ევგენი (ბაჟენოვი)

(გადამისამართდა გვერდიდან ევგენი ბაჟანოვი (ეგზარქოსი))

მთავარეპისკოპოსი ევგენი (რუს. Евгений; ერისკაცობაში — ალექსანდრე ფილიპეს ძე ბაჟენოვი, Александр Филиппович Баженов; დ. 1785 — გ. 6 (18) ივლისი1862) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1834 წლის 1 სექტემბრიდან 1844 წლის 13 ივლისამდე.

ყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი
ევგენი (ბაჟენოვი)
ფსკოვისა და პორხოვის მთავარეპისკოპოსი
15 აპრილი, 1856 — 29 ივნისი, 1862
ეკლესია: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: პლატონი (გოროდეცკი)
მემკვიდრე: თეოგნოსტი (ლებედევი)
ასტრახანისა და ენოტაევის მთავარეპისკოპოსი
12 ნოებერი, 1844 — 15 აპრილი, 1856
წინამორბედი: სმარაგდ (კრიჟანოვსკი)
მემკვიდრე: ათანასე (დროზდოვი)
ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსი
საქართველოს ეგზარქოსი
13 ივლისი, 1834 — 12 ნოემბერი, 1844
წინამორბედი: მოსე (ბოგდანოვ-პლატონოვ-ანტიპოვი)
მემკვიდრე: ისიდორე (ნიკოლსკი)
მინსკისა და გროდნის ეპისკოპოსი
17 თებერვალი, 1832 — 1 სექტემბერი, 1834
წინამორბედი: ანატოლი (მაქსიმოვიჩ)
მემკვიდრე: ნიკანორი (კლემენტევსკი)
ტამბოვისა და შაცკის ეპისკოპოსი
9 ივნისი, 1829 — 17 თებერვალი, 1832
წინამორბედი: ათანასე (ტელიატევი)
მემკვიდრე: არსენი (მოსკვინი)
 
დაბადების სახელი: ალექსანდრე ფილიპეს ძე ბაჟენოვი
დაბადება: თვე არ არის მითითებული!, 1785
სოფელი ზაგლუხინო, ტულის გუბერნია
გარდაცვალება: 6 ივლისი, 1862(1862-07-06)
დაკრძალულია: ფსკოვი
ბერად აღკვეცა: 15 თებერვალი, 1819
დიაკვნად კურთხევა: 19 თებერვალი, 1819
მღვდლად კურთხევა: 22 თებერვალი, 1819
ეპისკოპოსად კურთხევა: 11 ივნისი, 1829
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 1 სექტემბერი, 1834

ბიოგრაფია

რედაქტირება

მთავარეპისკოპოსი ევგენი ბაჟენოვი, ერისკაცობაში ალექსანდრე ფილიპეს ძე ბაჟენოვი, ან ბეჟანოვი, ან ბოჟენოვი, დაიბადა 1784 წელს ტულის გუბერნიის სოფელ ზაგლუხინოში, მედავითნის ოჯახში, სწავლობდა ჯერ ტულის სემინარიაში, შემდეგ კი მოსკოვში სლავო-ბერძნო-ლათინურ აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ 1811 წელს დაინიშნა ტულის სემინარიის პედაგოგად, ხოლო 1818 წელს გადაიყვანეს ყაზანის სემინარიაში. 1819 წლის 15 თებერვალს ბერად აღკვეცეს ევგენის სახელით, 19 თებერვალს კი დიაკვნად, ხოლო 22 თებერვალს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. 6 აპრილს იგი იღუმენის ხარისხში აიყვანეს, 20 ივლისს კი არქიმანდრიტისა. 1819 წლის 14 აგვისტოს ტობოლსკის სემინარიის რექტორად დაინიშნა. 1824 წლიდან კოსტრომის სემინარიის რექტორია. 1829 წლის 11 ივნისს ტამბოვის ეპისკოპოსად აკურთხეს. ტამბოვის ეპარქიაში მსახურებისას ბაჟენოვი იყო ძალიან მკაცრი, განსაკუთრებით სამღვდელოების მიმართ. არაერთი მღვდლისთვის აუყრია სამღვდელო ხარისხი. მის მიერ ეპარქიის შემოვლა უბედურებად აღიქმებოდა ადგილობრივი სამღვდელოების მიერ. ეპისკოპოსი ევგენი 1833 წლის 30 აპრილს მინსკის ეპისკოპოსად გადაჰყავთ.

