ესფიგმენის მონასტერი
ესფიგმენის მონასტერი (ბერძ. Μονή Ἐσφιγμένου) — მონასტერი დგას ათონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხილანდარის მონასტრის ახლოს. მონასტერს საძირკველი ზღვაში აქვს. მის გარშემო სხვადასხვა პერიოდის ნანგრევებია - რომაელთა ბატონობის დროიდან დაწყებული, პირველ განდეგილთა ეპოქით დამთავრებული.
მონასტერი | |
---|---|
ესფიგმენი Μονή Εσφιγμένου | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
კოორდინატები | 40°21′09″ ჩ. გ. 24°08′16″ ა. გ. / 40.35250° ჩ. გ. 24.13778° ა. გ. |
დაარსდა | XI საუკუნე |
მოსახლეობა |
1 (2021), 90 (2001), 48 (1991) |
ოფიციალური საიტი | https://www.esphigmenou.gr/ |
მონასტერი დაარსებულია X-XI საუკუნეებში. ის ესფიგმენის მონასტრად პირველად მოხსენიებულია ათონის მეორე ტიპიკონში 1045 წელს. მონასტერს არაერთხელ დასხმიან თავს მეკობრეები, იგი ზარალდებოდა ხანძრებისგანაც. დოკუმენტებით, მეკობრეები სამჯერ (873, 1047 და 1543 წლებში) დასხმიან თავს მონასტერს. 1491 წლის ხანძარი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ესფიგმენისთვის.
მონასტერს განსაკუთრებით მფარველობდნენ ბიზანტიელი მონარქები. იმპერატორთა სიგელები ადასტურებდნენ, რომ მონასტერს არაერთი უძრავი ქონება ჰქონდა პროვლაკში, სკუტარში, კროსევში, კრასტაში, თესალონიკსა და კონსტანტინოპოლში.
ესფიგმენმა აღზარდა ისეთი უმაღლესი სასულიერო მოღვაწენი, როგორიცაა წმინდა ანასტასი კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1310 წ.) და სოლუნელი არქიეპისკოპოსი წმინდა გრიგოლ პალამა (1335 წ.).
XVII საუკუნეში მონასტერს ფინანსურად გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ფეხზე წამოდგა მიტროპოლიტი გრიგოლის დახმარებით, რომელმაც მონასტრის ვალები გაისტუმრა.
მონასტრის სატრაპეზო აშენდა იღუმენ თეოდოსიტეს დროს.
1821 და 1832 წლებში ესფიგმენი თურქების არმიამ დაიკავა და გამოიყენა ჯარისკაცების სადგომად. სავანე აღადგინა წმინდა ანას სკიტის ბერმა აღათანგელოზმა. ამ დროს, კერძოდ, 1832-1871 წლებში, შეიქმნა მონასტრის დიდებული ნაგებობანი, სამრეკლო, ტაძრები, ტაძრის მორთულობანი და სამხრეთის კარიბჭე.
ტაძარი უფლის ამაღლების სახელზეა ნაკურთხი, ამის გარდა, მის ტერიტორიაზე არის 7 ეკლესია-მონასტერი, 7 - მის გარეთ. მონასტერში არის მრავალი წმინდა ნაწილი. ბიბლიოთეკაში დაცულია 372 ხელნაწერი და 8000 ნაბეჭდი წიგნი.
ესფიგმენს მე-18 ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში, მაგრამ მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობს წმინდა კინოტის სხდომებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ესფიგმენის მონასტერი ათონის მთის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2016-03-11 საიტზე Wayback Machine.
- ესფიგმენის მონასტერი საბერძნეთის კულტურის სამინისტროს საიტზე დაარქივებული 2007-04-16 საიტზე Wayback Machine.