ელბაქიანთკარის ღვთისმშობლის ეკლესია
ელბაქიანთკარის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ელბაქიანთკარში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,6 X 4,6 მ), ნაგებია უხეშად დაკუთხული ბაზალტის კვადრებით; წყობაში აქა-იქ მოზრდილი ლოდებიც არის გამოყენებული. გარედან არქიტრავით, შიგნიდან ნახევარწრიული თაღით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, კონქის ქუსლთან სარკმელია. საკურთხეველში კედელზე მიშენებულია სატრაპეზო. ერთი სარკმელი დასავლეთითაა. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია მარტივკაპიტელებიანი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. კედლების გაყოლებაზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომებია. კედლები და კამარა შელესილი ყოფილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 371.