1834 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად და აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. ქართული წყაროების მიხედვით, იგი „იყო მტკიცე და მთავრობის მოყვარე ხასიათის კაცი“.[1]

ეგზარქოს ევგენის მმართველობის პერიოდში, 1838 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიისათვის საქართველოს ეკლესიის შემოსავლების ხარჯზე 80 ათას მანეთად შეისყიდა ზუბალაშვილების სახლი, რომელშიც ერთი წლის შემდეგ განთავსდა სემინარია. მის დროს რუსეთის სინოდს სურდა, თბილისის სინოდალურ კანტორასთან დაარსებულიყო ქართული სტამბა, სადაც ქართული საეკლესიო წიგნები დაიბეჭდებოდა. მანამდე, 1820 წლიდან 1834 წლამდე, მოსკოვის სინოდის სტამბაში იბეჭდებოდა ქართული წიგნები, მაგრამ 30-იანი წლების დასაწყისში სტამბა გააუქმეს და ეგზარქოს ევგენის სთხოვეს, რომ სანაცვლოდ თბილისში გაეხსნა. ეგზარქოსის დავალებით, სინოდალურმა კანტორამ სინოდს აცნობა, თითქოს „ქართველები არასა სწერენ და არას კითხულობდნენ, ამიტომ ძნელია, მოვანდომებინოთ წიგნების ბეჭდვაო“[2], რის გამოც ქართული საეკლესიო წიგნები ისევ რუსეთში იბეჭდებოდა.

ევგენი ეგზარქოსის სახელს უკავშირდებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. 1828 წელს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა სიპიაგინმა გორისა და დუშეთის მაზრების შემოვლის შემდეგ აღძრა საკითხი განადგურების პირას მისული სიძველეების განახლების შესახებ. ამ მოხსენების საფუძველზე, 1828 წლის 30 ნოემბერს სინოდმა იმდროინდელ ეგზარქოს იონას დაავალა, დაწვრილებითი ცნობები შეეკრიბა, კერძოდ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველოს ეკლესიები და ეზრუნა მათ შეკეთებაზე. იონას განმარტებით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში იყო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი. მანვე აცნობა სინოდს, რომ ადგილობრივი საეკლესიო ხარჯებით არა თუ რამდენიმე ეკლესიის, არამედ თვით სვეტიცხოვლის შეკეთებაც შეუძლებელი იყო, ამიტომ იგი მოითხოვდა შეკეთების თანხების გამოყოფას ბიუჯეტიდან, რაზედაც უარი მიიღო. სინოდის გადაწყვეტილებით, ეკლესიების შეკეთება და მათ შორის სვეტიცხოვლის აღდგენა, ადგილობრივი საეკლესიო სახსრებით უნდა მომხდარიყო. იონას დაწყებული საქმე დაევალა მის შემცვლელ ეგზარქოს ევგენის, რომელმაც შეადგინა სვეტიცხოვლის სრული აღწერილობა და ხარჯთაღრიცხვა. ევგენის გეგმით, კაპიტალურად უნდა შეკეთებულიყო არა მარტო ტაძარი, არამედ ხელახლა უნდა აშენებულიყო დანგრეული სამრეკლო. ტაძრის შესაკეთებლად საჭირო იყო 29 931 მანეთი და 36 კაპიკი, ხოლო სამრეკლოს ასაშენებლად 6 227 მანეთი და 65 კაპიკი. სინოდმა ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცა, მაგრამ მასში კორექტივები შეიტანა. მათი გადაწყვეტილებით, ტაძრის შესაკეთებლად ფული საქართველოს საეკლესიო შემოსავლებიდან უნდა დაფარულიყო, რაც შეეხება სამრეკლოს, რადგან იგი ძვირი ჯდებოდა, მის აშენებაზე ამჟამად უარი უნდა ეთქვათ. ტაძრის შეკეთებაზე კონტროლი დაევალა ახალშექმნილ კომიტეტს, რომელსაც, თავის მხრივ, სინოდალური კანტორის არქიტექტორმა შეუდგინა ახალი ხარჯთაღრიცხვა, რომელმაც 28 696 მანეთი შეადგინა. 1837 წელს, ეგზარქოსის განკარგულებით, თბილისელ ხეჩო დარჩილოვს, სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით, დაევალა სვეტიცხოვლის განახლება. მართალია, 1840 წლისათვის ტაძრის განახლება დამთავრდა, მაგრამ ჩატარებული სამუშაოები არ იყო მაღალი დონის. უფრო მეტიც, რემონტს შეეწირა ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს მიშენებული ეკვდერი და პატარა ეკლესია. სავალალოა ის, რომ დიდად დაზიანდა სვეტიცხოვლის ჯერ კიდევ შემორჩენილი უძველესი ფრესკები, რაშიც ეგზარქოსთან ერთად დამნაშავე სინოდალური კანტორის არქიტექტორი, ფრანგი რინარი იყო. მას ეგზარქოსის მითითებით გადაუთეთრებია სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკები.

