ვაველის მუზარადი
„ვაველის მუზარადი“ — XIV საუკუნის უიშვიათესი აღმოსავლური ტიპის მუზარადი, რომელიც დაცულია კრაკოვში (პოლონეთი), ვაველის სასახლის მუზეუმში. წარსულში წარმოადგენდა თავადი კრასინსკების საკუთრებას.
მუზარადი გამოჭედილია ფოლადის ერთი ნაჭრისაგან, აქვს დაბალი გვირგვინი სამყურა ორნამენტით, სათვალის ჭრილები დეკორატიული „წარბების“ კვალით; სათვალის ჭრილებს შორის ბუდეა ბრტყელი საცხვირისათვის; გუმბათის ქვედა კიდეზე მოქლონით დამაგრებული ზარადის საკიდი კავებია, გაყრილი ლითონის წნელით, რომელზეც ზარადის ჯაჭვის ზედა რგოლები იყო დაკიდებული. მუზარადის თავზე სამყურა ორნამენტით შედგენილი როზეტია ქართული მხედრული წარწერით: „ღმერთო და მხნეო მხედარო, დიდო წმინდ(ა)ო გიორგიო, გ(ა)უმარჯვე ჩიჯ(ა)ვაძეს საზვ(ე)რელს“. ვაველის მუზარადის მასაა 985 გ, სიმაღლე — 20 სმ, დიამეტრი — 21,5 სმ.
დიდი ხნის განმავლობაში „ვაველის მუზარადი“ სპარსულ ნახელავად ითვლებოდა. ისტორიკოსი მამუკა წურწუმია მას ქართული წარმოშობის ნიმუშად მიიჩნევს. წარწერა მოგვიანებითაა დატანილი და პალეოგრაფიული ნიშნებით XVII საუკუნით თარიღდება, რაც მიუთითებს, რომ მუზარადი ამ საუკუნეში მოღვაწე ორი საზვერელ ჩიჯავაძიდან ერთ-ერთს ეკუთვნოდა.
„ვაველის მუზარადის“ ახლო ანალოგია ცაგერის ისტორიული მუზეუმში დაცული მუზარადი, ასევე პეტერბურგის ერმიტაჟის ეგზემპლარი. ცაგერის მუზარადი მუზეუმმა 1947 წელს შეიძინა სოფ. ლუხვანოს მცხოვრებისგან. ცალკეული დაზიანებების მიუხედავად მუზარადი საკმაოდ კარგად არის შემონახული. მისი მასაა 1145 გ, სიმაღლე — 20,5 სმ, დიამეტრი — 21,5 სმ. ერმიტაჟის მუზარადს, ვაველისა და ცაგერის ნიმუშებისგან განსხვავებით, შედარებით დაბალი გუმბათი აქვს და უფრო მძიმეა.
სამივე ამ მუზარადს აერთიანებს რამდენიმე ტიპოლოგიური ნიშანი: მთლიანჭედილი ოვალური გუმბათი; აქცენტირებული გუმბათის წვერი (როზეტი ან ორნამენტი); სათვალე დეკორატიული წარბებით (ვაველისა და ცაგერის შემთხვევაში წარბები დაკარგულია); ბუდე მოძრავი საცხვირისათვის სათვალე ჭრილებს შორის (ერმიტაჟის შემთხვევაში დაკარგულია); მართკუთხა კბილები, სადაც ზარადის დასამაგრებლად მავთულია გაყრილი; შროშანისებური და ხაზოვანი ორნამენტი.
ირაკლი ბაქრაძის მოსაზრებით, დამზადების მსგავსი ტექნოლოგია, სახასიათო ფორმა და დეკორი მიუთითებს, რომ სამივე ეს მუზარადი ერთ ეპოქასა და ერთ რეგიონშია დამზადებული.
მ. წურწუმიას აზრით, ვაველის ეგზემპლარი წარმოადგენს ერთ-ერთ ეტაპს ქართული მუზარადის ევოლუციაში. მისი შესაძლო წინამორბედი მუზარადები ასახულია XII საუკუნის ჯრუჭის ოთხთავისა და XIV საუკუნის დავითნის მინიატურებში (H 1665). მისი ნიმუში დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ე. წ. ჯალალ ად-დინის მუზარადის სახელით. „ვაველის მუზარადის“ შემდგომ ევოლუციას წურწუმია ხედავს XVII საუკუნის მამუკა თავაქალაშვილის „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურებში და ქრისტეფორე კასტელის ალბომში.
ლიტერატურა
რედაქტირება- წურწუმია მ., მუზარადი ვაველის მუზეუმიდან და მისი ადგილი აღმოსავლური ზუჩების ევოლუციის პროცესში, კრ. საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, თბ., 2013. — გვ. 47-80.
- წურწუმია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 131.
- ბაქრაძე ი., ვაველის ტიპის მუზარადი ცაგერის ისტორიულ მუზეუმში, «ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები», ტ. I, 2014. — გვ. 134-150.