ვანრონგი
ვანრონგი (ჩინ.: 婉容), გარდაცვალების შემდეგ ცნობილია როგორც იმპერატორის მეუღლე სიაოკემინი (ჩინ.: 孝恪愍皇后; დ. 13 ნოემბერი, 1906, ბეიჯინგი, ჩინეთი — გ. 20 ივნისი, 1946, გირინი, ჩინეთი) — ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის, პუის მეუღლე 1922-1945 წლებში. 1932 წელს იაპონიის იმპერიამ დაიპყრო მანჯურიის რეგიონი, რამაც პიუ და ვანრონგი ნომინალურ მმართველებად აქცია. მანჯურიაში საბჭოთა ჯარების შესვლისა და ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის პერიოდში, 1945 წელს ვანრონგი ჩინელ კომუნისტებს ჩაუვარდა ტყვედ, რომლებმაც იგი დედაქალაქიდან შორს, გირინში გამოკეტეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. აღსანიშნავია, რომ მისი ნეშტი დღემდე არაა ნაპოვნი, რის გამოც ვარაუდობენ, რომ იგი კომუნისტებმა მოკლეს. 2006 წელს, მისი დაბადების დღის ასი წლის თავზე გადაიხადეს მისი სიმბოლური დაკრძალვის ცერემონია.
ვანრონგი | |
---|---|
ჩინეთის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 30 ნოემბერი, 1922 |
მმართ. დასასრული: | 5 ნოემბერი, 1924 |
წინამორბედი: | ლონგიუ |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
მანჯურიის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 1 მარტი, 1934 |
მმართ. დასასრული: | 20 ივნისი, 1940 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ნოემბერი, 1906 |
დაბ. ადგილი: | ბეიჯინგი, ჩინეთი |
გარდ. თარიღი: | 20 ივნისი, 1946, (39 წლის) |
გარდ. ადგილი: | გირინი, ჩინეთი |
მეუღლე: | პუი, ჩინეთის იმპერატორი |
სრული სახელი: | გობულო ვანრონგი |
დინასტია: | ცინი (ქორწინებით) |
მამა: | რონგიუანი |
დედა: | აისინ გიორო |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა
რედაქტირებაგობულო ვანრონგი (რაც ჩინურად „ლამაზ სახიანს“ ნიშნავს) დაიბადა 1906 წლის 13 ნოემბერს ბეიჯინგში. იგი იყო ჩინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რონგიუანისა და მისი არისტოკრატი და მდიდარი ცოლის, პრინცესა აისინ გიოროს უფროსი ქალიშვილი. მათი ოჯახი მანჯურიაში ყველაზე მდიდარი იყო, თუმცაღა ეთნიკურად დაურები იყვნენ. მან განათლება ქალაქ ტაიძინში, ამერიკელი მისიონერების სკოლაში მიიღო, სადაც მისი ქრისტიანი დამრიგებელი მას „ელიზაბეთს“ უწოდებდა.
როდესაც 17 წელი შეუსრულდა, ვანრონგი შეირჩა ახალგაზრდა იმპერატორ პუის საცოლედ, რომელიც ყველასაგან იზოლირებულად, აკრძალულ ქალაქში ცხოვრობდა, თუმცა რეალური მმართველი არ იყო. ქორწინება მხოლოდ მაშინ შედგა, როდესაც იმპერატორს 16 წელი შეუსრულდა. მან ვანრონგს ტრადიციისამებრ ძვირადღირებული საჩუქრები მიუძღვნა, თუმცა მისდამი ლტოლვა და ინტერესი არასდროს გამოუხატავს.
იმპერატორის მეუღლე
რედაქტირებაპუისა და ვანრონგის კავშირმა ვერ გააჩინა ახალი მემკვიდრეები. მრავალი ისტორიკოსის მტკიცებით, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ იმპერატორს ცოლთან სექსი არასდროს ჰქონია. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ პუი იმპოტენტი იყო, თუმცა შემდეგ გავრცელდა ჭორები მისი ჰომოსექსუალობის შესახებ. ვანრონგის მაზლის ცოლი, პრინცესა ჰირო თავის მემუარებში აშკარად წერს პუის ლტოლვის შესახებ ახალგაზრდა ბიჭების მიმართ.
ცნობილია, რომ იმპერატორის მეუღლე ხშირად მოიხმარდა ოპიუმს. პუის მემუარების თანახმად, ჩინელ განათლებულ ახალგაზრდებში მეტად მოდურად მიიჩნეოდა სიგარეტის მოწევა, რომელსაც მოწევის პროცესში ოპიუმს უმატებდნენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელს. 1924 წელს, ქვეყანაში ვითარების დაძაბვის გამო, იმპერატორი პუი თავის ცოლთან ერთად ტოვებს აკრძალულ ქალაქს და ტიანძინში გარბის. აქ ისინი „მშვიდი ბაღის ვილაში“ ცხოვრობდნენ, რომელიც იაპონელებმა დაუთმეს. ამის შემდეგ ვანრონგმა სრულიად ღიად გააკრიტიკა პუი და ცალკე ცხოვრება დაიწყო, თუმცა საქმე განქორწინებამდე არასოდეს მისულა.
