ვანთის საღანძილის ეკლესია
ვანთის საღანძილის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვანთიდან ოთხიოდე კილომეტრზე, მდინარე ვანთისხევის მარცხენა ნაპირას, პლატოზე, საღანძილედ წოდებულ ადგილზე. როგორც ჩანს ადრე აქ მონასტერი ყოფლილა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგებობათა კვალი შეიმჩნევა, ხოლო იქვე ახლოს, ოციოდე მეტრის მანძილზე, კამაროვანი ნაგებობაა, სავარაუდოდ, მონასტრის საძვალე, რომელიც მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი.
ამჟამად ეკლესიის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი, თუმცა, მასაც მნიშვნელოვანი ნაწილები აკლია. დანარჩენი კედლები დანგრეულია და მათგან მხოლოდ ნაშთებია დარჩენილი. ისინი მცენარეებითა და ნანგრევებით ისეა დანგრეული, რომ გაწმენდის გარეშე, შენობის გეგმის სრული სურათის დადგენა შეუძლებელია. ეკლესია ბაზილიკური სტილისაა, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. შენობის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია სამი ნავი. შემორჩენილია მხოლოდ ცენტრალური და ჩრდილოეთ ნავები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სწორკუთხა ბოძზე დამყარებული, ორი, ნალისებრი თაღის მეშვეობით. სამხრეთ ნავი მთლიანადაა დანგრეული, თუმცა, შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი მთავარი ნავისგან ყრუ კედლით იყო გამიჯნული და მას მხოლოდ კარით უკავშირდებოდა.
შენობა, ძირითადად, ნაგებია საკმაოდ დიდი ზომის, რიყის ქვით. ქვა ზომისა და ფორმის მიხედვით შერჩეული არ არის, რის გამოც კედლების საპირე წყობაში არ წარმოქმნის სწორხაზოვნად გამავალ რიგებს. შიგნითა კედლები გაცილებით მცირე ზომის, რიყის ქვისაა. ალაგ-ალაგ, გამოყენებულია აგურიც, კედლები ორივე მხრიდან გასწორებულია ბათქაშით, რომელიც ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებს და საპირე ქვების ზედაპირის დიდ ნაწილს ფარავს. შუა ნავი, აღმოსავლეთით, დასრულებლი იყო მკაფიოდ გამოხატული, ნალისებრი, ღემა აფსიდით, რომლისგან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარი - კონქის მცირე ნაწილით, კონქის თაღს, როგორც ეს ჩრდილოეთ გვერდის შემორჩენილი ნაწილიდან ჩანს, აფსიდის მსგავსად, ნალისებრინალისებრი მოხაზულობა ჰქონია. თაღი ეყრდნობა შირიმის სადა კაპიტელს, რომლის პროფილს შეადგენს თარი და დახრილი სიბრტყე. აფსიდის ცენტრში შირიმის, ნათელი ქვებით გამოყვანილი სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლია შემორჩენილი. სარკმლის ჩრდილოეთით კი, ოდნავ ქვემოთ, მოწყობილიამცირე ზომის კვადრატული ნიშა. შუა ნავის ჩრდილოეთ ნავთან დამაკავშირებელი თაღები სწორკუთხა ბოძზეა დაყრდნობილი. თაღები ნატეხი ქვითაა ნაჭყობი და სუფთადაა გალესილი. მათ ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის, მარტივპროფილიანი იმპოსტები, რომლებიც ნავების მხარეს გამოშვერილი არ არის. აღმოსავლეთ თაღის აღმოსავლეთ გვერდში ჩაკვეთილია მცირე ზომის, ოთკუთხა ნიშა. ნავის დასავლეთ კედელი, ჩრდილოეთ კედელთან შედარებით, ნაკლებ სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ კედელი კი თითქმის მთლიანად დანგრეულია.
ნავი გადახურული იყო ცილინდრული კამარით, საბჯენი თაღების გარეშე. ჩრდილოეთ ნავი უსარკმელოა, გადახურულია ქვიტკირის კამარით. ნავის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში კარია, რომელსაც შიგნით ნალისებრი თავი აქვს, გარედან კი ერთიანი, უსწორმასწორო ქვის ძელით თარაზულადაა გადახურული. ნავის აღმოსავლეთ ბოლოში, სამკვეთლოსათვის, გამოყოფილია გეგმით კვადრატული სათავსი. მასში შესასვლელი მხოლოდ შესაბამისი ნავიდანაა. კარი თაღოვანი ყოფოლა. სათავსის აღლოსავლეთ კედელში თაჭოვანი სარკმელია, რომლის ქვემოთ მოწყობილია ჭრმა, სწორკუთხა ნიშა. კიდევ ერთი ნიშა სათავსის სამხრეთ კედელშია. მასში მთავარი ნავის აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში მოწყობილი ნიშა გამოდის. სათავსი გადახურული იყო ცილინდრული კამარით.
ეკლესიის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა. დასავლეთ კედლებში მოწყობილია ორი, სწორკუთხა ნიშა. ნიშებს ქვემოთ, ფასადის თითქმის მთელ სიგრძეზე, ოდნავ შეღრმავებული სწორკუთხა არე, რომელშიც, შესაძლოა, ადრე ამ მხრიდან, ნიშებთან მისადგომად მოწყობილი ბაქნის კვალი იყოს. ფასადის ზედა ნაწილში, შუა ნავის ფარგლებში, შემორჩენილია კედლის სიბრტყეში საფეხურით შეღრმავებული, განიერი, დეკორატიული თაღის ძირი და ჩრდილოეთ გვერდის, დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლის, მონაკვეთი.
საძვალე გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია ნატეხი ქვით და კირის დუღაბით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. ნაგებობა გადახურულია ქვის კამარით, რომელიც გაბრტყელებული ნახევარწრის ფორმისაა. საძვალის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 მეტრის მანძილზე, შემორჩენილია წელისა და მარცვლეულის შესანახი, ქვევრისებური რეზერვუარებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 185-186.