ვარაო
ვარაო — მკვიდრი ამერიკელების ერთ-ერთი წარმომადგენელი ტომი. არიან მეთევზეები და დამწყები მიწათმოქმედები. ისინი სახლობენ ორინოკოს დელტაში, ვენესუელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და მახლობელ ტერიტორიებზე. „ვარაო“ არის თვითშერქმეული სახელი, რომელიც ნიშნავს „დაბლობის ხალხს“ ან „ჭაობიანი ადგილების ხალხს“ (სიტყვის წარმომავლობა: ვაჰა - „დაბლობი“, არაო - „მკვიდრნი“). ყველა არავარაო არის „ჰოტარაო“ ანუ „მშრალი მიწის ხალხი“ (ჰოტა - „მაღალი“ ან „მშრალი მიწა“). „გუარანაო“ (Guarauno) ეთნონიმის ესპანური ვერსიაა, ხოლო „ტიუიტიუა“ (Tiuitiua) ოტომაკი ადგილობრივი ამერიკელების შერქმეული სახელია, რაც ზუმფარას ქაღალდის სახეობისგან, „waharomu," მომდინარეობს; ის მითოლოგიურად ვარაოსთან იყო დაკავშირებული. სერ უოლტერ რეილეი გამოყოფს ტიუიტიუას ორ ჯგუფს: „კიავანი“ (Ciavani) და „ვარავითი“ (Warawetee).[1]
ვარაო | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
20 000 | |
ენები | ვარაო |
ადგილმდებარეობა
რედაქტირებაპოლიტიკურად ორინოკოს დელტა შეადგენს ვენესუელის დელტა ამაკუროს ფედერალური ტერიტორიის (ფართობი - 40 200 კვ. მ) ნაწილს. ეს ტერიტორია (კოლონიზაციის ეპოქაში „გვიანას კუნძულს“ უწოდებდნენ) ორინოკოსა და ამაზონის მდინაარეებს შორის გაშლილი მინდვრების ჩრდილოეთს წარმოადგენს. ვარაოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მანგროს ტყეებისა და მორიჩე პალმების ჭაობების სანაპირო ზოლზე ცხოვრობს, დაახლოებით 80 კილომეტრ სიღრმეზე, ცენტრალურ დელტაში რიო მაროსასა და რიო გრანდე დელ ორინოკოს სამხრეთით, რიო ამაკუროს შორის 200 კმ სიგრძის ზღვის სანაპიროსთან. თბილი და ტენიანი ჰავა საშუალოდ 26 °C ტემპერატურას განაპირობებს წელიწადის განმავლობაში, თუმცა ადრიანი დილები შეიძლება გრილიც იყოს. ზღვის მოქცევა აქ დღეში ორჯერაა. მშრალი წელიწადის დროს, იანვრიდან აპრილამდე, მომლაშო წყალი მდინარის ზემოთა ნაწილისკენ ამოდის. მაისის მიდამოებში წვიმიანობის პერიოდის შემოტევის შემდეგ, ორინოკოს ყოველწლიური წყალდიდობა პიკს აღწევს აგვისტოსა და სექტემბერში და მიმდებარე პარიის ყურეს ტრინიდადის კუნძულამდე იმდენად ავსებს მტკნარი წყლით, რომ კოლუმბს ეგონა, თითქოს დიდ კონტინენტზე მოხვდა, როდესაც იქ ფეხი პირველად დაადგა, თავისი მესამე ექსპედიციის დროს, 1498 წლის აგვისტოში.[1]
ისტორია და კულტურა
რედაქტირებავარაო მშვიდობის მოყვარული ხალხია. ზეპირი ტრადიციის თანახმად, მათ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ თავიანთ არავაკზე მოსაუბრე მეზობელ ლოკონოსთან, თუმცა არა კარიბზე მოსაუბრე კარინასთან („წითელი სახე“) ან მუსიმოტუმასთან, რომლებისაც დღესაც ეშინიათ. კოლონიზაციის ეპოქის დასაწყისიდან ყველასთვის, იქნებოდა ეს მკვლევარი, მისიონერი თუ მეცნიერი - რიო ორინოკო („ვირინოკო“ ვარაოსთის) იყო მთავარი შესასვლელი ელდორადოს მიწებისკენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზემოთ მდინარის სათავისკენ მდებარეობდა. ესპანეთის კოლონიების კიდეზე მყოფი ვარაო მუშაობდა და ვაჭრობდა ესპანელებთან და დანიელებთან, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხო დელტის კუნძულებზე, ჭაობიან ადგილებში განთავსებული დასახლებებიდან, სადაც მორიჩე პალმის გულის მოხმარებით ცხოვრობდნენ. საუკუნის დასაწყისში „რეზინის ბუმის“ დაკნინებამდე ვარაოს იძულებით ამუშავებდნენ და ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. 1922 წელს კაპუცინების ორდენსა და ვენესუელის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ ორინოკოს დელტაში ესპანელი მისიონერები გამოჩნდნენ და 1925 წელს „არაგუაიმუჯოს ზეციური მწყემსი ქალის“ მისია დააარსეს და პირველებმა იღვაწეს ვარაოს ცენტრალური ნაწილებისკენ შესაღწევად. ამასობაში რიო საკობანოდან წარმომავალმა მომთაბარე ვარაომ, რომლის წარმომადგენლები რიო გრანდეს სამხრეთით ლონოკოს ენათესავებოდნენ, იქიდან ახალი ჭაობიან დელტაში გასაზრდელად გამოსადეგი კულტიგენი, ტაროსმაგვარი „ჩინური“ ოკუმო ანუ ურე შემოიტანა. ამან გაათავისუფლა ვარაო პალმის გულსა და ჭაობზე დამოკიდებულებისგან და საშუალება მისცა, დელტაში უფრო გაშლილ ტერიტორიაზე გამავალი მდინარის შენაკადებისკენ გადასახლებულიყვნენ. ამან აგრეთვე იაფ მუშახელად აქცია როგორც ახლად შექმნილი ხეტ-ტყის სახერხი და პატარა პალმების საშენი საწარმოებისთვის, ისევე ბრინჯის მოყვანის საქმიანობებისთვის.[2]
ვარაოს ცხოვრების ციკლი
რედაქტირებაჩანს, რომ ორსულობისთვის ყოველთვის საჭირო არ ყოფილა სქესობრივი კავშირი. ეს უკანასკნელი იყო გაცილებით უფრო საკრალური, რელიგიური მოვლენა. მაგალითად, არსებობდა მითი, რომ მუცლის მოშლა გამოწვეულია წყლის სულების მიერ ქალის დაორსულებით. არსებობს რწმენა, რომ წარსულში ქალები არ აჩენდნენ ბავშვებს, ისინი ითხოვდნენ და შემდეგ პოულობდნენ ტყეში. ეს მითი მშობიარობის წარმოშობას ხსნის. თუმცა, განვითარების ეტაპების გავლისას ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო რეალისტური შეხედულებებით შეიცვალა.
მშობიარობა
რედაქტირებამშობიარობისას ქალი იზოლირებულია ქოხში, რომელსაც ნაჭრის კონები აქვს გარშემორტყმული. მას სხვა ქალი მხოლოდ რთული შემთხვევის დროს ეხმარება. აღსანიშნავია, რომ მეუღლის დასწრებაც დაუშვებელია. მაშინ, როცა გარეთ მომლოდინე საზოგადოება დარწმუნდება ახალშობილის დაბადებაში, ისინი შეიდიან ქოხში, ჭიპლარს მოკბეჩენ და შეკრავენ ნაპირზე. მშობიარობისას ქალი ითვლება ბინძურად და საშიში ზეგავლენის მომხდენად. ამიტომ მისი მშობიარობის აქტი ბანაობით მთავრდება. მშობიარობა და, ზოგადად, მემკვიდრის მოვლინება მხოლოდ დედისთვის არ არის გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებული. ბავშვის დაბადების შემდეგ მამა განმარტოვდება და ცოტა ხნით თავს იკავებს ირმის ხორცის ჭამისგან, სხვადასხვა სავაჭრო აქტოვობებისა და მის ცოლთან ან სხვა ქალთან სქესობრივი კავშირისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი მოკვდება. ბავშვი ძუძუთი იკვებება სამი ან ოთხი წელი.[3]
პომერუნის მდინარის მიდამოებში ბავშვებს ორინოკოს რეგიონის პატარა უბეების სახელებს არქმევენ. ეს ის ადგილია საიდანაც ვარაო მომდინარეობს.
სქესობრივი სიმწიფე
რედაქტირებაპირველი მენსტრუაციისას გოგოს თმას ჭრის დედა, იშვიათ შემთხვევებში - მამა. ამ კონკრეტულ ფაქტსაც შესაბამისი რიტუალი ახლავს თავს. გოგო განმარტოვდება სამშობიარო ქოხში და ჩვეულებრივზე ცოტა პატარა საწოლზე წევს. მან არ უნდა ილაპარაკოს და გაიცინოს პერიოდის ორი ან სამი დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს ზრდასრულობის ყველა კბილს. პირველი, რისი ჭამაც მას შეუძლია, არის ფოთოლში გახვეული მანიოკის ფქვილი.
ეს მოვლენა ინდივიდუალური პროცესი არ არის, იმართება შესაბამისი ღონისძიება. ამ ზეიმის დროს, ცერემონიის ბოლოს, გოგოს რთავენ მძივებით და თეთრ ფრთებს აწებებენ თავზე, მხრებსა და ფეხებზე. თავდაპირველად ქალს ყოველი მენსტრუაციისას ამ ცერემონიას უტარებდნენ. მენსტრუაციის დროს მათ არ უნდა ჭამონ არც თევზი და არც დიდი ცხოველების ხორცი, როგორებიცაა ტაპირი და კუ. ძაღლების დახმარებით დაჭერილი ცხოველის ხორცი განსაკუთრებით აკრძალულია, რადგან თუ ქალები შეჭამენ ამ ხორცს, ძაღლები ნადირობისთვის ვეღარ გამოდგებიან. მენსტრუაციისას ქალებმა თვითონ უნდა დაამზადონ თავიანთი საჭმელი პატარა ჭურჭლებში, მაგრამ სხვისთვის საჭმლის მომზადება არ შეუძლიათ. მათთვის არც ცეცხლის დანთება შეიძლება. აგრეთვე, ისინი არ უნდა შეეხონ ნავებს, სათევზაო მოწყობილობას ან ნებისმიერ რამეს, რაც წყალთან კავშირშია. მათ სწამთ, რომ ამ დროს მარტივად შეიძლება, ბუჩქის ან წყლის სულები თავს დაესხან ქალებს და მათზე სექსუალურად იძალადონ.[4]
სქესობრივი მომწიფებისას ბიჭებს მკაცრი გამოცდის ჩაბარება უწევთ. მათ საკუთარი სხეულის ნაწილები, კონკრეტულად კი, მკერდი და მხრები, უნდა გაიჭრან გარეული ღორის ეშვით ან ტუკანის ნისკარტით. ვინაიდან პროცესი მტკივნეულია, არსებობს შემდეგი წესიც: თუ პირველი ცდა წარმატებით არ დამთავრდება, მათ შეუძლიათ, მეორედაც სცადონ.
