ერნესტ ავგუსტი (ჰანოვერის კურფიურსტი)
ერნესტ ავგუსტი (გერმ. Ernst August; დ. 20 ნოემბერი, 1629, გეტინგენი, გერმანია — გ. 23 იანვარი, 1698, ჰანოვერი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და კალენბერგის მთავარი 1679-1698 წლებში. ჰანოვერის პირველი კურფიურსტი 1692-1698 წლებში. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ისა და პრუსიის დედოფალ სოფია შარლოტას მამა.
ერნესტ ავგუსტი | |
---|---|
ჰანოვერის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 19 დეკემბერი, 1692 |
მმართ. დასასრული: | 23 იანვარი, 1698 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | გეორგ I ლუდვიგი |
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი კალენბერგის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 დეკემბერი, 1679 |
მმართ. დასასრული: | 23 იანვარი, 1698 |
წინამორბედი: | იოჰან ფრიდრიხი |
მემკვიდრე: | გეორგ I ლუდვიგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 ნოემბერი, 1629 |
დაბ. ადგილი: | გეტინგენი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 23 იანვარი, 1698, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰანოვერი, გერმანია |
მეუღლე: | სოფია პფალცელი |
შვილები: |
ჯორჯ I, დიდი ბრიტანეთის მეფე სოფია შარლოტა, პრუსიის დედოფალი |
დინასტია: | ჰანოვერები |
მამა: | გეორგი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი |
დედა: | ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაერნესტ ავგუსტი დაიბადა 1629 წლის 20 ნოემბერს ჰერცბერგის სასახლეში, გეტინგენში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ გეორგისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელის ნაბოლარა ვაჟი.
1658 წლის 30 სექტემბერს ჰაიდელბერგში იგი დაქორწინდა პფალცგრაფინია სოფია პფალცელზე, ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ისა და დედოფალ ელიზაბეთ სტიუარტის ნაბოლარა ქალიშვილზე, რომელიც ასევე იყო ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის მამიდაშვილი და ჯეიმზ I-ის შვილიშვილი. თავდაპირველად იგეგმებოდა სოფიას დაქორწინება ერნესტ ავგუსტის უფროს ძმაზე, გეორგ ვილჰელმზე, მაგრამ მან ქორწინებაზე უარი თქვა და მხოლოდ ამის შემდეგღა დააქორწინეს მასზე.
როგორც რიგით მეოთხე ვაჟს, ერნესტ ავგუსტს მცირე შანსები ჰქონდა, რომ ტახტი დაეკავებინა. 1662 წლიდან იგი ოსნაბიუკის მთავარ-ეპისკოპოსის ადმინისტრატორად დაინიშნა, რის გამოც იგი ცოლთან ერთად საცხოვრებლად იბურგის სასახლეში გადადის. მალევე აქ მათ საცხოვრებლად შეუერთდათ პრინცესა ელიზაბეთ შარლოტა, ერნესტ ავგუსტის ცოლის ძმისწული, რომელიც დედამ გაარიდა ჰაიდელბერგში მიმდინარე არასასურველ მოვლენებს. 1667 წელს ერნესტ ავგუსტმა დაიწყო ოსნაბიუკის სასახლის მშენებლობა, რომელიც 1673 წელს დასრულდა და სწორედ იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. 1674 წელს მათი ნაბოლარა ვაჟი უკვე იქ დაიბადა.
ჯერ კიდევ 1665 წელს ერნესტ ავგუსტის უფროსი ძმა, კრისტიან ლუდვიგი უშვილოდ დაიღუპა. ვინაიდან მეორე ძმას, გეორგ ვილჰელმს ვაჟი არ უჩნდებოდა, თავადვე თქვა ტახტზე უარი მესამე ძმის, იოჰან ფრიდრიხის სასარგებლოდ, რომელსაც მართალია ცოლისაგან ჰყავდა კანონიერი შვილები, მაგრამ არა ვაჟები. ამრიგად, 1665 წლისთვის იგი ტახტის მეორე მემკვიდრე იყო. 1679 წელს, იოჰან ფრიდრიხის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ, ერნესტ ავგუსტი ხდება ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და კალენბერგის მთავარი, რის შემდეგაც იგი ოჯახთან ერთად ჰანოვერში გადადის საცხოვრებლად.
მალევე ერნესტ ავგუსტი დიდ თურქულ ომში ჩაება იმპერატორ ლეოპოლდ I-ის მხარეს. გაწეული სამსახურისათვის იმპერატორმა ლეოპოლდმა 1692 წელს მას ჰანოვერის კურფიურსტობა უბოძა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე წელიწადში, 1698 წლის 23 იანვარს ერნესტ ავგუსტი ჰანოვერში გარდაიცვალა, 68 წლის ასაკში, რის შემდეგაც ტახტს მისი ძე, გეორგ ვილჰელმი იკავებს.
შვილები
რედაქტირებაცოლის, პფალცგრაფინია სოფია პფალცელისაგან ჰყავდა ცხრა შვილი:
- გეორგ ლუდვიგი (1660-1727), შემდეგში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ I-ის სახელით, ასევე ჰანოვერის კურფიურსტი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, სოფია დოროთეა ცელიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ჯორჯ II და პრუსიის დედოფალი სოფია დოროთეა;
- ფრიდრიხ ავგუსტი (1661-1691), მოკლეს სენ-გეორგენის ბრძოლაში;
- მკვდარშობილი ვაჟი (1664);
- მაქსიმილიან ვილჰელმი (1666-1726), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მკვდარშობილი ვაჟი (1666);
- სოფია შარლოტა (1668-1705), ცოლად გაჰყვა პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I;
- კარლ ფილიპე (1669-1690), მოკლეს პრისტინას ბრძოლაში;
- კრისტიან ჰაინრიხი (1671-1703), მოკლეს მუნდერკინგენის ბრძოლაში;
- ერნესტ ავგუსტი (1674-1728), იორკისა და ოლბანის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
თავის საყვარელ კლარა ელიზაბეთ ფონ პლატენთან მას ასევე ჰყავდა ორი უკანონო შვილი:
- ერნესტ ავგუსტი (1674-1726), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- სოფია შარლოტა (1675-1725), ცოლად გაჰყვა კილმანსეგის ბარონ იოჰან ადოლფს, რომელთანაც შეეძინა შვილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gottfried Wilhelm Leibniz: Churfürst Ernst August. Personalien. In: Georg Heinrich Pertz (Hrsg.): Gesammelte Werke. Geschichtliche Aufsätze und Gedichte. S. 45–82.
- Ernst von Malortie: Der Hannoversche Hof unter dem Kurfürsten Ernst August und der Kurfürstin Sophie. Hahn, Hannover 1847.
- Wilhelm Sauer: Ernst August, Kurfürst von Hannover. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 6, Duncker & Humblot, Leipzig 1877, S. 261–263.
- Georg Schnath: Ernst August. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 4, Duncker & Humblot, Berlin 1959, ISBN 3-428-00185-0, S. 608 f.
- Anna Wendland (Hrsg.): Briefe des Kurfürsten Ernst August von Hannover an seine Gemahlin, die Kurfürstin Sophie. In: Niedersächsisches Jahrbuch für Landesgeschichte. 7 (1930), S. 206–264.