დაცემა და უკანასკნელი წლები
რედაქტირებაამ პერიოდში ნახევარ ჩინეთს, კორეასა და ინდოჩინეთს იაპონიის იმპერია მართავდა. იმ იმედით, რომ მანჯურიაში მაინც აღიდგენდა მდგომარეობას, პუიმ იაპონელებს დაუთმო დედაქალაქი და მთელი ჩინეთის ტახტი, სანაცვლოდ კი მანჯურიის იმპერატორობა მოითხოვა. 1932 წლიდან დაიწყო მათი სასახლის მშენებლობა მანჯურიაში. ვანრონგსა და პუის შორის დაძაბული ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ცალ-ცალკე ოთახებში ცხოვრობდნენ და ძალიან იშვიათად ჭამდნენ ერთად, ან ხვდებოდნენ ერთმანეთს. ახალ და მდიდრულ ვეი-გონგის სასახლეში გადასვლის შემდეგაც არსებული სიტუაცია შენარჩუნდა. ამ დროს ვანრონგმა გააცნობიერა, რომ მისი მეუღლე მხოლოდ „თოჯინების მმართველი“ იყო და იმპერატორობის მთელი სიმძიმე მას აწვებოდა. ამან ვანრონგი ოპიუმზე დამოკიდებული გახადა. 1938-1939 წლებში ვანრონგი დღეში საშუალოდ ორ უნცია ოპიუმს მოიხმარდა.
1940 წელს გავრცელდა ჭორები, რომ ვანრონგი თავისი მცველისგან დაფეხმძიმდა. როგორც აღმოჩნდა, ჭორები სინამდვილეს აცდენილი არ იყო. იმის ნაცვლად, რომ კანონის თანახმად პუის იგი დაესაჯა, მან ვანრონგს სასახლე დაატოვებინა და მხოლოდ მშობიარობის შემდეგ დააბრუნა. ვანრონგმა გოგონა გააჩინა, რომელიც იმპერატორის ბრძანებით ექიმებმა მაშინვე მოკლეს მომწამლავი ინექციით. აღსანიშნავია, რომ თავად იმპერატორის დღიურებზე დაყრდნობით, ბავშვი ხანძარმა იმსხვერპლა, რომელიც მისი ბრძანებით გაჩნდა. საბოლოო ჯამში, შვილის სიკვდილმა დამღუპველი შედეგი იქონია ვანრონგის ფსიქიკაზე, რომელიც კიდევ უფრო შეეჩვია ოპიუმს.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მარცხის შემდეგ, მანჯურიის ოკუპაცია საბჭოთა კავშირის ძალებმა მოახდინეს. გაქცევისას პუიმ არ უზრუნველყო ვანრონგის დაცვა და მშვიდობით გაყვანა, რის გამოც იგი ჩინელ კომუნისტებს ჩაუვარდა ტყვედ.
ვანრონგმა და მისმა რძალმა, პრინცესა ჰირომ კორეაში გაქცევა სცადეს, თუმცა საზღვართან ახლოს, 1946 წლის იანვარში კომუნისტებმა დააკავეს. ამის შემდეგ ისინი გირინში გადაასახლეს, სადაც შინა პატიმრობაში ჰყავდათ. მალევე ის სასხლე, სადაც ვანრონგი იყო გამოკეტილი დაბომბეს, რის შემდეგაც იგი იანლინის ციხეში გადაიყვანეს, სადაც იმავე წლის 20 ივნისს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა არასაკმარისი კვებისა და ოპიუმის ვეღარ მიღების გამო. აღსანიშნავია, რომ პუიმ მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ 1949 წელს შეიტყო, თუმცა დიდად არც უდარდია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Behr, Edward (1977). The Last Emperor. Bantam. ISBN 0-553-34474-9.
- Cotter, Edward (2007). Kids Who Rule: The Remarkable Lives of Five Child Monarchs. Annick Press. ISBN 1-55451-062-7.
- Gunther, Edward (2007). Inside Asia: 1942 War Edition. Holly Press, reprint. ISBN 1-4067-1532-8.
- Aisin Gioro, Puyi "Henry" (2010) [1967]. The Last Manchu: The Autobiography of Henry Pu Yi, Last Emperor of China. Skyhorse Publishing. ISBN 978-1-60239-732-3.
- Saga, Hiro (1992). 流転の王妃の昭和史 (in Japanese). Shinchosha. pp. 153–154. ISBN 4101263116.
- Rogaski, R: Hygienic Modernity, page 262. University of California Press, 2004