როდესაც ორივე სქესის წარმომადგენელი მზად არის ქორწინებისთვის, შესაბამისი რიტუალის ჩატარება მაინც საჭიროა. ახალგაზრდები იქამდე არ ქორწინდებიან, სანამ ჭიანჭველების რთულ გამოცდას არ გაივლიან. წესები შემდეგია: ჭიანჭველებს ათავსებენ დაწოლილი მოზარდის სხეულზე. გამოცდის ჩაბარებაში იგულისხმება გამძლეობა. თუ ბიჭი იტირებს, ის ვეღარ იქორწინებს; თუ გოგო იტირებს, ეს ნიშნავს, რომ მას მუშაობა არ შეუძლია და ამიტომ ქმარსაც არ იმსახურებს.
სიკვდილი
რედაქტირებაარსებობს დაკრძალვის რამდენიმე მეთოდი. თუ გარდაცვლილი ბელადია, ამ შემთხვევაში, სხეული იხრწნება და ჩონჩხს ბელადის სახლში კიდებენ. ასევე, თავის ქალას რთავენ ფრთებითა და გარდაცვლილის ოქროს თეფშებით და კიდებენ ძვლების ირგვლივ. არსებობს სხვა წეს-ჩვეულებაც, რომლის მიხედვითაც, თოკით კიდებენ სხეულს მდინარეში მანამ, სანამ თევზები არ გაასუფთავებენ და მხოლოდ ჩონჩხს არ დატოვებენ. ამის შემდეგ ძვლებს ათავსებენ კალათაში, პატარა ძვლებიდან დაწყებული, თავის ქალით დამთავრებული, და ამ კალათას კიდებენ სახლში.[5]
ზოგ შემთხვევაში კუბო მზადდება ხის ჩაღრმავებული მორისგან ან კანოესგან, რომელიც თავსდება მიწაში ჩარჭობილ განშტოებულ ჯოხებზე ქოხის ახლოს ან რომელიმე მიტოვებულ ქოხში. გაურკვეველია, დამარხვის ეს მეთოდი მეთაურებისთვის, შამანებისთვისა და სხვა მნიშვნელვოანი პიროვნებებისთვისაა, თუ გამოიყენება წყალდიდობების დროს, როდესაც გვამის მიწაში დაწვა რთული იქნებოდა. სხვა სოციალური სტატუსის მქონე პიროვნების დაკრძალვის მეთოდი განსხვავებულია. ასეთ შემთხვევებში, ძირითადად, გვამი, რომელიც მოხრილია და საწოლზეა მოთავსებული, მჯდომარე პოზიციაში იმარხება ერთი მეტრის სიღრმის საფლავში.
ზოგიერთ შემთხვევაში, დასაფლავებისას გარდაცვლილს საკუთარ ნივთებს, შინაურ ცხოველებსა და საკვებს (იარაღები, ჭურჭლები, ძაღლი, თევზი, ხილი და პური) ატანენ. მათ ათავსებენ ამოტეხილ ხეში, კანოეში ან მიწაში. ხანდახან გარდაცვლილის ნივთებს წვავენ. მიუხედავად იმისა, რომ, მათი წარმოდგენებით, ასე მოქცევის მეთოდი გამართლებულია, რათა გარდაცვლილის ნივთებს შესაბამისი დანიშნულება მიანიჭონ. აღსანიშნავია, რომ ისინი დაკრძალვის არც ერთ წესად არ განიხილავენ გარდაცვლილის სხეულის დაწვას და მათში კრემაციის არც ერთი შემთხვევა აქამდე აქ არ დაფიქსირებულა. სხვა შემთხვევებში გარდაცვლილის ნივთებს სხეულის დასაფლავებიდან რამდენიმე დღეში მარხავენ.
ქორწინებაში მყოფი რომელიმე ინდივიდის გარდაცვალების შემდგომ, აღნიშნულ რიტუალებს ემატებათ სხვა პროცესიც. კრევოს (1883) მიხედვით, ვარაოს ტომში, ორინოკოს მთავარი განშტოების სათავის მახლობლად არის ტრადიცია, თუ გარდაცვლილი ქალია, ქვრივი მამაკაცი წევს მეუღლის სხეულის წინ, ტირის და მღერის ლირიკულ სიმღერებს და მასთან ერთად იმავეს აკეთებს ყველა მამაკაცი, ვისაც ამ გარდაცვლილ ქალთან რაიმე კავშირი ჰქონია.
მამრობით სქესის წარმომადგენლის გარდაცვალების შემთხვევაში, მეუღლე და სხვა ქალები საფლავთან სხედან და მიცვალებულს სევდიან სიმღერებს უმღერიან. ზოგ შემთხვევაში, ქვრივები გარდაცვლილი კაცის მფლობელობაში მყოფი მინდვრებიდან სხვადასხვა მცენარეებს კრეფენ. ამას შემდეგი გამოყენება აქვს: როდესაც ადამიანი კვდება, მცენარეებისგან მაშინვე მზადდება სასმელი, რომელიც სპეციალურ ნავში უნდა განთავსდეს, მაგრამ დაკრძალვის რიტუალის მიმდინარეობისას სასმელისთვის განკუთვნილი ნავი რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდება, კონკრეტულად კი, იმ წესის აღსრულების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ცოლს თმას ჭრიან და ამავდროულად კაცის კუთვნილებებს მარხავენ. თუმცა, ხანდახან წარმოიქმნება გარკვეული დაბრკოლებები. რიტუალების თანახმად, აუცილებელია დაკრძალვის ცერემონიისას ყველა დამსწრესთვის საკმარისი სასმელი იყოს, რომელიც გარდაცვლილის კუთვნილ მიწებზე მოკრეფილი მანიოკისგან მზადდება. ამიტომ ფესტივალი შეიძლება გადაიდოს მანამ, სანამ მიცვალებულის მიერ დათესილი მანეჰოტი არ გაიზრდება ისე, რომ ფესტივალის ყველა სტუმარს ეყოს სასმელისთვის. მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც, ფესტივალის მიმდინარეობის პროცესში, გარდაცვლილის ქვრივი იღებს თანხმობას ხელახლა დაწორწინების შესახებ. დაკრძალვის შემდგომ მხოლოდ სამგლოვიარო რიტუალები არ ტარდება. მაგალითად, ვანის მდინარის რეგიონში ფესტივალიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთ სახლში საცეკვაო წარმოდგენა იმართება, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან, რითაც პატივს მიაგებენ გარდაცვლილს.[6]
ვარაოს ტომს სჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი სული აქვს გულში, ნერწყვში, ჩრდილსა და ფეხის ნაკვალევში. სიკვდილისას გულში მყოფი სული ტოვებს ადამიანის სხეულს და ხდება ჰებუ.
დემოგრაფია
რედაქტირება1980-იანი წლების შეფასებებით, ვარაოს მთელი მოსახლეობა 22 ათასს შეადგენდა, რომლიდანაც, ვენესუელის ადგილობრივ მკვიდრთა 1982 წლის აღწერით, 19 573 ცხოვრობდა ვენესუელაში, ხოლო 17 654 — დელტა ამაკუროს ფედერალურ ტერიტორიაზე, სადაც ისინი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს წარმოადგენდნენ. ქვეყანაში ადგილობრივ ხალხთა შორის ვარაო მეორეა სიდიდით გუაჯიროს (ვაიუუუ) შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ქვეყნის მოსახლეობის (დაახლოებით 17 მლნ) ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ, ისინი სახელმწიფო ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტს იკავებენ, ძირითადად, სტრატეგიულ სასაზღვრო ნაწილებში. კოლონიზაციის ეპოქისა და მეოცე საუკინის დროს, თანამედროვე შეფასებებით, 8 000 ინდივიდით გადარჩენილი ვარაოს მოსახლეობა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა, რისი სავარაუდო მიზეზიც ინფექციური და ნაწლავური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებაა. მაგრამ ახალ ენდემურ დაავადებებს, როგორიც ტუბერკულოზია, ეს ზრდა დასასრულისკენ მიჰყავს.[2]
ენა
რედაქტირებავარაოები საკუთარ თავს თვლიან ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებად და განსხვავდებიან ყველა არავარაოსგან სომატოლოგიური და ლინგვისტური მახასიათებლებით.
მიუხედავად იმისა, რომ ვარაოს ხალხის გავრცელების არეალი საკმაოდ დიდ მასშტაბებს მოიცავს და საზოგადოება ასობით პატარა ჯგუფებადაა დაყოფილი, ყველა ვარაო ერთსა და იმავე ენაზე საუბრობს. ენა გავრცელებულია ძირითადად ჩრდილო ვენესუელის, ასევე გაიანასა და სურინამის ტერიტორიებზე.[4]
ვარაოს ენა გამოირჩევა ნომინალურ-აკუსტიკური ენათათვის უვეულო სიტყვათა წყობით წინადადებაში. კერძოდ კი ვხვდებით შემდეგ თანმიმდევრობას: ობიექტი -> სუბიექტი -> ზმნა.
