ეკის ციხე — ციხესიმაგრე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტში, მისგან 10 კმ-ში, სოფელ ეკის მიდამოებში, მდინარე ცივის ნაპირას, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მთის წვერზე.

არქიტექტურა

რედაქტირება

ციხე შედგება გალავნისა და ერთი კოშკისაგან. ყველაფერ ამას ამთავრებს თხრილი, რომელიც გარს უვლის გალავანს. ციხის ეს სურათი ტიპიურია ეგრისის სამეფოში მიღებული სისტემისათვის. ასე რომ, თავისთავად ზემოაღნიშნული გადაწყვეტა მიგვითითებს თარიღზე, რომელიც IV-V საუკუნეებით განისაზღვრება.

კოშკი დიდი ზომისაა, ოთხკუთხა (8,8X5,25 მ, კედლის სისქე — 2,15 მ). ნაწილობრივ შემორჩენილია სამი სართული. სართულების სიმაღლე საშუალოდ სამი მეტრია. დარჩენილ ორ კედელში სარკმლები, ან საბრძოლო ამბრაზურები გარკვევით არ ჩანს. კარის ნაწილი უნდა იყოს აღმოსავლეთის კედლის მეორე სართულზე. კოშკის ფასადების მოპირკეთებაც ტიპიურია ადრეული საუკუნეებისათვის. ფასადზე ნახმარია 30-40 სმ კირქვა, რომლის ზედაპირი მქისედაა დამუშავებული. ასეთი ქვებით ფასადებზე ჰორიზონტალური რიგები თითქმის დაცულია. მოპირკეთებისას განხორციელებულია კიდევ ერთი კარგი ჩანაფიქრი: ესაა ქვების ზომების შემცირება ქვემოდან ზემოთ. ბოლო რიგები, საწყისთან შედარებით, თითქმის ერთი მესამედით ნაკლებია.

გალავანი კოშკს ირგვლივ, ათიოდე მეტრის დაცილებით, უვლიდა. გალავანიც დარღვეულია და ნაშთები უკეთ ჩანს სამხრეთის მხარეზე. გალავნის შემოსვა კოშკის მსგავსია. მხოლოდ ქვები უფრო წვრილია.

თხრილი, რომელიც გალავანს კონცენტრულად მიუყვებოდა, ახლაც შთამბეჭდავია. მისი ხაზი გალავნიდან დაცილებულია 20-25 მეტრზე. თხრილის პროფილი ამჟამად ასეთია: სიღრმე — დ 4-5 მეტრი, სიგანე — 6-7 მეტრი. ცხადია, თავდაპირველი თხრილის სიღრმე მეტი იქნებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე, „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალქევის ხუროთმოძღვრება“, თბ. 1991 წ.