საქართველო (ენციკლოპედია)

ქართული ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ენციკლოპედია საქართველო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი).

ენციკლოპედია საქართველო — ქართული მრავალტომეული სამეცნიერო გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს სრულად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია საქართველოსა და ქართველებზე, აგრეთვე საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე. „საქართველო“ ანბანური წესით აგებული ენციკლოპედიაა. იგი აშუქებს ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ეს უმდიდრესი მასალა განხილულია საერთო ისტორიულ-კულტურული პროცესის კონტექსტში: ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით საქართველო და ქართველი ერი წარმოჩენილია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად.

„ენციკლოპედია საქართველო“

ენციკლოპედია „საქართველოს“ პირველი ტომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
გამომცემელი ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
გამოცემის თარიღი 1997

საქართველოში ენციკლოპედიურ და ლექსიკოგრაფიულ მოღვაწეობას მდიდარი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფილოსოფიურ-თეოლოგიურ და საისტორიო-ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს ხშირად ახლდა ენციკლოპედიური ხასიათის კომენტარი. სამეცნიერო ცნებების (ტერმინების), უცხოურ გეოგრაფიულ სახელთა განმარტებანი მრავლად არის ეფრემ მცირის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელისა და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომებში. შემორჩენილია იმავე ხანის თარგმნილ ლექსიკონთა ფრაგმენტები, ქართული საენციკლოპედიო-ლექსიკოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა სულხან-საბა ორბელიანის „ქართულმა ლექსიკონმა“ (1685–1716). იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიური ნაშრომი „კალმასობა“ (1813–1828) ასახავს მაშინდელი ცოდნის თითქმის ყველა დარგს. 1898–99 წლებში ივანე როსტომაშვილის რედაქციით გამოვიდა მრავალტომეულად განზრახული „რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პირველი ოთხი წიგნი. XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე ცაგარელის, ვასილ პეტრიაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის მეთაურობით გადაწყვიტეს გამოეცათ „საქართველოს ენციკლოპედია“. შეიქმნა ცნობილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საგანგებო ამხანაგობა, შედგენილ იქნა გამოცემის ვრცელი პროგრამა, მაგრამ ამ საქმეს გახორციელება არ ეწერა. 1930-იან წლებში ასევე უშედეგო აღმოჩნდა „დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ „ენციკლოპედია საქართველოს“ მასალების შერჩევისა და აგების ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებში კარდინალური ცვლილებებია შეტანილი. უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ცალმხრივი იდეოლოგიზაციის, მცდარი შეფასებების, სტერეოტიპებისა და დოგმების დაძლევა. ამ გამოცემაში შესულია მრავალი ახალი ტერმინი, დანარჩენი სტატიები კი როგორც წესი ხელახლა დაწერილი ან გადახალისებული და გადამუშავებულია.

„ენციკლოპედია საქართველო“ გამოცემულია ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ. 2024 წლისთვის დაბეჭდილია ხუთი ტომი.

შემადგენლობა

რედაქტირება
ტომი დასახელება გამოცემის წელი
1  — გილდია 1997
2 გიმნაზია — ენდრო 2012
3 ენდრონიკა — თეზამი 2014
4 თეზიკვირა 2018
5 კვირადღემედიაცია 2024[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ ენციკლოპედია „საქართველოს“ მე-5 ტომი გამოსცა“. www.interpressnews.ge. 10 ოქტომბერი, 2024. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)