დიდი ხნის განმავლობაში სამეცნიერო წრეებში ითვლებოდა, რომ მათი ენა განეკუთვნებოდა დამოუკიდებელ ენობრივ ჯგუფს, რადგან არ დგინდებოდა კავშირი მასსა და სამხრეთ ამერიკის სხვა ენებს შორის. ბევრი დღესაც ამ აზრზე რჩება. განსაკუთრებით გავრცელებულია ჩესტმირ ლოკოტკას თეორია, იგი ვარაოს ენას დამოუკიდებელ პალეო-ამერიკულ ოჯახად მიიჩნევს და გამოყოფს შემდეგ დიალექტებს: გუანოკო, ჩაგუანი და მარიუსა. თუმცა არსებობს ალტერნატიული თეორია, რომლის ავტორებადაც ლინგვისტები სვადეში(1959) და გრინბერგი(1960) ითვლებიან. მათ აღმოაჩინეს შორეული კავშირი ვარაოსა და ჩიბჩანურ ენათა შორის. ჩიბჩანური ენების გავრცელების არეალი ძირითადად სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს და ცენტრალური ამერიკის სამხრეთ ნაწილს მოიცავს. ასევე შორეული კავშირი არსებობს იანოამენის და ვარაოს ენებს შორის.[5]
ვარასოს ხალხი არ იყენებს დამწერლობას. მათი რიცხვითი სისტემა ოცობითია: ხუთი - ესაა გაჭიმული ხელის მტევანი, ათი- თითების რაოდენობა ორივე ხელზე, ხოლო ოცი - ადამიანის ყველა თითი. ვარაოს სახელწოდება მომდინარეობს სიტყვებიდან ვა - ნავი და (ა)რაო - ხალხი („ნავების ხალხი“), ეს სიტყვა ასევე გამოიყენება რიცხვი 20-ის აღსანიშნავად.[4]
„რომ იყო ვარაო“
რედაქტირებავარაოს ფოლკლორის ნიმუში, რომელიც მოგვითხრობს ვარაოს მითური წარმომავლობისა და მათი კულტურის შესახებ.
1. მაღლა ზეცა შეიცვალა. 2. ის შეიცვალა. ბევრ ვარაოს ჰქონდა ბევრი გრძელი სახლი. 3. იყო ადგილი სახლთან სახელად მანაკა-პალმა. 4. იქ ჩიტების შეკრების ადგილი იყო. იქ იყო ინდიელი სახელად კარგი-(მსროლელი) მკლავი. 5. მას ჰქონდა მშვილდი და ისარი. 6. მისი ისრის სახელი იყო „მოხვდი სამიზნეს“. 7. როცა ცხოველს ესროდა არასდროს აცილებდა, უკუღმაც რომ ყოფილიყო. 8. ის, ვინც მოკლა თამაში, იყო კარგი-მკლავი. 9. მაშ, ამ ინდიელმა კარგმა-მკლავმა ესროლა ცხოველს და ააცილა. ისარი აცდა ცხოველს. 10. როცა ის გაიქცა, ისრის პატრონმა მიმოიხედა. 11. როცა მან გაიხედა, ის წყლის კიდის გასწვრივ წავიდა. 12. ისრის პატრონი წავიდა მისთვის და მივიდა იქ. 13. პატრონმა იკითხა, „სად დავარდა ჩემი ისარი?“ 14. კარგად ეძება. 15. ახლა, როცა შეხედა ვერ იპოვა. 16. ახლა მან შეხედა და დაინახა პატარა ხვრელი. 17. როცა მან ის დაინახა, პატრონი დაბლა ჩაძვრა. 18. როცა ჩაძვრა, გათხარა ის. 19. როცა გათხარა, მან დაინახა მიწა. 20. ამ ჭაბუკმა აიღო თოკი. 21. როცა ის აიღო, დაბლა ჩაუშვა. 22. დაბლა ჩასრიალდა. 23. როცა ჩასრიალდა მიწასთან მივიდა. როცა მიმოიხედა, იქ იყო საკვები, მანიოკი , მორიჩე, პეკარია და ჯუნგლების ცხოველები, ყველა სახის, ყველასი, ყველასი, ბევრი, ბევრი. უამრავი საკვები. მრავლად. 24. ჭაბუკმა თავის ისარს ეძება, მაგრამ ვერ ნახა. 25. ჭაბუკი უკან აძვრა, რომ ამხანაგებისთის მოეყოლა ეს. 26. როცა ზეცას მიწვდა, ჭაბუკმა ილაპარაკა. 26. „ჩემო მეგობრებო, მე ვნახე მიწა და უხვად საკვები“. 28. ახლა ყველა ინდიელმა იყვირა. 29. „წავიდეთ. აქ არაა არანაირი საკვები. მან ნახა ბევრი საკვები“. 30. ახლა მათ დაახვიეს თავიანთი ჰამაკები, რომ დაბლა ჩასულიყვნენ. 31. პირველი ინდიელები ჩავიდნენ დაბლა და მივიდნენ იმ მიწაზე. 32. მრავალი ინდიელი უკან მოჰყვათ. 33. ისინი მშვიდობით ჩავიდნენ, მაგრამ ბევრი ინდიელი ისევ ცაში იყო. 34. ასე ერთი ორსული ქალი ჩამოვიდა დაბლა. 35. როცა მივიდა ღრმულთან და ჩაძვრა. 36. როცა ჩაძვრა, ის დაიკეტა მის თავზე და მხოლოდ წელს ქვევით ჩაძვრა დაბლა. 37. ესაა დილის ვარსკვლავი. 38. ესაა ორსული ქალის ქვედა ნაწილი. 39. ახლა ინდიელების ნაწილი ისევ ზეცაში იყო. 40. მათ, ვინც დარჩა თქვეს; „შენ მშვიდობით ჩახვედი ჩვენს გარეშე. ახლა ჩვენ ვეღარ ჩავალთ. 41. რადგანაც კარგად არ ხარ, შენს მკლავს მოგწყვეტთ. 42. ასე იქნება“. თქვეს ინდიელებმა, რომლებიც ცაში დარჩნენ. 43. ახლა დედამიწაზე მყოფებს დიდძალი ხვავი და ბარაქა ჰქონდათ. 44. მანიოკი, მწარე მანიოკი, მრავალი პეკარია, ბევრი „ტკბილი წყალი“, თევზი. უხვად მორიჩე. 45. დედამიწაზე ინდიელები ხარობდნენ. საკვები ჭარბად იყო. 46. ახლა, როცა ერთ მაღალ მორიჩეს მოჭრიან, ეს მორიჩე ავსებს ერთ კალათს. მან მოიფიქრა, რომ როცა ბოჭკოვან ნაწილს ჭრის, ოთხი დღით ტოვებს. 47. როცა ოთხი დღის შემდეგ მიდის, ჰამაკისთვის საკმარისი ხვდება. 48 ხედავს მას და უხარია. 49. „ახლა სამუშაო აღარაა“ - ამბობს ინდიელი. „არაუშავს, რომ სამუშაო არაა“. 50. ინდიელებმა იფიქრეს რომ გასაკეთბელი აღარაფერი იყო. 51. როცა ინდიელები ეძებდნენ, არ იყო. 52. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო, მან თქვა: „თქვენ ახლა ჯუნგლების ხალხი ხართ. 53. ყველაფერი გაუგებარია თქვენ გამო. ახლა იტანჯეთ.“ 54. ის, ვინც ახლა ლაპარაკობს პალმის ბოჭკოს მეპატრონეა. 55 „თუ იპოვით საქმეს, მანდ არის. თუ ეძიებთ, საქმე იქნება.“ 56. ასე თქვა. ეს იყო სული. მიუხედავად იმისა, რომ მას სხეული არ ჰქონდა, ის ჩვენნაირი იყო. 57. მათ იფიქრეს და მაშინ ინდიელებმა ვერ გააკეთეს ეს. 58. ახლა ბავშვი დაიბადა დედამიწაზე. 59. როცა დაიბადა, მამამთავარმა თქვა: „ააყენე შენი ბავშვი“. 60. ინდიელმა ქალმა თქვა: „ არ ავაყენებ ჩემს ბავშვს. მისი ფეხები ჯერაც მყიფეა. 61. ის დაეცემა“. ისევ იმეტყველა მამამთავარმა: „ის არ დაეცემა. შენი ბავშვი პატარაა, მაგრამ მაინც დადგება. ახლა შენ თქვი. 62. თუ შენი ბავში წამოგყვება ცოტას, ეს. 63. როცა შენი ვაჟი შენს გრძნობებს შეეხება შენ მას ააჩქარებ“. 64. ასე რომ აქედან გააგრძელეს ბედნიერად ყოფნა. 65. ბავშვები, ქალები და კაცები - ყველა კარგად იყო. 66. ისინი ხარობდნენ. არ იყო არანაირი დაავადება და ხურვება (სულების გამოგზავნილი). ყველა კარგად იყო. 67. მაშინ ერთი ავად გახდა და ციება დაემართა (სულებისგან). 68. როცა დაემართა ცუდად გახდა და ამიტომ მოკვდა. 69. როცა მოკვდა ახლა, მათ ის განსაზღვრულ დროს დამარხეს. 70. მეოთხე დღეს ყველგან ჭიები იყვნენ. 71. ჩვენი მამამთავრები ესაუბრნენ მკვდარ ინდიელს, მაგრამ მან არ უპასუხა მათ. 72. ახლა ჭიებმა უპასუხეს, რომლებიც მის ხორცს დაეპატრონენ. 73. „ინდიელი მკვდარია“. 74. მას, რომ ეპასუხა, პირველს, კარგი იქნებოდა. 75. ახლა კი ჭიებმა უპასუხეს პირველმა. 76. ასე რომ ჭიები არ კვდებიან. ჭიები კარგები არიან. 77. რადგანაც ინდიელმა არ უპასუხა, როცა მოკვდა, ჩვენ ინდიელები, მართლაც, ვკვდებით და არ ვხდებით უკეთესი. 78. ჭიები არ კვდებიან. 79. მან თქვა: „მისი სული არ კვდება“. 80. როცა ინდიელი მოკვდა ის არ დაიტირეს. 81. მათ წაიყვანეს ის და განსაზღვრულ დროს ხეში დამარხეს. 82. მათ გამონახეს დრო. მეოთხე დღეს მკვდარი ინდიელი მოვიდა. ის ადგა. 83. როცა ის ადგა, ის მოვიდა სახლში. 84. რადგანაც მისი სხეული გახრწნილიყო, ის ჩქარა ვერ მიდიოდა, მხოლოდ ნელა. 85. ის მიდიოდა და ფიქრობდა სახლზე და ის იქ იყო მის წინ. ის იყო ნეჰიმატუ. 86. ეს მკვდარი ინდიელი, რომელიც მოდიოდა, არ იყო ჩქარი. 87. ახლა მის მოსვლამდე ინდიელები სახლში ლაპარაკობდნენ ნეჰიმატუზე. 88. გახედეთ. ნეჰიმატუ მოდის. მან ის დაინახა. „ფრთხილად, მისი ნახვა არ მოგენატროს“. მან ის დაინახა. 89. მაგრამ მათ ვერ გაიგონეს მისი სამუშაო, მაგრამ მათ დაინახეს, რომ ის მოდიოდა. 90. ახლა ნეჰიმატუმ თქვა, თქვა ამ მკვდარმა ინდიელმა: „ისევ მოვედი“. 91. ახლა ის მართლა მოკვდა. 92. როცა ის მოკვდა, ყველა ინდიელმა დაიტირა. ბევრი იტირეს. 93. ისევ დამარხეს ეს მკვდარი ინდიელი ხეში. 94. როცა დამარხეს, ოთხი დღე დაინიშნეს. 95. როცა დაინიშნეს, ეს დრო მოახლოვდა. 96. ახლა, ჭეშმარიტად, ინდიელი მოკვდა. 97. ჩვენ ასე ვამბობთ. 98. სულ ესაა. 99. ასე შეიცვალნენ ინდიელები. 100. მორჩა.[7]
