ენისელის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ენისელის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის განაპირას. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ეკლესია გეგმით კვადრატს მიახლოვებული სწორკუთხედია (6,2x5,2 მ). ნაგებია რიყის ქვის, ნატეხი ქვისა და აგურის ირეგულარული წყობით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან შეისრული თაღითაა დასრულებული, შიგნიდან კი თარაზული გადახურვა აქვს. აღმოსავლეთიდანაა არაწესიერი ნახევარწრის ფორმის, ღრმა აფსიდია, რაშიც თაღოვანი სარკმელი და მისგან ჩრდილოეთით ერთი პატარა, თაღოვანი ნიშაა მოწყობილი. თითო თაღოვანი სარკმელი, ერთმანეთის პირდაპირ, გრძივ კედლებშიცაა. ეკლესიის დარბაზი შესამჩნევად მოკლეა, გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც აფსიდის თაღს და დასავლეთ კედლის მიმდებარე კუთხის პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ფასადები სადაა, დასავლეთ ფასადზე კარის თავზე, პატარა ოთხკუთხა ნიშებია მოწყობილი, ხოლო ფრონტონში აგურის წყობით, გამოსახულია ჩაღრმავებული ჯვარი. ფასადები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. შენობა გადახურული იყო კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება