ეკატერინე (ქლიავის ჯიში)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეკატერინე.

ეკატერინესაფრანგეთში ფართოდ გავრცელებული ძველი შავი ქლიავის ჯიში. აშშ-ში კატალოგში უკვე 1862 წელს იყო შეტანილი. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ქართლის რაიონებში, ხშირად იტალიური ან აჟანის უნგრულის სახელწოდებით (გორი, მერეთი). ჯიშისათვის საუკეთესო პირობები ქართლშია. ქართლისა და კახეთის პირობებში ქლიავის ჯიში ხასიათდება უხვი მოსავლიანობით, ნაყოფის მაღალი ღირსებითა და გარემო პირობებისადმი მცირე მოთხოვნილებით, რის გამოც შეტანილია საოჯახო და სამრეწველო ჯიშთა ასორტიმენტში.

ხე კარგად იზრდება და უხვ მოსავალს იძლევა, საშუალოდ 35 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან. ნაყოფისაგან მზადდება საუკეთესო ჩირი, რომელიც შაქრიანობით იტალიურ უნგრულიდან დამზადებულ ჩირს არ ჩამოუვარდება, მხოლოდ სიმსხოსა და ფერის მხრივ ვერ შეედრება მისგან დამზადებულ ჩირს. ეკატერინე ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობებისადმი. ხასიათდება უკუპირამიდული ფორმის ვარჯით, ხშირად დატოტვით. ერთწლიანი ყლორტები მოწითალო ფერისაა. ფოთოლი წვრილია, უკუკვერცხისებრი ფორმის, წვრილად დაკბილული კიდეებით. ყვავილობა ადრეული იცის. ჯიში თვითფერტილია.

ნაყოფი წვრილი ან საშუალო ზომისაა, ფორმით მოკლე ბოთლისებრი. კანი მკვრივი და სქელი, არ სცილდება რბილობს, მომწვანო-ყვითელია, შეფერვა ვარდისფერი; ემჩნევა უფრო მუქი წითელი წინწკლები, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ნაფიფქი, რომელიც ნაყოფს მოლურჯო ფერს აძლევს. რბილობი მოყვითალო ფერისაა, მკვრივი, წვნიანი, ძლიერ ტკბილი. კურკა რბილობს არ სცილდება. მწიფდება სექტემბრის დასაწყისში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.