რელიგია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კათოლიციზმმა და ორინიკოს დასავლეთ დელტის ტერიტორიებზე ევანგელურმა ქრისტიანობამაც ვარაოს რელიგიურ წარმოდგენებში შეაღწია, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ინარჩუნებს ტრადიციულ რწმენასა და ღირებულებებს.[2] ვარაოს ხალხს აქვს საკმაოდ კომპლექსური კოსმოლოგია და სჯერა, რომ ადამიანი ვალდებულია, თავისი როლი შეასრულოს მოკვდავთა და ზებუნებრივთა ურთიერთობაში.[5] დედამიწა ბრტყელი დისკოა, რომელიც ოკეანის ზედაპირე ტივტივებს. თავად ზღვა გარშემოცულია მთათა სიტემით, რომელიც ჰორიზონტს გასდევს.[8] ამ მთათა სისტემაში ჰორიზონტის მთავარ მხარეებში ბინადრობენ ჰებუ სულები. ვარაოს სჯერა, რომ მათ გარდა არსებობს ბუნიობის წერტილების, ზენიტისა და ნადირის და სხვა ჰებუ სულები. ყველა მათგანის კეთილდღეობა ადამიანთა შემოწირულობებზე არის დამოკიდებული, უმეტეს შემთხვევაში თამბაქოსა და საგოზე, რომლითაც ისინი იკვებებიან. თავად ადამიანები ჰებუსგან იღებენ ჯანმრთელობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას და სხვა სურვილებს, რაც მოკვდავებს გააჩნიათ. ამ ორმხრივი ურთიერთობის დარღვევამ სულის განრისხება შეიძლება გამოიწვიოს და ადამიანებს დაავადება და სიკვდილი მოუვლინოს.[5] ჰებუ სულის მატერიალური გამოვლინებაა კანობო, რაც ოვალური ფორმის წმინდა ქვებს წარმოადგენს. ვარაო ჰებუზე საუბრობს შემდეგნაირად:
„ჰებუ ჰგავს ქარს, ორთქლს და წვიმას. ჰებუ ყველგანაა: სახურავში არის ჰებუ, მიწაში არის ჰებუ, ხეებში არის ჰებუ. როცა ჰებუს შია, ბავშვი ავადდება. ჰებუს სახლდება ბავშვის მუცელში.“[9]
ვარაოს წარმოდგენით, ხეები, მცენარეები და ბუნებრივი მოვლენები სულიერია და ჰებუ სულები დაძრწიან მდინარეებსა და ტყეებში. მითური არსებები ნაბარაო, ანუ „მდინარეთა სიღრმის ხალხი“, სახლობს ბუნებაში და მათი ცხოვრება ადამიანთა ანალოგიურია. ისინი ხშირად უწყვილდებიან ვარაოს ქალებს, რაც შეიძლება ურჩხულების ჩასახვის მიზეზი გახდეს (ამით ხშირად ამათლებდნენ ინფანტიციდს). ვარაოს წარმოდეგენებში ხშირია მეტამორფოზი - ანამონინა, მცენარეების, ცხოველების და ადამიანების იაგუარებად გადაქცევა.
ვარაოს გააჩნია საკმაოდ განვითარებული წინაპარათა კულტი. მნიშვნელოვანი ზებუნებრივი არსებები არიან ჰებუ არაობო, რომლებიც წარმოადგენენ გარდაცვლილი ვისირატუ შამანების სასიცოცხლო ენერგიას. ვისირატუ სიცოცხლეშივე არიან შუამავლები ვარაოსა და გარდაცვლილთა სულებს შორის. ჰებუ არაობო, მათი ცოლები და ქვეშემრდომები სახლობენ ვარაოს სამყაროს კიდეებში, ჰორიზონტის მთავარ წერტილებში - აიტონა. მათი ქვეშემრდომები მატერიალიზდებიან წმინდა ქვებად - კანოჰოტუმა („დიადი მოხუცები“) [2], რომლებსაც ინახავენ სარიტუალო ქოხებში - კანობო-ჰანოკო(კანობოს სახლი) და უვლიან გამოცდილი ვისირატუ შამანები. მათ უწოდებენ კანობო არიმას ანუ „მცველებს“.
შამანები
რედაქტირებათითქმის ყველა ზრდასრული ვარაო გარკევულ რელიგიურ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ არსებობს სამი კონკრეტული რელიგიური პრაქტიკოსი.
ვისარატუ შამანი, შუამავალია ვარაოსა და წინაპართა ჰებუ სულებს შორის და უვლის ჰებუს მატრიალურ გამოვლინებას, კანობოს წმინდა ქვებს.[2]
ბაჰანაროტუ, აკონტროლბს ბოროტ სულს ჰაბატუ, რაც სიკვდილთან და ტკივილთან ასოცირდება. ბაჰანაროტუ მოუვლენს მსხვერპლს ჰაბატუს, ან მისი ინიციატივით, ან მესამე პარტიის შეკვეთით.
ჰოაროტუ, ემორჩლებიან დასავლეთის ბოროტ ჰოა სულებს და დაავადების მეშვეობით სიკვდილის მოვლენა შეუძლიათ მსხვერპლისთვის.[9]
შამანი, უფრო კონკრეტულად ვისარატუ შამანი, შეიძლება იყოს მეთაურიც. ისინი იშვიათად არიან ქალები, ისიც მხოლოდ მენოპაუზის შემდეგ. შამანი ცხოვრობს პატარა ქოხში, რომელსაც სულების სახლს უწოდებენ და რომელიც ტაბუს წარმოადგენს. შამანები მუდამ ატარებენ სპეციალურ კალათას, რომელშიც აქვთ საცერემონიო სკამი (იაგუარის, კუს, არას ან კაიმანის თავის ორნამენტებით), ადამიანის ფორმას მიმსგავსებული ფიგურა, სარიტუალო ინსტრუმენტები და კვარცის კრისტალები.
შამანმა ინიციაციის ცერემონიის დროს რანდენიმე დღე უნდა იშიმშილოს და შემდეგ დალიოს თამბაქოს წვენის დიდი რაოდენობა, რაც მას სასიკვდილო მდგომარეობაში აგდებს. მისი სიკვდილი ხმამაღლა გამოცხადდება და 10 დღეს გაატარებს წმინდა ქოხში. ამის შემდეგ ის გამოკეთდება და გახდება სრულფასოვანი შამანი. პირველი 10 თვის განმავლობაში შეუძლია ჭამოს მხოლოდ პატარა თევზები და ეკრძალება თრობის გამომწვევი სასმელების დალევა. ამის შემდეგაც შამანებს ეკრძალებათ მათი არეალის გარედან მოპოვებული ხორცის ან სხვა საჭმლის ჭამა.
შამანს შეუძლია მომავლის დანახვა და სიზმრების ინტერპრეტაცია. ის ავადმყოფ პაციენტს გარკვეულ დიეტას უწესებს. ავადმყოფის ოჯახის წევრებიც იძულებულები არიან დაიცვან ეს დიეტა. თუ პაციენტი მოკვდება, შამანის ინსტრუმენტები და კრისტალები კარგავს ძალას და შანამი იძულებულია დამარხოს ისინი.
მაგიური რწმენები და რიტუალები
რედაქტირებავარაოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სულის შებერვას. ღრუბლების გასაფანტად ადამიანები მუჭში სულს შეუბერავენ და ღრუბლების მიმართულებით შლიან ხელს. მშობლები ბავშვების სახეებს სულს უბერავენ, როდესაც ისინი ტირილს იწყებენ და ამას უკეთებენ სანადიროდ მიმავალ ზრდასრულ ადამიანებსაც. როდესაც ვარაოს დასახლების მთავრის სიკვდილის წლისთავი მოდის, შამანი საფლავის ზემოდან სულს უბერავს ჰორიზონტის იმ მხარის მიმართულებით, რომლის ბოროტმა სულმაც გამოიწვია სიკვდილი. გარდა ამისა, ვარაოს აქვს ბევრი სხვა რიტუალი, მაგალითად, სჯერათ რომ შესაძლებელია წვიმის გამოწვევა გველის ერთ-ერთი სახეობის სხეულის დაწვით. ასევე ისინი ერიდებიან გარკვეული სიტყვების გამოყენებას კანოეთი გადაადგილებისას. მონადირეები ძაღლებს არქმევენ მტაცებლების სახელებს, როგორიცაა, მაგალითად, ზვიგენი. ვარაოს სჯერა, რომ ადამიანს შეუძლია სხვა ცხოველად გადაიქცეს, თუ მის კანს ჩაიცვამს.[3]
სიკვდილი და საიქიო ცხოვრება
რედაქტირებასიკვდილის ცერემონია
რედაქტირებაადამიანის სიკვდილი მნიშვნელოვანი მოვლენაა ვარაოს მთელ კოლექტივში, და ამ დროს იწყება უდიდესი მწუხარების ნათელი დემონსტრაცია. დასახლების მაცხოვრებლები ტირიან ჰამაკის გარშემო, სადაც გარდაცვლილი წევს. ქალები დიდი წუხილით იხსენებენ თვიანთ ურთიერთობას გარდაცვლილთან და ამ დროს მისი ახლო ნათესავი მამაკაცები მიდიან ტყეში მორის საძებნელად. მორს შემდეგ გამოფიტავენ და კანოეს ფორმას მისცემენ. ამან უნდა შეასრულოს კუბოს ფუნქცია. გარდაცვლილს ჩასვამენ კანოეში მის სხვადასხვა კუთვნილებებთან ერთად (ვარაოს სჯერა რომ ეს საგნები სხვა ადამიანებსაც სიკვდილს მოუტანს). კუბოს თავზე ადებენ პალმის ფოთლებს და მიაქვთ სასაფლაოსკენ. სასაფლაოზე ორი სახის საფლავის ნახვა შეიძლება: ერთი არის პირველადი, სადაც ტალახითა და მცენარეებით დაფარული კუბო მიწიდან 80 სანტიმეტრით ზევით არის ამოწეული, ორ ბოძზე დამგარი, და მეორადი საფლავი მიწის ქვეშ, რომელიც გარდაცვლილის ამოთხრისას ხელახლა კეთდება. ეს უკანასკნელი კეთდება წლის ბოლოს ნათესავების მიერ. მოხუცებული ქალის იღებს ძვლებს და უფრო პატრა კუბოში აწყობს, რომელიც შემდეგ იმარხება. თუ გარდაცვლილი მნიშვნელოვანი რელიგიური პირი იყო, მაგალითად ვისირატუ შამანი, საფლავის თავზე პატარა ქოხი შენდება.
