ექვსკბილა ქერქიჭამია (ლათ. Ips sexdentatus) — მავნე მწერი ქერქიჭამიების ოჯახისა. აქვს 6-7,7 მმ სიგრძის შავი სხეული. ზედა ფრთების ბოლოები ჩაღრმავებულია და გვერდებზე 6=6 კბილი აქვს (აქედან წარმოდგება სახელწოდება). მატლი თეთრია, რკალივით მოხრილი, კვერცხი ბრჭყვიალა, თეთრი, მრგვალი. აზიანებს ფიჭვს, იშვიათად — ნაძვს. საქართველოში ნაძვის ტიპური მავნებელია. ხოჭო სახლდება ღეროზე ქერქქვეშ და აკეთებს სადედე და სანაღმე სავალებს. დაზამთრებისას ხოჭო სანაღმე სავალიდან ჩადის 3-4 სმ-ზე მერქნის სიღრმეში. დაზიანებულ მერქანზე ვითარდება მერქნის სიდამპლის გამომწვევი სოკოები. სადედე სავალში ხოჭო დებს 100-150 კვერცხს. აქვს ერთ- ან ორწლიანი გენერაცია. ბრძოლის ღონისძიებანი: სანიტარული-პროფილაქტიკური საშუალებები, ახლად დაზიანებული ხეების აღრიცხვა და დამუშავება, გაქერქვის ადგილებზე ჰექსაქლორანიანი ზეთის 20%-იანი ემულსიის შესხურება, საჭერი ხეების (ხელოვნური, ბუნებრივი, ქიმიური) გამოყენება.