ევროპის საბჭოს რეზოლუცია 1633
ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 (საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები, ინგლ. The consequences of the war between Georgia and Russia, ფრანგ. Conséquences de la guerre entre la Géorgie et la Russie) - ევროპის საბჭოს 32-პუნქტიანი რეზოლუცია, რომელიც 2008 წლის 2 ოქოტმბერს, 35-ე სესიაზე მიიღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. რეზოლუცია ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) აღიარება, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები მოხსენიებულია, როგორც ოკუპაცია და საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა.[1]
ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 | |
---|---|
ევროსაბჭოს ლოგო | |
დეტალები | |
შექმნის თარიღი | 2 ოქოტმბერი, 2008 წელი |
ორგანიზაცია | ევროპის საბჭო |
რეზოლუციაში ომის დაწყების პასუხისმგებლობა არ ეკისრება არცერთ მხარეს და, რეზოლუციის მერვე პუნქტის თანახმად, ეს შემდგომმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.[1]
ომის და მისი წინამდებარე მოვლენების აღწერას რეზოლუცია მეოთხე პუნქტიდან იწყებს. მუხლში წერია, რომ ომის დასაწყისი 7 აგვისტოს, 2008 წელს, იყო მოულოდნელი ფაქტი. მიმოხილულია მოვლენები, რაც ომის დაწყებას წინ უძღოდა. მეოთხე პუნქტში წერია: [ომი] იყო შედეგი სიტუაციის სერიოზული ესკალაციისა, პროვოკაციებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები სიტუაციის განსამუხტად, პრობლემის სამხედრო მოგვარება ორივე მხარისთვის გამოსავლად გადაიქცა. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. ვფიქრობთ, რომ მშვიდობისმყოფელებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია და ვერ უზრუნველჰყვეს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საკუთრების უსაფრთხოება. შესაბამისად, ვწუხვართ, რომ ომამდელი მოწოდებები სამშვიდობო პროცესებისა და კონფლიქტის მოგვარების შესახებ უარყოფილ იქნა რუსული და სამხრეთ ოსური მხარის მიერ. ამგვარად, მეოთხე პუნქტში სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ცალსახად რუსეთს ეკისრება და არა ქართულ მხარეს.[1]
მეხუთე პუნქტში წერია, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვამ ქართული მხარის მიერ კონფლიქტი ახალ - ღია დაპირისპირების ეტაპზე გადაიყვანა. აქვე საქართველოს მიერ გამოყენებული ძალა შეფასებულია როგორც დისპროპორციული და საფრთხის შემცველი მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის. ამ პუნქტში საუბარია კონფლიქტის ახალ ეტაპზე გადასვლაზე და არა ომის დაწყებაზე.[1]
ანალოგიური ტერმინი/ბრალდება - დისპროპორციული ძალის გამოყენება რუსეთის მიმართაცაა გაჟღერებული. მეექვსე პუნქტში საუბარია რუსეთის მხრიდან წარმოებულ სამხედრო მოქმედებებზე, რომლებიც ასევე არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს და არღვევდა ევროსაბჭოს პრინციპებსაც, რომლის წევრი სახელმწიფოც რუსეთიცაა. ამავე პუნქტში გამოყენებულია ტერმინი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საუბარია რუსული მხარის მიერ საქართველოს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ეს არის „ან პირდაპირი შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე და, შესაბამისად, ევროსაბჭოს პრინციპების დარღვევა, ან რუსეთის მცდელობა გაზარდოს მისი გავლენა საზღვრებს მიღმა“.[1]
რეზოლუციის მერვე პუნქტში საუბარია ომის დაწყების საკითხს. მასში საუბარია იმაზე, რომ ომის დაწყებისა და წინაპირობების საკითხი უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ. [1]
დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საკითხიც. რეზოლუცია 1633-ში ევროსაბჭო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს ეს აღიარება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭო კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას. მომდევნო პუნქტში გაკრიტიკებულია რუსეთის მხრიდან დეფაქტო რესპუბლიკებთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებები. რეზოლუციის მიხედვით, ეს ხელს უშლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.[1]
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც რუსეთის მიმართაა გაჟღერებული, არის ჰააგის 1907 კონვენციის დარღვევა - მოროდიორობა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. საუბარია სარწმუნო ანგარიშებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა, რომლის აღკვეთაც რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს. საუბარია, რომ ამგვარი ფაქტები ძირითადად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ მოხდა.[1]
რეზოლუციის ბოლოს ასამბლეა მოუწოდებს თავის წევრებს, არ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო რუსეთს - აღიარება უკან წაიღოს.[1]
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რეზოლუციის ტექსტი სრულად (ინგლისური)
- რეზოლუციის ტექსტი სრულად (ფრანგული)