საიქიო
რედაქტირებავარაოს სჯერა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია სულიერი ორეული- მეჰიკოჰი, რომელიც მის სასიცოცხლო ენერგიას წარმოადგენს. ის თავდაპირველად ყოფილი ადგილსამყოფელის არეალში დაძრწის, მაგრამ საბოლოოდ, იმის მიხედვით, თუ რა მაგიურ-რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა ცხოვრებაში, ჩასახლდება რომელიმე უმაღლესი შამანის კანობოში - წმინდა ქვაში.[2] გარკვეულ დასახლებებში არსებობს ტრადიცია სიკვდილის შემდეგ ოჯახის მიერ სხვა ტეროტორიაზე გადასახლების, რადგან მათ სწამთ, რომ მიცვალებული სული ამ ტერიტორიაზე იქნება და ხშირად შეაშინებს ოჯახის წევრებს. ისინი გადასახლდებიან სხვა ტეროტორაზე, სადაც საცხოვრებლის მშენებლობა უკვე დაწყებული ჰქონდათ, როდესაც ადამიანი დააავადდა და სიკვდილს მოუახლოვდა. გადარკვეული ვარაოს წარმომადგენლები ამ ტრადიციას ხსიან წარმოდეგენით, რომ ადამიანის გარდაცვალების დროს მათ სიახლოვეს ჰებუ სულები დადიან.[9]
რელიგია დღეს
რედაქტირებადღეს ნელ-ნელა იცვლება ვარაოს დამოკიდებულება ტრადიციულ რწმებებსა და ტრადიციებთან მიმართებაში. დასავლურმა მედიცინამ, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია, გავრცელდა ვარაოს კულტურაში, შეძლო ადგილობრივი მოსახლეობის იმუნიზება მრავალი ეპიდემიური დაავადებების წინააღმდეგ. ამან ვარაოს დაანახა ზებუნებრივი არსებების და ღმერთების უძლურება თანამედროვე მედიცინასთან შედარებით და ხშირად ისინი აღარ გრძნობენ თავს ვალდებულად შეასრულონ თავიანთი წილი ღმერთებთან ურთიერთობისას, როგორიც მათი მოვლა და მომარაგებაა შესაწირავითა და საკვებით. ასევე ცნობილია, რომ ვარაოს ერთ-ერთ დასახლებაში ადგილობრივებმა მათი ერთ-ერთი მთავარი ღმერთი უკაცრიელ კუნძულზე მიატოვეს (სავარაუდოდ იგულისხმება, რომ კუნძულზე დატოვეს ამ სულის აღმნშვნელი კანობო.). ამ კუნძულს მოიხსენიებენ, როგორც „ადგილი სადაც ღმერთი მოკვდა“.[8]
სოციალურ-პოლიტიკური წყობა
რედაქტირებასოციალური წყობა
რედაქტირებავარაოს კულტურაში ოჯახის სტანდარტული ფორმა გაფართოებული ოჯახია. ოჯახის საცხოვრებელი მატრილოკალურია და სტანდარტულ ოჯახში ბავშვები ცხოვრობენ თავიანთი დედის, დაბაის, სახლში, თავიანთ მამასთან, არაჰისთან, ერთად. წყვილის ვაჟიშვილები (დავა), რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ, ქმნიან დაქვემდებარებულ მუშათა ჯგუფს და მათ ნებუტარუები ეწოდებათ. ისინი ამარაგებენ ოჯახს საკვებით (თევზაობით, ნადირობით და სხვადასხვა აგრარული მეწარმეობით). ფაქტობრივად, გაფართოებული ოჯახი წარმოადგენს კორპორატიულ სტრუქტურას, რომელიც მის წევრებს ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა პირობით უზრუნველყოფს.[10]
იერარქიულ დაყოფას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის წარმოებასა და გავრცელებაში. ოჯახის მეთაურია ჰანოკო ოროტუ ანუ „სახლის მეპატრონე ქალბატონი“, რომელიც დიდი პატივით სარგებლობს. მის მოვალეობაში შედის პროდუქციის გადანაწილება სახლობის წევრთა შორის. მნიშვნელოვანი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში მას დებისგან (აუცილებელი არ არის, რომ ისინი ბიოლოგიურ დებს წარმოადგენდნენ) შემდგარი ძირითადი ჯგუფი ეხმარება. საცხოვრებელი ერთეული, რომელშიც მთელი ოჯახი ბინადრობს სწორედ ჰანოკო ოროტუს და მისი დების ჯგუფის ირგვლივ აშენებული ნაგებობებისგან შედგება. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, მას ხელმძღვანელობს ჰანოკო ოროტუს მეუღლე არაჰი. მის შემდეგ მეორე პირია უფროსი ქალიშვილის ქმარი, დავა ავაჰაბარა, რომლის მეშვეობითაც არაჰი დანარჩენ ჯგუფს ხელმძღვანელობს. დავა ავაჰაბარას მოვალეობაში შედის გაუძღვეს არაჰის ქალიშვილებისა და შვილიშვილების ქმრებს, ჰარაიაბებს.[1]
დროთა განმავლობაში მოხუცებული წყვილის გარშემო არსებული სახლობა ფართოვდება, ხშირად ოთხ თაობამდე ადის და მოიცავს მათ დაუქორწინებელ შვილებს, ქალიშვილებსა და ქმრებს თავიანთი ოჯახებითურთ. ვარაოს საზოგადოებაში ქალიშვილის ყოლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ვაჟის.[11] განსაკუთრებული ადგილი უკავია სიმამრისა და სიძეთა (დავათუმა) ურთიერთობას. გაფართოებული საცხოვრებელი ერთეული შეიძლება 100-ზე მეტ ადამიანს მოიცავდეს. ამ დროს უკვე ახალი დასახლება წარმოიქმნება და არაჰი ახალ მოვალეობას, სოფლის თავობასაც ითავსებს და მას აიდამო ეწოდება. არაჰისა და ჰანოკო ოროტუს გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრთა ნაწილი ხშირად დამოუკიდებლად აარსებს საკუთარ სახლობას.[10][12]
ქორწინება
რედაქტირებაქორწინება ენდოგამურია აგდილობრივ ჯგუფში, რომელსაც ერთი ან რამდენიმე საერთო წინაპარი (აჰოკონამუ) ჰყავს და ადგილობრივ მდინარესთან სახლობს. თუმცა ქორწინება ეგზოგამურია ნათესაურ ჯგუფთა მიხედვით და არ ხდება ერთი სახლობის (გაფართოებული ოჯახის) მცხოვრებთა შორის. ოჯახის საცხოვრებელი მატრილოკალურია და ახალი სიძე თავისი სიდედრის სახლში გადადის, რომელიც, როგორც წესი, თავდაპირველ საცხოვრებელთან მაქსიმალურად ახლოსაა განთავსებული. ქორწინებისას კაცი იღებს ვალდებულებას, რომ იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ ცოლ-შვილზე, არამედ შეასრულოს გარკვეული მოვალეობები მთელი სახლობის წინაშე. იგი მონაწილეობას იღებს შეძენილ ნათესავთათვის სახლების მშენებლობასა და საკვების მოძიებაში. რაც შეეხება ქორწინების ასაკს, ქალი ქორწინებისთვის მზად ითვლება მომწიფების ასაკის მიღწევისას, ანუ მენსტრუაციის დაწყებისასვე. მაღალი სტატუსის მქონე საცხოვრებელი ერთეულის თავმა შეიძლება შეირთოს მეორე ცოლი, რომელიც მისი მთავარი ცოლის ასისტენტი (ატეკორო) იქნება, როგორც წესი, ატეკორო მისი ძმისშვილი ხდება. ხშირად პოლიგინურ ქორწინებას ავტომატური სახე აქვს, როდესაც კაცი ვალდებულია ცოლად შეირთოს დაქვრივებული ცოლის და. წყვილების ქორწინება, რომელთაც რამდენიმე შვილი ჰყავთ საკმაოდ სტაბილურია და იშვიათად ვხვდებით განქორწინების ფაქტებს. დაქვრივებული მამაკაცი საცხოვრებლად სხვა სახლობაში გადადის, თუმცა ვალდებულია, რომ შვილები დატოვოს. მათ აღზრდას აიდატუ ითავებს, რომელიც, როგორც წესი, დედის მხრიდან ბაბუა ხდება.[2][12]
სოციალიზაცია
რედაქტირებაბავშვები სწავლობენ პირდაპირი მაგალითებისგან და არა ფორმალური ინსტრუქციებით. ბავშვები, რომელთაც რელიგიური პრაქტიკოსობა, მაგალითად შამანობა სურთ და ისინი, ვინც პროფესიონალი ნავთმშენებლებობისკენ მიისწრაფვიან გადიან სპეციალურ სწავლებებს. ბავშვისთვის მოდელს, რომლის მიხედვითაც ყოველდღიური ქცევა უნდა ისწავლოს, იგივე სქესის მშობელი წარმოადგენს. ახალშობილზე ორივე მშობელი ზრუნავს, თუმცა ხშირად ბავშვის მოვლას უფროსი დები ითავებენ ხოლმე. ზოგადად, გოგოებისთვის ბავშვობის პერიოდი საკმაოდ მალე მთავრდება. 8 წლის ასაკისთვის ისინი უკვე დაკავებულნი არიან ახალგაზრდა ქალთა ჩვეული საქმიანობით. ისინი ბავშვის მოვლის გარდა დედისგან სწავლობენ ცეცხლის დანთებასა და შენახვას, საკვების მომზადებას. თუ ოჯახს ამის შესაძლებლობა აქვს მამა მას საკუთარ ქვაბს ჰყიდულობს, რომლის გამოყენებითაც იგი საკვების გარდა მცენარეული წამლების დამზადებასაც სწავლობს.[13] ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მომენტად ითვლება ოთხი წლის ასაკი, ვარაოს ხალხს სჯერა, რომ ამ პერიოდში ეხსნებათ ბავშვებს ცნობიერება და ამ ასაკიდან ითვლებიან ისინი სრულფასოვან ადამიანებად.