ავტოკეფალიის გაუქმებისთანავე მკვეთრად შემცირდა ეპარქიათა რაოდენობა, რამაც შეზღუდა და გაართულა მრევლის ურთიერთობა მღვდელმთავრებთან. გურიის თავადაზნაურობამ თხოვნით მიმართა ეგზარქოს ევგენის გურიაში ეპისკოპოსის დანიშვნის თაობაზე. ისინი ამ თხოვნას ასაბუთებენ იმით, რომ კუთხე ესაზღვრება თურქეთს და მათ გარშემო ბევრი მაჰმადიანია და იმით, რომ მონატრებულნი არიან სამღვდელმთავრო წირვას. ისინი ითხოვენ, ეპისკოპოსად აკურთხონ არქიმანდრიტი ანტონი აფხაზეთიდან[3]

სინოდალური კანტორისა და ეგზარქოსის კანცელარიის საარქივო მასალების გაცნობისას თვალში ხვდება დოკუმენტების სიმრავლე, რომლებშიც ფინანსური ანგარიშებია წარმოდგენილი[4]

ათწლიანი მსახურების შემდეგ 1844 წლის 12 სექტემბერს, ეგზარქოსი ევგენი ბაჟენოვი ასტრახანის ეპარქიაში გადაჰყავთ, ხოლო 1856 წლის 15 აპრილს ფსკოვის მთავარეპისკოპოსია.

გარდაიცვალა 1862 წლის 6 ივლისს. ჟურნალი „მწყემსი“, წერდა რომ მთავარეპისკოპოსი ევგენი ხასიათით ძალიან წააგავს თეოფილაქტეს და ასეთი ხასიათით, ხომ მოგეხსენებათ, ბევრი საქმე ხდებაო... საისტორიო წყაროებში მისი სიმკაცრის შესახებ არაერთი დაწერილა.[კ 1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1.  
    „Архиепископ астраханский и енотаевский Евгений - член Синода с 1850 по 1855 год - за особо жесткое отношение к подчиненым в 1829 году, когда он еще был тамбовским епископом, получил выговор от Николая I. Будучи переведеным в Минск, он так показал себя, что когда уезжал оттуда, никто из духовенства не пришел с ним проститься, более того, отслужили благодарственный молебен. 10 летнее его пребывание грузинским экзархом завершилось следствием, установившим, что его любимец - ректор (тифлисской) семинарии Порфирий при его поддержке обращался со студентами "как плантатор с неграми": не кормил, жестоко избивал. Порфирий был сослан в монастырь, Евгений оказался в Астрахани.“
  1. ილია ფერაძე, საქართველოს ეგზაქოსები, „მოგზაური“, 1901, N4 გვ. 358
  2. საქართველოს სამღვდელოება და რუსეთის ეგზაქოსები, „ჯვარი ვაზისა“, 1906, N8, გვ. 14
  3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 488, საქმე 5788.
  4. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 488, საქმე 7446, ფურც. 17.