ელიდა გალეანო
ელიდა მარია გალეანო კორნეხო (ესპ. Elida María Galeano Cornejo; დ. 18 თებერვალი, 1965, ხინოტეგის დეპარტამენტი) — ნიკარაგუელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, კონტრასის მოძრაობის აქტივისტი. სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო ომის მონაწილე. ნიკარაგუის დემოკრატიული ძალების საველე მეთაურის, ნიკარაგუის წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბის უფროსის ისრაელ გალეანოს და. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ შეურიგდა სანდინისტებს, არის ნიკარაგუის პარლამენტის წევრი სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის სიით. იგი ხელმძღვანელობს თავისი ძმის სახელობის საზოგადოებრივ ასოციაციას და ყოფილი კონტრასის საზოგადოებრივ მოძრაობას.
ელიდა გალეანო | |
---|---|
ესპ. Elida Galeano | |
დაბადების თარიღი | 18 თებერვალი, 1965 (59 წლის) |
დაბადების ადგილი | ხინოტეგის დეპარტამენტი |
მოქალაქეობა | ნიკარაგუა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელიდა გალეანო დაიბადა ხინოტეგის დეპარტამენტში 1965 წლის 18 თებერვალს, გლეხის ოჯახში. იგი მიეკუთვნებოდა გარემოს, რომელიც მტრულად განწყობილი იყო სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მარქსისტული მთავრობის მიმართ იძულებითი კოლექტივიზაციის, პარტიულ-სახელმწიფოებრივი რეგულირების დაწესების და კათოლიციზმის დევნის გამო. 1979 წელს, 14 წლის ასაკში ძმასთან, ისრაელ გალეანოსთან ერთად შეუერთდა სახალხო ანტისანდინისტურ მილიციას და მონაწილეობდა მის შეიარაღებულ ოპერაციებში.
1981 წელს ელიდა გალეანო შეუერთდა ანტისანდინისტურ, ანტიკომუნისტურ ორგანიზაციებს 15 სექტემბრის ლეგიონსა და ნიკარაგუის დემოკრატიულ ძალებს. მსახურობდა კონტრასის (ნიკარაგუის წინააღმდეგობის არმია) შეიარაღებულ ფორმირებებში, მონაწილეობდა ხინოტეგისა და ნუევა-სეგოვიის დეპარტამენტებშიი გამართულ ანტისანდინისტურ ბრძოლებში. მიიღო მეტსახელი Comandante Chaparra (რაც ითარგმნება როგორც პატარა კომანდანტე).
1988 წლის 23 მარტს სანდინისტურმა მთავრობამ დანიელ ორტეგას მეთაურობით და ნიკარაგუის წინააღმდეგობის ორგანიზაცია კონტრასმა დადეს საპოას ხელშეკრულება მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. რვაწლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა. 1990 წლის 25 თებერვალს გაიმართა თავისუფალი არჩევნები, რომელშიც სანდინისტები დამარცხდნენ, ხელისუფლებაშ მოვიდა ოპოზიციის ეროვნული კავშირი. ისრაელ გალეანომ მიიღო თანამდებობა პრეზიდენტ ვიოლეტა ბარიოს დე ჩამოროს სამთავრობო აპარატში. 1990 წლის 27 ივნისს ელიდას ძმას, ისრაელ გალეანოს (კომანდატე ფრანკლინს) ავტომატი საძეიმოდ გადასცა პრეზიდენტმა ბარიოს დე ჩამორომ[1] ეროვნული შერიგების სიმბოლოდ. ელიდა გალეანო იმყოფებოდა ძმისა და პრეზიდენტის ახლოს.
ორი წლის შემდეგ კომანდანტე ფრანკლინი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ელიდა გალეანომ დააარსა ისრაელ გალეანოს სახელობის ნიკარაგუის წინააღმდეგობის ასოციაცია. იგი ასევე გახდა ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ნიკარაგუის წინააღმდეგობის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი. 1995-1996 წლებში შედიოდა ნიკარაგუის წინააღმდეგობის პარტიის რიგებში.
1996 წლის 18 სექტემბერს ნიკარაგუის წინააღმდეგობის დემოკრატიულმა მოძრაობამ პოლიტიკურ კავშირზე ხელშეკრულება დადო სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტთან[2]. ამრიგად ელიდა გალეანო გახდა კოინტრასის პირველი წევრი, რომელიც სანდინისტებთან ალიანსში შევიდა. ეს ნაბიჯი ახსნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და კონტრასის სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე[3].
2006 წლის არჩევნებში, რომლის შედეგად დანიელ ორტეგა კვლავ ნიკარაგუის პრეზიდენტი გახდა, ელიდა გალეანო აირჩიეს ნიკარაგუის ეროვნული ასამბლეის დეპუტატად სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის რიგებიდან. მანდატი მეორედ მოიპოვა 2011 წელს. შედიოდა პარლამენტის თავდაცვის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და საგარეო საქმეების კომიტეტებში[4]. დაკავებული იყო სოციალური პოლიტიკის, სამოქალაქო ომის ვეტერანების დახმარების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და შრომითი მიგრაციების საკითხებით.
2012 წლის 13 ივნისს ნიკარაგუის ეროვნულმა ასამბლეამ ელიდა გალეანოს ინიციატივით[5], 27 ივნისი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა და ამ დღეს აღინიშნებოდა ნიკარაგუის წინააღმდეგობის, მშვიდობის, თავისუფლების, ერტიანობისა და ეროვნული შერიგების დღე[6].
2015 წელს გალეანომ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა წინააღმდეგობის ვეტერანების რეინტეგრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში. მან ასევე წამოაყენა წინადადება შექმნილიყო ნიკარაგუის წინააღმდეგობის ალიანსის პარტია. კომენტატორები აღნიშნავდნენ, რომ ამ პარტიას ნიკარაგუის წინააღმდეგობის პარტიისაგან განსხვავებული მხოლოდ სიტყვა „ალიანსი“ ჰქონდა. ჯერ კიდევ ახალი პარტიის რეგისტრაციამდე ელიდამ გამოაცხადა, რომ იგი კავშირში იქნებოდა სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტთან[7].
2016 წლის არჩევნებში გალეანო კვლავ აირჩიეს დეპუტატად სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის რიგებიდან[8].
ელიდა მარია გალეანო გათხოვილია, ჰყავს ოთხი შვილი[9].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Video: Israel Galeano en acto entrega de armas
- ↑ ASAMBLEA NACIONAL NICARAGUA. Diputados 2012—2016 / ELIDA MARÍA GALEANO CORNEJO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-12. ციტირების თარიღი: 2015-07-09.
- ↑ Las verdaderas mujeres heroicas viven en el anonimato
- ↑ ELIDA MARÍA GALEANO CORNEJO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
- ↑ Контр-день контрас в Никарагуа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
- ↑ El día de la traición a la Resistencia Nicaragüense. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-22. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
- ↑ Crean otro «PRN»
- ↑ Entregan credenciales a diputados del Parlacen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
- ↑ Cumpleañera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-02-25.