ოთხი წელი არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ასაკი, ვარაოს კულტურაში ვხვდებით სპეციალურ ცერემონიებს, რომელიც ადამიანის განვითარების ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლის აღსანიშნავია. მაგალითად მენარჩე, ცერემონია, რომელის დროსაც გოგონა გადადის ანიკაბადან უკვე ქორწინებისთვის მზად მყოფ ახალგაზრდა ქალში, რომელსაც იბომა ეწოდება. იბომა პირველი ან მეორე შვილის გაჩენის შემდეგ უკვე ზრდასრულ ქალად ითვლება და მას ტიდა ეწოდება.[2]
პოლიტიკა
რედაქტირებატრადიციულად პოლიტიკური ოფისის დაკავება უფროსი შამანის როლის ექვივალენტური იყო, თუმცა კოლონისტების მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ბელადი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები გარეშე ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ. კაბიტანა (კაპიტანი), როგორც წესი, სოფლის ყველაზე ძლიერი საცხოვრებელი ერთეულის თავი ხდებოდა. ბისიკარი (წარმოიქმნა ესპანური სიტყვიდან fiscal) ან ბორისია (ესპანური policia) კი შედარებით პატარა ერთეულების თავები ხდებოდნენ. ადგილობრივი მმართველი (კობენაჰორო) ხელმძღვანელობდა დელტის ერთი ტოტის ირგვლივ არსებულ ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ვარაოთათვის არ არსებობს მიწის საკუთრების კონცეფცია, ვარაოს ჯგუფის თავი ვალდებულია, რომ დაემორჩილოს ადგილობრივ კობენაჰოროს. პოლიტიკური ოფისების პრესტიჟი განისაზღვრება დაქვემდებარებულ მუშაკთა (ნებუ) რაოდენობის მიხედვით. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ხმაურიან მისალმებას დაიმსახურებენ ისინი რიტუალური ცეკვების დროს, როგორებიცაა მორიჩეს რიტუალის დროს (ნაჰანამუ) ან ნაყოფიერების რიტუალის დროს (ჰაბი სანუკა). ბოლო წლებში, ვენესუელის ხელისუფლებამ შემოიღო ხელფასის მქონე პოლიციის ინსტიტუტი - კომისარიოები. თუმცა მათ საკმაოდ მცირე გავლენა აქვთ ყოველდღიურ საქმიანობებზე.
ბელადებსა და სხვა პოლიტიკური თანამდებობების წარმომადგენლებს რეალურად ძალიან ცოტა იძულებითი ღონისძიების გატარების საშუალება აქვთ. საჩივრის საფუძველი, როგორც წესი, უბრალო ჭორი ან უკმაყოფილების გამოთქმა ხდება. ანტისოციალური ქცევის აღმოფხვრა კი ეფექტურად ხდება დამნაშავის დაცინვის და მასხრად აგდების გზით. შამანებს კი , განსაკუთრებით ჰოაროტუ შამანებს, ხელისუფლებისგან განსხვავებით დიდი ძალაუფლება აქვთ, ისინი დიდ გავლენას ახდენენ მოსახლლეობაზე ჯადოქრობისა და ზებუნებრივი არსებების შიშის ჩანერგვით.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, სამართლებრივ დავებს და უთანხმოებს საზოგადოებაში აგვარებენ ამონიკატას გამოძახებით, ან იწვევენ უხუცესთა კრებას, რომელიც აანალიზებს საქმეს და იღებს გადაწყვეტილებას, ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. მათ მოვალეობაშივე შედის გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სასიცოცხლო სტრატეგიები, მგზავრობა და სხვადასხვა სამართლებლივ საკითხთა მოგვარება ეროვნულ ინსტიტუტებთან თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.[2]
დასახლებები
რედაქტირებატრადიციული სოფლების მოსახლეობა შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, დაწყებული 25-კაციანი გაფართოებული ოჯახიდან დამთავრებული მჭიდროდ შეკავშირებული ოჯახების 250-კაციანი ჯგუფით. აკულტურიზებული მკვიდრი ამერიკელები შეიძლება ცხოვროდნენ ხე-ტყის მხერხავი და პალმების საწარმოების მახლობლად, მეოცე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებამდე კი დასახლებების უმეტესობა მორიჩე პალმების კორომებში სახლობდნენ, სადაც ვარაოს პატარა 3 მეტრი სიგრძე-სიგანის მორიჩეს ფოთლებით გადახურული და ამავე პალმის ღეროებისგან გაკეთებული იატაკის მქონე ქოხები ჰქონდათ.[14] მაგრამ ოკუმოს გამოჩენის შემდეგ, მრავალი ჯგუფი მდინარის ნაპირების ღია ხეობებში გადავიდა. დღეს სოფლების უმეტესობა სწორედ აქ არის განლაგებული. ისინი წარმოადგენენ 8 მეტრი სიგანისა და 12 მეტრი სიგრძის მჭიდროდ განლაგებულ სახლებს, რომლებსაც რამდენიმე პატარა სამზარეულო და ტრადიციულ დასახლებებში „მენსტრუაციის ქოხები“, საცეკვაო მოედნები და ორსართულიანი სარიტუალო ნაგებობები ჰქონდათ. ვარაოს სახლები ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგებიან: იტაკისგან, რომელიც წყალს ზემოთ, ჩოფეხებზე გადებული და მანაკა პალმის ღეროებით დაფარული ხიდებივითაა და ტემიჩე პალმის ფოთლებით გადახურული სახურავისგან.[2]
სოფლები და სახლები
რედაქტირებაწყალზე განლაგებული მართკუთხედი ფორმის საცხოვრებელი ტიპურია მდინარის დელტისთვის, ხოლო აღმოსავლეთისკენ კი მართკუთხედის ფორმის ქოხები ყველანაირი ხიმინჯის გარეშე შენდიბა პირდაპირ მიწაზე. გუმილას მოღვაწეობისას ვარაუ თავიანთ სახლებსა და მათ შორის დამაკავშირებელ გზებს აშენებდნენ ჩვეულებრივ პლატფორმებზე, რომლებსაც აკავებდნენ ბოძები. ეს ბოძები იმდენად ღრმად იყვნენ ჩარჭობილნი დელტას ფსკერში, რომ მყარ მიწას აღწევდნენ. მე-19 საუკუნეში ჰილჰაუსმა აღწერა სოფელი, სავარაუდოდ პატარა, რომელშიც სახლის პლატფორმები შენდებოდა მაურიტია პალმების ღეროებზე, პლატფორმის ფილების არაბუნებრივი განაწილებით. სახლის პლატფორმა შედგებოდა ხის ღეოებისგან შემდგარი ორი ფენისგან და დამატებიტი თიხის ფენისაგან. ზოგი ასეთი სახლი 150 ადამიანს უძლებდა. მ.რ. სქომბურკი იხსენიებს ბარიმას მდინარეზე დასახლებულ პატარა საზოგადოებას, რომელთაც ძალიან პატარა(2-2.5მ) ქოხები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ გუმილას დროს დელტას დასახლებები სავარაუდოდ დიდები იყო, დღესდღეობით აღმოსავლეთისკენ საკმაოდ პატარა დასახლებება, რომლების 6-8 ოჯახისგან შედგებიან.
სახლებს აქვთ წვეტიანი სახურავი, რომელიც პალმის ფოთლებითაა გადაფარული, და ორი ცენტრალური განშტოებული წკირი, რომლებზეც დამაგრებულია შვერილი ბოძი. სახლის კიდეები ღიაა, მას არ აქვს კედლები, მაგრამ დაქანებული სახურავი ეშვება თითქმის იატაკამდე.
ოჯახის ავეჯი შეიცავს ჰამაკებს, რომლების მაურიტია პალმის ბოჭკოებისგანაა და გამოიყენება საძინებლად, და პატაკა ხის ტაბურეტებს, რომელთაც ხშირად აქვთ ჩაღუნული საჯდომი და ზოგ შემთხვევაში არიან ზოომოტფულად ამოკვეთილი.[3]
ჩაცმულობა
რედაქტირებამამაკაცები თითქმის შიშვლები დადიან, გარდა სპეციალური ბუდისა, რომლითაც მხოლოდ პენისს იმოსავენ, ან წელზე შემოხვეული ნაჭრისა, რომელიც პენისის გარშემო მეტ ფართობს ფარავს. ისინი ატარებენ მაღალ წვეტიანი ბოლოს მქონე ქუდებს, რომლებიც არიან ტრული პალმის გარსისგან დამზადებული, შემდეგ კი დამბალი და გაჭიმული. იაგუარის ტყავის ქუდები შესაძლოა მხოლოდ ბელადებისათვისაა. სადღესასწაულო მოვლენებზე კაცებს უკეთიათ ბუმბულების გვირგვინები და მაურიტია პალმის ბოჭკოებისგან დამზადებული ბეჭდები.
ქალები ატარებენ მაურიტია პალმის ბოჭკოებისგან დამზადებულ წინასაფარს, რომელიც წელს გარშემო აქვთ შეკრული. კაცები და ქალები იხვევენ განიერ ბამბის ქსოვილს მუხლების ქვეშ. მოზარდებს უკეთიათ ყელსაბამები, ბავშვებს კი სამაჯურები, რომლებიც დამზადებულია ხილის კურკებისა და მარცვლებისაგან.
ორივე სქესის წარმომადგენლები იშორებენ ყველანაირ თმას სახეზე, წარბებსაც კი, და ასევე ბოქვენის თმასაც. როდესაც ბავშვი უკვე ხოხვას იწყებს, მას მთლიანად აჭრიან თმას. ორივე სქესის წარმომადგენლები ატარებენ შუბლზე შეჭრილ თმას. მამაკაცებს თმა მხრებამდე აღწევს, ხოლო ქალები მას პალმისგან დამზადებული თოკით იკრავენ. ესექუიბო მდინარეზე მამაკაცები იპარსავენ თმას ყურების გარშემო, ქალები კი ძალიან გრძელ თმას ატარებენ. ქვრივები და, იშვიათად, გარდაცვლილი ადამიანის ახლო ნათესავები თმას მოკლედ იჭრიან.ქალები და კაცები თავიანთ სახეებს ბიგონინა ჩიკა, ბიქსა ორელანასა და ჰომალიუმის წვენით იხატავენ. მამაკაცები იხატავენ ხაზებს, რომლებიც მათ სახეზე გამოსახული წერტილებით ბოლოვდებიან, ხოლო ქალები იხატავენ ორ შემოსაკრავს წინამხრის გარშემო და ერთს მუხლების ქვეშ. ქალები და კაცები ტატუირებენ სახეს პალმის ეკლებითა და კოროვატის ხილის წვენით. ტატუ იღებს ზემოთ გაღუნული ულვაშისა და წარბების ფორმას.
ადრე ვარაოს ხალხი ყურებსაც იხვრეტდა, თუმცა არაა ცნობილი ატარებდნენ თუ არა ისინი საყურეებს. ორივე სქესის წარმომადგენლები ატარებდნენ ვერცხლის ოვალურ ფირფიტებს, რომლებიც ეკიდა ხვრელს, რომელიც კეთდებოდა ცხვირის ტიხარში და ფარავდა ზედა ტუჩს. ყურებსა და ცხვირში ნახვრეტებს ბავშვს დაბადებიდან მალევე უკეთებდნენ და აკავებდნენ მათ ღიად ხის პატარა ნატეხებით. წვიმისგან დამცავებს, რომლებიც პალმის ფოთლებისგან იყო ნაქსოვს, თავს ზემოთ ატარებდნენ.[3][15]
წარმოება
რედაქტირებამიწათმოქმედება
რედაქტირებამანიოკის მოყვანა სავარაუდოდ არავაკთა გავლენით დაიწყეს. ვარაოს ხალხი უწოდებს მანიოკისგან მიღებულ სახამებელს იგივეს, რასაც მაურიტია პალმისგან მიღებულ სახამებელს. მდინარე ბარიმაზე ისინი ურევენ მას მწვანეგულიან მარცვლებსა და მაურიტია პალმის გულს. დღეს მწარე მანიოკთან ერთად, მრავალძარღვა, ჩილეს წიწაკა, შაქრის ლერწამი და საზამთრო მოჰყავთ. ხეების ჭრა კოლექტიური სამუშაოა, რომელიც შემდეგ აღინიშნება. მთელ დანარჩენ საქმეს ქალები აკეთებენ.
თევზაობა
რედაქტირებაყველაზე მნიშვნელოვანი საარსებო საქმიანობა. ვარაო თევზაობენ უბუმბულო ისრებით. ზოგი ისრის წვერს კაუჭის ფორმა აქვს, სხვებს კი სამი მაგარი მერქნისგან დამზადებული კბილაკი. ასევე გამოიყენება ჰარპუნის ისრები, რომელთაც ისვრიან ისე, როგორც შუბებს, მსუბუქი შუბები, კაუჭები და ცილინდრული სასროლი ხაფანგები, რომლებიც დამზადებულია ხის ქერქისგან და გამოიყენება ჰაიმარა თევზისა დასაჭერად. მცენარეული შხამით ისინი აბრუებენ თევზს, რომელიც შემდეგ წყლიდან პირდაპირ ხელით ამოჰყავთ. სილურუსის ჯიშის თევზს იჭერენ რამდენიმე სატყუარიანი კაუჭით, რომლებიც შეერთებულია და გადაბმულია ცარიელი ყელიანი გოგრისაგან გაკეთებულ ლივლივასთან. მშვილდ-ისრითა და ისრებით თევზაობისას ვარაოს ხალხი წყალში ყრის ხილს როგორც სატყუარას.
ნადირობა
რედაქტირებანადირობა არაა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც თევზაობა. მშვილდ-ისარი და ისრები ერთადერთი იარაღა, რომელიც გამოიყენება ამ საქმეში. ისრებს აქვთ ორი ბუმბული, რომლებიც ორი ან სამი შეხვევის შედეგად მაგრდება. ისარზე დამაგრებულია შხამი. გარეულ ღორებს იჭერენ ჩვეულებრივი დაწნული მახეებით, რომლებსაც ფუღუროიანი ხეების უკან ათავსებენ, რომლებიდანაც ცხოველებს ყრიან ჯოხებითა და ცეცხლით. ვირთხები ხვდებოდნენ მახეში, რის შემდეგაც იჭმეოდნენ. პატარა ჩიტებს ძირითადად იჭერენ ბიჭები, რამდენიმე მარყუჟიანი ხაფანგებით, რომლებსაც ამაგრებენ მათ ბუდეებთან. ნადირობისას ძაღლებიც გამოიყენება. მოკლული ირმის ან გარეული ღორის წასაღებად მონადირე ჯერ მის ფეხებს კრავს, შემდეგ ავლებს მათ შორის ხელებს და ისე იკიდებს, როგორც ჩანთას. ის ტოვებს ნადირს სახლიდან გარკვეულ მანძილზე, რის შემდეგაც ნადირი სახლში ქალს შეჰყავს. მამაკაცები ჭრიან ისეთ დიდ ცხოველებს, როგორებიცაა ტაპირი,გარეული ღორი და ირემი, ქალები კი ასუფთავებენ და ამზადებენ შიგნეულობას. პარატა ნადირს კი ქალები თავისით ჭრიან და ასუფთავებენ.
ველური საკვების შეგროვება
რედაქტირებაბოსსტნეულის მთავარი მომმარაგებელი ვარაოსთვის არის მაურიტია პალმა. გუმილა, რომელმაც შეისწავლა ამ ხის გამოყენება სამშენებლოდ, სამრეწველოდ და საკვებად, აღწერს: ხე იჭრება და უკეთდება ტუნელისებრი ხვრელი წვენის შესაგროვებლად. წვენი გროვდება ყოველ საღამოს და შემდეგ იგი დუღდება და რამდენიმე დღის შემდეგ იგი ძმრად იქცევა. გამოიყენება თევზებისა და პალმების მატლების მოსამზადებლად. როდესაც მთლიანი წვენი გამოვა ხის ღეროში დარჩენილ მასას რეცხავენ, ჭიმავენ, აშრობენ და ავლებენ სახამებელში, რომელსაც იურამა ეწოდება, რათა გამოიყენონ პურის დასამზადებლად. როთი (1924, pp. 215–216) ოდნავ განსხვავებულად აღწერს: როდესაც ხე იწყებს ხილის მოსხმას, მას ერთი მხრიდან აჭრიან დიდ ნაჭერს, ხოლო შიგთავსს აქუცმაცებენ, ღეროს დარჩენილი ნაწილი გამოიყენება როგორც გობი, რომელშიც დაქუცმაცებულ შიგთავსს ანაწევრებენ წყლის გამოყენებით, რომლის შედეგადაც მას გამოეყოფა სახამებლის საკმაო რაოდენობა. შემდეგ აცლიან ბოჭკოვან ნაწილაკებს, ხოლო ნალექს, ან არუს, აგურის ფორმა ეზლება. მას ანაწილებენ ქვებზე ან რკინის თეფშებზე, რომლებსაც ცეცხლზე ათავსებენ. საბოლოოდ გამოდის საკმაოდ ნოყიერი, მაგრამ ამავდროულად ძნელად დასაღეჭი პური.ისინი ჭამენ ხორცსაც და მაურიტია პალმის ხილის გულებსაც. ამ უკანასკნელს ჭყლეტენ და მისგან ამზადებენ გამაგრილებელ სასმელს.ვარაო აგროვებენ მწვანეგულიან მარცვლებს, ტკბილ კარტოფილს, იასმებს და ანანასებს, თუმცა ამათგან ზოგი მხოლოდ მითებშია ნახსენები. კრაბებსა და ზოგიერთ ჭიებსაც(ხეში გაკეთებული ხვრელებისგან) აგროვებენ.ხის ფისს ინახავენ ცეცხლის დასანთებად. ხის წებოს, რომელიც ტაბებუია ლონგიპესიდან მოიპოვება, შოულობენ ხეში ჭრილების გაკეთებით. ცვულთან და ხის კარგად დაფშხვნილ ნახშირთან შერევის შემდეგ მას იყენებენ ისრებზე ისრების წვეროების მისამაგრებლად, ანკესისა და ჩვეულებრივი ძაფების ცვილით დასაფარავად, კანოეების მოსახატად.[15]
საჭმლის მომზადება
რედაქტირებასაჭმლის მომზადების მთავარი მეთოდი არის ბარბრაკოტი: ჰორიზონტალურად განლაგებული ჯოხები, რომლებიც ვერტიკალურად აშვერილ ოთხ წკირზეა დამაგრებული. ხორცი და თევზი იჭმევა პირდაპირ ან ზოგ შემთხვევაში შებოლილადაც. მანიოკის მოსამზადებლად გამოიყენება იგივე მეთოდები, რაც გამოიყენება მეზობელ არავაკის და კარიბის ტომებში. მწვანე გულიან მარცვლებს ხეხავენ, ათავსებენ სუფთა წყალში რათა გამოყონ სახამებლის შემცველი ნივთიერება, განმეორებით რეცხავენ რათა შეამცირონ სიმწარე, ურევენ დამპალ ხეს,რომელიც წინასწარ დანაყული და გაცრილია.
დაწნული ნაწარმი
რედაქტირებანივთები, რომლებიც პალმის დაწნული ფოთლებისგან მზადდება: პატარა ხალიჩები, კალათები, სხვადასხვა ფორმის ყუთები, წრიული შეღუნული სინები, ცეცხლისა და კოღოების საწინააღმდეგო მარაოები, ტიპიტი, ე.წ. "თითების დამჭერი". ზოგი კალათა მზადდება მხოლოდ ერთი დიდი ფოთლისგან, მათ ძირითადად მამაკაცები ქსოვენ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ქალები. დაწვნის ხელოვნება ასევე გამოიყენება ორი ყელიანი გოგრის ერთმანეთზე გადასაბმელად, რომლებიც გამოიყენებიან როგორც სათევზაო ტივტივა.
ქსოვა
რედაქტირებაქსოვენ ჰამაკებსა და ბამბის წვივსაკრავებს, შუბლსაკრავებს, წელსაკრავებს, და ბავშვების სატარებელს. ამ ყველაფერს ქსოვენ ქალები სპეციალურ საქსოვ დაზგებზე მეზობელი ტომების მსგავსად. დაახლოებით 30 წლის წინ ქსოვით კაცები იყვნენ დაკავებულნი. ქალები ამზადებდნენ თოკებსა და სიმებს ერთი, სამი ან რვა ბოჭკოსაგან.
ნაჯახები
რედაქტირებანაჯახებს თავდაპირველად არ იყენებდნენ, გუმილას დროს ხეების მოჩეხვას იხინი მხოლოდ ცეცხლის საშუალებით ახერხებდნენ. მეზობელი ტომებიდან ხანდახან შემოქონდათ ორპირიანი კელტები.[1][3]
კანოეს შექმნის შესახებ
რედაქტირებაკანოეს ვარაოს კულტურისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწავლულები შეიძლება ჭოჭმანოდბდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეარჩიეს მკვიდრმა ამერიკელებმა კანოე, თუმცა არა ვარაო. ისინი დარწმუნებული არიან, რომ კანოე უძველესი ნივთი იყო, რომელიც ადამიანებზე ადრე გაჩნდა დედამიწაზე. გამომგონებელი მათი კულტურის გმირი ჰაბურია. მის დიზაინს ოსტატი ხელოსნები დღემდე იცავენ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, თავდაპირველი კანოე იყო მეტი, ვიდრე უბრალო მატერიალური კულტურა.
ტრადიციული ასპექტების უკეთ ასახსნელად უნდა გამოვიკვლიოთ ვარაოს მითური გეოგრაფიის პირველი თავი. დასაბამისდროინდელი ბრტყელი დედამიწის ფირფიტა დაყოფილი იყო მეოთხედებად. ვარაოს წარმოშობის ამბის თანახმად, ჩრდილო-დასავლეთ მეოთხედზე სახლობდნენ ნუტრია, რომლებიც მეთევზეები იყვნენ. სამხრეთ-დასავლეთ მეოთხედი ეკუთვნოდა მითურ ბაყაყს, რომელსაც ბოლქვიანი ბოსტნეული და სიმინდი მოჰყავდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ მეოთხედი „პეკარიებზე მონადირესი“ იყო. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ მეოთხედი ძირითადად წყლით და ჭაობით იყო დაფარული, ვარაო სწორედ ამ ჭაობიან ადგილებში წარმოიშვნენ და მანგროს ტყეების მეფურაჟეობას ეწეოდნენ.
მიწიერი ისტორია იწყება პეკარიებზე მონადირის საგმირო საქმეებით. შამანური მანაკა პალმით ის მიფრინდა ნუტრიას მიწებზე, რათა მორიჩე საგო მოეპარა. თევზი და საგო ნუტრიას ძირითადი პროდუქტები იყო. ქურდი ორმა დამ შეამჩნია და აიძულა ის ორივე ცოლად შეერთო. პეკარიებზე მონადირე დათანხმდა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნების ნებას დართავდნენ, სადაც იცოდა მომავალი ოჯახის შენახვას როგორ შეძლებდა. მოგვიანებით უმცროსმა დამ შვა ჰაბური, კანოეს შემქმნელი.
ჰაბური ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც ოგრმა მამამისი მოკლა. ავი სულისგან გაქცევისას, დემბა წაიყვანეს ბავშვი და თავიანთ ხალხთან დაბურნება ცადეს. მაგრამ ოგრმა დააშინა ისინი, რომ ნუტრიას მიწებამდე ჩაასწრებდა, ამიტომ ქალებს თავშესაფრის ძიება ხე-ბაყაყ-ქალ ვაუტას სახლში მოუხდათ. ვაუტას წყალობით ბიჭი ჯადოსნურად გაიზარდა. ვაუტამ უთხრა ყმაწვილს, რომ თავად იყო მისი მშობელი დედა. ამ გაუგებრობის გამო ჰაბურის ინცესტი ჰქონდა თავის ნამდვილ და მეორე დედასთან (დეიდასთან). ჰაბურიმ სიმართლე ამ საზარელი დანაშაულის შესახებ ნუტრიასგან, დედის ნათესავებისგან, შეიტყო. ის ფაქტი რომ გაუცნობიერებლად შესცოდა, მის დანაშაულს ვერ შეამსუბუქებდა. სინდისის ქენჯნამ ჰაბური უმიზნო მოხეტიალედ აქცია. მას მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა გონებაში: თავი დაეღწია ვერაგი ბაყაყი-ქალისგან.
უნებლიე ინცესტი და დარღვეული წესერიგის აღდგენის სურვილი კანოეს შექმნის მთავარი მოტივაცია გახდა. ჰაბურიმ ჯერ ცვილის გამოყენბა სცადა, შემდეგ მანაკას ყლორტებისა და ქერქის, ბოლოს კი კაჩიკამოს ხის ტანისგან დამზადება მოიფიქრა. ნაძალადევი დედები და მათი შვილი გაიქცნენ ბაყაყი-ქალისგან, ჩაუარეს ნუტრიას მიწებს და თავიანთი კანოეთი დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტლში მივიდნენ. აქ მოსფლიო მთა ნაპირამაზე ჩამოსხდნენ და დარჩნენ სამუდამოდ თავიანთ ტრაგიკულ მარტოსულობაში.
კანოე და ნიჩაბი კი დედამიწის ცენტრში დაბრუნდა, როგორც ახალი დასაბამიერი წყვილი, რათა დამკვიდრებულიყო ჭაობის ინდიელებთან , რომლებიც იქ გამოჩენილიყვნენ ამასობაში. კანოე გველ დაუარანიდ გადაიქცა, ხოლო ნიჩაბი მის მამრ მეწყვილედ. დაუარანი გახდა პირველი მღვდელი-შამანი დედამიწაზე. თუმცა ის და მისი მეწყვილე დავის გამო დაშორდნენ. დაუარანი უკიდურეს სამხრეთში წავიდა, სადაც მსოფლიო მთა კაროშიმო იყო. შემდეგ დაუარანი წამოვიდა იქიდან, რათა სამუდამოდ დამკვიდრებულიყო, როგორც ზამთრის მზე: მისი სული აისში ცხოვრობს, ხოლო სხეული დაისში. ნიჩაბი ჭაობის ინდიელებთან დარჩა.
ნიჩბის მსგავსად კანოეს ოსტატები ქალღმერთის მეწყვილეები არიან. ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე დამოკიდებულნი რჩებიან. კანოეს ოსტატი და ქალღმერთი დაუსრულებლად ეტრფიან ერთმანეთს. მიწიერ სამყაროშ ეს ურთიერთობა ვითარდება ხელოსანსა და იმ ხის სულს შორის, რომელსაც კანოედ გარდაქმნის. საიქიოში ოსტატის სული ქალღმერთს შეუერთდება სამხრეთ-აღმოსავლეთში, ზამთრის მზის მსოფლიო მთაზე.[16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.warao.org დაარქივებული 2017-05-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Willbert, J. (1994). South America (Vol. VII, Encyclodepia of Word Cultures). New York, NY: G.K. Hall &, an imprint of Simon & Schuster Macmillan.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Heinen, H. D., & Beierle, J. (2001). Culture Summary: Warao. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-000
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Kirchhoff, P. (1946–1959). Warrau. Handbook Of South American Indians, Edited By Julian H. Steward. Washington: U.S. G.P.O. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-003
- ↑ 4.0 4.1 4.2 Wilbert, J. (1972). Fishermen: The Warao Of The Orinoco Delta. Survivors Of Eldorado; Four Indian Cultures Of South America. New York: Praeger Publishers. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-007
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Wilbert, J. (1980). Warao Indians Of The Orinoco Delta. Demographic And Biological Studies Of The Warao Indians. [Los Angeles]: UCLA Latin American Center Publications, University of California, Los Angeles. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-033
- ↑ Wilbert, J. (1993). Mystic endowment: Religious ethnography of the Warao Indians. Cambridge, MA: Harvard University Center for the Study of World Religions
- ↑ Wilbert, J. (1964). Warao Oral Literature. Monography. Caracas: Editorial Sucre. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-005
- ↑ 8.0 8.1 Wilbert, J. (1983). Warao ethnopathology and exotic epidemic disease. Journal of Ethnopharmacology, 8(3), 357-361. doi:10.1016/0378-8741(83)90075-2
- ↑ 9.0 9.1 9.2 Suárez, Maria Matilde, and Sydney Muirden. 1968. “Warao: Natives Of The Orinoco Delta.” Caracas: Deparemento de Antropología, Instituto Venezolano de Investigaciones Científicas. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-031
- ↑ 10.0 10.1 Wilbert, J., & Hicock, S. (1958). Social And Political Organization Of The Warao. Kölner Zeitschrift Für Sozialpsychologie, 10, HRAF MS: 28 [Original: 272–291 ]. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-002
- ↑ Heinen, H. D. (1988). Oko Warao: Marshland People Of The Orinoco Delta. Ethnologische Studien (Münster In Westfalen, Germany). Münster: Lit. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-042
- ↑ 12.0 12.1 Heinen, H. D. (1972). Economic Factors In Marriage Alliance And Kinship System Among The Winikina-Warao. Antropológica / Sociedad De Ciencias Naturales La Salle, 32, 28–67. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-029
- ↑ Wilbert, W. (1987). The pneumatic theory of female Warao herbalists. Social Science & Medicine, 25(10), 1139-1146. doi:10.1016/0277-9536(87)90355-8
- ↑ Heinen, H. D., & Ruddle, K. (1974). Ecology, Ritual And Economic Organization In The Distribution Of Palm Starch Among The Warao Of The Orinoco Delta. Journal Of Anthropological Research, 30, 116–138. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-023
- ↑ 15.0 15.1 Wilbert, J. (1976). Manicaria Saccifera And Its Cultural Significance Among The Warao Indians Of Venezuela. Botanical Museum Leaflets, Harvard University, 24(10), 275–335 , plates LXVI–XCVIII. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-032
- ↑ Wilbert, J. (1977). Navigators Of The Winter Sun. Sea In The Pre-Columbian World: A Conference At Dumbarton Oaks, October 26Th And 27Th, 1974. Washington, D. C.: Dumbarton Oaks Research Library and Collections, Trustees for Harvard University. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ss18-019