ესკალატორი (ინგლ. escalator, ლათ. scala — კიბე) — მოძრავი კიბის სახის ქვეითთა გადასაყვანი ამწევ-სატრანსპორტო  მოწყობილობა, კონვეიერი, რომელიც შედგება ჩაკეტილი წირის ფორმის ორი ამწევი ჯაჭვისაგან, მათზე სახსრულად დამაგრებული საფეხურებით. ელექტროძრავას ბრუნვით მოძრაობაში მოჰყავს ორი წყვილი „ვარსკვლავი“ მათზე გადაცმული საწევი ჯაჭვებით. ამძრავი, ჩვეულებრივ, ესკალატორის ქვეშ სამანქანო განყოფილობაშია განლაგებული. ესკალატორის ზედა და ქვედა ნაწილებში საფეხურებით იქმნება ჰორიზონტალური სიბრტყეები, რითაც მოსახერხებელი ხდება ესკალატორზე შესვლა და გადმოსვლა.

ბერლინის პირველი ესკალატორი

ესკალატორის კონსტრუქცია 1892 წელს დააპატენტა ამერიკელმა გამომგონებელმა ჯეს რენომ, თუმცა ეს კონსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი დანიშნულებით თანამედროვე ესკალატორისგან და გამიზნული იყო ატრაქციონისთვის. პირველი თანამედროვე ტიპის ესკალატორი დამონტაჟდა ლონდონის მეტროპოლიტენში 1911 წელს. შემდეგ იგი სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენების შედარებით დიდ სიღრმეზე განლაგებულ სადგურებში. მოგვიანებით ესკალატორის გამოყენება სხვა ობიექტებზეც დაიწყეს. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ესკალატორს შეუძლია მგზავრების გადაყვანა უწყვეტ რეჟიმში, განსხვავებით ლიფტისგან, და მაღალი მწარმოებლურობა (თეორიულად 10 ათასი მგზავრი საათში), რომელიც არ არის დამოკიდებული აწევის სიმაღლეზე, თუმცა მას გააჩნია რიგი ნაკლოვანებებისა, როგორიცაა მაგალითად, აწევის შეზღუდული სიმაღლე, დამოკიდებული მექანიზმის ტვირთამწეობაზე (ჩვეულებრივ, ესკალატორით ხდება 30-40 მეტრამდე დონეთა სხვაობის გადალახვა), დაბალი სიჩქარე და როგორც კონსტრუქციული, ასევე საექსპლუატაციო სიძვირე. მეტროპოლიტენის სადგურების გარდა ამჟამად ესკალატორი გამოიყენება ზოგიერთ მრავალსართულიან ობიექტზე, არის შემთხვევები, როდესაც ის გამოიყენება დიდი დაქანების მქონე ქუჩებში ქვეითთა მოძრაობის გასაიოლებლად, ასევე აღსანიშნავია ესკალატორის ტიპის ე.წ. მოძრავი ტროტუარები, რომლებითაც მგზავრების გადაადგილება ხდება ერთ დონეზე ან მცირე დაქანებით.

ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ესკალატორის (სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის სადგური „ადმირალტეისკაია“) სიგრძეა 137 მეტრი და დონეთა სხვაობა 68,7 მეტრი. ყველაზე პატარა ესკალატორი ფუნქციონირებს ქალაქ კავასაკის (იაპონია) ერთ-ერთ სუპერმარკეტში. მისი სიმაღლე მხოლოდ 83 სანტიმეტრია და მნახველთა დიდ ინტერესს იწვევს.

საქართველო

რედაქტირება

საქართველოში ესკალატორის გამოყენება უკავშირდება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობას. პირველი ესკალატორი დამონტაჟდა სადგურ „მარჯანიშვილის“ მშენებლობისას 1959 წელს. მეტროს სადგურ „სამგორში“ დამონტაჟებულია მოძრავი ჰორიზონტალური ტროტუარი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ზედა და ქვედა ვესტიბიულებს (1998 წლიდან აღარ ფუნქციონირებს). XX საუკუნის 80-იან წლებში ქართველი არქიტექტორების მიერ შემოთავაზებული იქნა ესკალატორის გამოყენების იდეა თბილისის დიდი ქანობის მქონე ქუჩებისთვის სოლოლაკის, მთაწმინდისა და რიგ სხვა უბნებში. საქართველოში ესკალატორი გამოყენება აგრეთვე სართულების დასაკავშირებლად დიდ სავაჭრო ცენტრებში სტაციონარული კიბეების ნაცვლად.

ლიტერატურა

რედაქტირება