სიმბოლო

სქემატური სიმბოლოები

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: