სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობახიძე.

ემილ დავითის ძე კობახიძე (დ. 11 აპრილი, 1935 — გ. 26 მარტი, 1991) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1979).

ემილ კობახიძე
დაბ. თარიღი 11 აპრილი, 1935(1935-04-11)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 26 მარტი, 1991(1991-03-26) (55 წლის)
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემილ კობახიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1958 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. იყო რეკრეაციული გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ბაქოში 1963 წელს თემაზე: „საქართველოს მთიანი რაიონების ეკონომიკური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“. მის საკანდიდატო ნაშრომში წინა პლანზე წამოწეულია მთიანი მხარეების დემოგრაფიული პრობლემები, მათი ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და საწარმოო ძალების განვითარება.[1]

სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1979 წელს ქალაქ მოსკოვში თემაზე: „მოკავშირე რესპუბლიკების სამრეწველო-ტერიტორიული სისტემების ფორმირებისა და განვითარების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობელმები“. სადოქტორო ნაშრომში გადმოცემულია სამრეწველო-ტერიტორიული სისტემების ფორმირების ზოგადთეორიულ ასპექტებთან ერთად, საქართველოში ინდუსტრიული ნორმების ტერიტორიული ორგანიზაციის საკვანძო პრობლემები.[1]

კვლევის სფერო იყო მრეწველობის, ბუნებრივი რესურსების და რეკრეაციული გეოგრაფია. ამ საკითხებზე გამოაქვეყნა მრავალი შრომა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოცემებში, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფია. მათში გაშუქებულია რესპუბლიკის მრეწველობის ტერიტორიული ორგანიზაციის კანონზომიერებანი, მრეწველობის განვითარებასა და განლაგებაზე მოქმედი ფაქტორები, მისი ცალკეული დარგების გეოგრაფია და როლი შიგარესპუბლიკური ეკონომიკური რაიონების სამეურნეო კომპლექსში. ფართო ყურადღება დაუთმო რეკრეაციულ-გეოგრაფიულ შესწავლას. შეიმუშავა რესპუბლიკის ტერიტორიის რეკრეაციული დარაიონების სქემა, რომელიც მიღებულია საკურორტო-ტურისტული მეურნეობის განვითარების ტერიტორიულ ჭრილში დაგეგმვის საფუძველზე. მონაწილეობდა „საქართველოს კურორტების ატლასის“ შექმნაში.[1]

ემილ კობახიძე ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლთაგან ათამდე მონოგრაფიაა. კოლექტიური მონოგრაფიისათვის „ალპები-კავკასია“ მიღებული აქვს სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო დიპლომი (1976).[1]

მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. თეოფანე დავითაიას სახელობის პრემიისა (1987) და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის (1984) ლაურეატი.[2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საქართველოს სსრ საკურორტო მეურნეობა და ტურიზმი : ეკონ.-გეოგრაფ. ნარკვევი, თბ., 1971;
  • სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსები. თბ., 1988;
  • საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საზღვაო კონცეფცია. თბ., 1990;
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.
  2. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. თბ., 2012.