ვარდანდუხტ მამიკონიანი

ვარდანდუხტ[1] მამიკონიანი (სომხ. Վարդանդուխտ Մամիկոնյան) — არშაკიანთა სომხეთის დედოფალი 378-387 წლებში, როგორც მეფე არშაკ III-ის მეუღლე[2]. სომეხთა სპასპეტ მანუელ მამიკონიანის ქალიშვილი.

ვარდანდუხტ მამიკონიანი
სომხეთის დედოფალი
მმართ. წლები: 378-387
წინამორბედი: ზარმანდუხტი
მემკვიდრე: უცნობია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: IV საუკუნე
გარდ. თარიღი: V საუკუნე
მეუღლე: არშაკ III
შვილები: არ ჰყოლია
დინასტია: მამიკონიანები
მამა: მანუელ მამიკონიანი
დედა: უცნობია
რელიგია: ქრისტიანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ვარდანდუხტის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. იგი სომეხთა სპასპეტ მანუელ მამიკონიანის უფროსი ასული იყო[3][4], მდიდარი და ძლევამოსილი მამიკონიანების საგვარეულოდან. დედამისის ვინაობა უცნობია, თუმცა იგი სომხეთში დაიბადა და გაიზარდა.

374 წელს, სომხეთის მეფე პაპის მკვლელობის შემდეგ მამიკონიანთა ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა, რამეთუ ახალ მეფეს რეგენტად ვარდანდუხტის ბიძა, მუშეგ I მამიკონიანი დაენიშნა. ახალი მეფე, პაპის ძმისწული ვარაზდატი, რომის იმპერატორ ვალენტის დასმული იყო, და ვინაიდან იგი მენტალურად და ფიზიკურად დაავადებული იყო, რეგენტის დანიშვნა დასჭირდა.

 
არშაკიანთა სომხეთის სამეფო

დედოფლობა

რედაქტირება

ვარაზდატის მეფობას სომხეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, ამიტომაც 378 წელს მისი რეგენტი, მუშეგ მამიკონიანი მოკლეს, მისი ადგილი კი ვარდანდუხტის მამამ, სპასპეტმა მანუელმა დაიკავა[5], რომელმაც მალევე დაამხო და უკან, რომის იმპერიაში გააძევა მეფე ვარაზდატი[6]. მის ნაცვლად კი ტახტზე განსვენებული მეფის, პაპის ძეები: არშაკ III და ვოლოგეზ III დასვა მათი დედის, დედოფალ ზარმანდუხტის მინიმალური რეგენტობით[7], თავად კი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი და მცირეწლოვანი მეფეების აღმზრდელი გახდა.

ქვეყანაში მშვიდობის დასასადგურებლად მანუელმა ვარდანდუხტი არშაკ III-ზე დააქორწინა, რითაც იგი სომხეთის დედოფალი გახდა. რაც შეეხება ვოლოგეზს, მას ცოლად ბაგრატუნთა დინასტიის წარმომადგენელი ქალი შერთეს[8].

ქორწინებისა და თავისი საგვარეულოს წყალობით, ვარდანდუხტი სამეფოს უძლიერესი ქალი გახდა. მას დიდი გავლენა ჰქონდა როგორც ქმარზე (თუმცა მათი ურთიერთობის დეტალები უცნობია), ისე მამასა და ზოგადად, სომხურ საზოგადოებაზე, თუმცა დედოფალ ვარდანდუხტს შვილები არ ჰყოლია.

მამიკონიანთა და არშაკიანთა ერთობლივ მმართველობას სომხეთში მშვიდობის დამყარება მოჰყვა[9]. ცნობილია, რომ თავად მათ შორისაც ერთობ თბილი ურთიერთობა იყო, რამეთუ მანუელი დედოფალ ზარმანდუხტს, ხოლო რაც შეეხება მის ძეებს, არშაკსა და ვოლოგეზს, იგი საკუთარი ვაჟებივით ზრდიდა [10].

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

386 წელს ვოლოგეზი აღესრულა და, მიუხედავად მეუღლის ყოლისა, მემკვიდრე არ დარჩენია. იმავე წელს გარდაიცვალა მანუელ მამიკონიანიც, რის შემდეგაც მთელი სამეფო არშაკსა და ვარდანდუხტს დარჩათ. ცნობილია, რომ მეფე-დედოფალი მანუელთან იმყოფებოდა მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში[11]. ამის შემდეგ ვარდანდუხტზე ცნობები აღარ არსებობს. 386-387 წლებში არშაკი ერთპიროვნულად მართავდა სომხეთს. ამ პერიოდში მას სასანიანთა შემოჭრებთან მოუწია დაპირისპირება, რა დროსაც ნახევარი სამეფო დაკარგა და შერჩა მხოლოდ სომხეთის დასავლეთ ნაწილი, რომელიც წარმოადგენდა ტერიტორიას ერზრუმიდან მუშამდე[12]. 387 წელს არშაკიც უმემკვიდრეოდ აღესრულა, ამიტომაც სომხეთის დარჩენილი დასავლეთ ნაწილი ბიზანტიის იმპერიამ მიიერთა. აღსანიშნავია, რომ სასანიანთა ვასლურ პოზიციაში აღმოსავლეთ სომხეთი მაინც განაგრძობდა არსებობას, როგორც სამეფო, თანაც კვლავ არშაკიანთა დინასტიის გვირგვინქვეშ. ვარდანდუხტის გარდაცვალების თარიღი უცნობია, მაგრამ არსებობს ცნობები, რომ დაქვრივების შემდეგ V საუკუნის დასაწყისამდე იცოცხლა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • R.G. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, Palgrave Macmillan, 2004
  • A. Topchyan, The Problem of the Greek Sources of Movses Xorenac’i’s History of Armenia, Peeters Publishers, 2006
  • V.M. Kurkjian, A History of Armenia, Indo-European Publishing, 2008
  • R.P. Adalian, Historical Dictionary of Armenia, Scarecrow Press, 2010
  • Faustus of Byzantium, History of the Armenians, 5th century
  1. არსებობს მისი სახელის სხვა ვერსიებიც, როგორებიცაა: ვარდანუში, ვარდანანუში და ვარდუში. თავად ვარდანდუხტი კი წარმომდგარია მამაკაცის სომხური სახელის ვარდანისა და სპარსული ფუძის, დუხტის გაერთიანებით, რაც პირდაპირ ნიშნავს „ვარდანის ასულს“.
  2. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book V, Chapter 44
  3. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book V, Chapter 44
  4. Kurkjian, A History of Armenia, p.107
  5. Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.177
  6. Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.177
  7. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.92
  8. Kurkjian, A History of Armenia, p.107
  9. Topchyan, The Problem of the Greek Sources of Movses Xorenac’i’s History of Armenia, p.42
  10. Topchyan, The Problem of the Greek Sources of Movses Xorenac’i’s History of Armenia, p.42
  11. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book V, Chapter 44
  12. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.92