ეგორ ჩელიევი
ეგორ ჩელიევი (დ. 19 მაისი, 1771, ნოვოროსიისკი — გ. 3 სექტემბერი, 1829, მოსკოვი) — ქართველი გამომგონებელი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1724 წელს ქართლიდან გადახვეწილი ვახტანგ VI-ის 1200-კაციან ამალაში ეგორ ჩელიევის ბაბუა, დავით ჭელიძეც იმყოფებოდა. XVIII ს-ის ოცდაათიან წლებში, რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების შემდეგ, იმპერატორმა მას უბოძა თავადობა და მიწა ათი კომლით პოლტავის მიდამოებში. დაიბადა 1771 წლის 19 მაისს ნოვოროსიისკის გუბერნიაში. მამამისი, გერასიმე, ქართველ ჰუსართა პოლკის გადამდგარი სეკუნდ-მაიორი იყო. 6-7 წლის იაგორს მამა გარდაეცვალა. დედა, ფიოკლა ვლადიმერის ასული, მეორედ გათხოვდა სამხედრო ინჟინერ იაკობ მაურინზე და ოჯახი სარატოვში გადავიდა საცხოვრებლად.
ეგორ ჩელიევი 16 წლის ასაკიდან მუშაობდა: 1787-1791 წლებში იყო სამაზრო მიწისმზომელი სარატოვის გუბერნიაში. 1792-1794 წლებში სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, გადადგა პოდპორუჩიკის ჩინით. 1794-1800 წლებში საკანცელარიო მუშაკია სარატოვის გუბერნიაში. 1800-1817 წებში მიწისმზომლად მუშაობს მოსკოვში. 1817-1821 წლებში მოსკოვის საპროექტო და არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სახელოსნოს ერთ-ერთი განყოფილების დირექტორია, ხოლო 1821-1825 წლებში მოსკოვის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სახელოსნოების უფროსია.
1812 წელს გადამწვარი მოსკოვის აღსადგენად ალექსანდრე პირველმა მოითხოვა ახალი პროექტების შედგენა, რაც მოსკოვის მთავარსარდალსა და მისი სამოქალაქო მშენებლობის ნაწილის ხელმძღვანელს, გრაფ როსტოპჩინს დაევალათ. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც მეთაურობდა თავადი ციციანოვი. ამ კომისიაში შედიოდა საპროექტო განყოფილება, რომლის დირექტორიც ეგორ ჩელიევი იყო. მისი უშუალო ხელმოწერითაა დამტკიცებული მოსკოვის მრავალი შენობის, არხის, ხიდის, აღდგენა-რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები. იგი უძღვებოდა ყველა გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ სამუშაოს.
ეგორ ჩელიევისა და თავად ციციანოვის ხელმძღვანელობით შედგა მოსკოვის გენერალური გეგმა. მასში შედიოდა 486 მნიშვნელოვანი შენობა, 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და ასე შემდეგ. მოსკოვის გენერალური გეგმა ეგორ ჩელიევმა თავის ხარჯით დასტამბა და ოთხჯერ გამოსცა – 1817, 1818, 1819 და 1824 წლებში.
1818 წელს თავად ჩელიევს დაავალეს შეედგინა ახალი წყალსარიდებელი არხის პროექტი, რათა გაზაფხულის წყალდიდობის დროს მოსკოვის სანაპიროები არ დატბორილიყო. პარალელურად, დანიშნეს მოსკოვის სამხედრო ბრიგადის სამშენებლო სახელოსნოების უფროსად. გარდა საპროექტოსი, მის მოვალეობაში შედიოდა ჰიდროტექნიკური და ჰიდროსტატიკური სამუშაოების შესრულებაც. ეგორ ჩელიევი დაპროექტების გარდა მონაწილეობდა მოსკოვის სანაპიროების, აუზების, შადრევნების, არხების, ნაგებობების მშენებლობაში. ხელმძღვანელობდა საგზაო სამუშაოებსაც და უკვე 1824 წელს უპატაკა ზემდგომ ორგანოებს, რომ „მტრისაგან ფერფლად ქცეული დედაქალაქი აღდგენილია, და მისი იერი მოყვანილია პირვანდელთან შედარებით, კიდევ უფრო უკეთეს გარეგნულ სახემდე“.
ეგორ ჩელიევის დახასიათებაში წერია: „იცის არითმეტიკა, გეომეტრია, არტილერია, ფორტიფიკაცია, ექსპერიმენტული ფიზიკა, ქიმია, მექანიკა, ფერწერა, სკულპტურა, სამოქალაქო არქიტექტურა. ღირსია დაწინაურების“. გოლიცინი 1828 წელს წერდა მის შესახებ: „...თავის საქმეში ძლიერ მცოდნეა, ხელმძღვანელობის მრავალ დავალებას ასრულებს დიდი წარმატებით“.
ეგორ ჩელიევი დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირისა და წმ. ანას ორდენებით, 1812 წლის სამამულო ომის მედლით. მინიჭებული ჰქონდა ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის (1826) წოდება. ოგი 1829 წლამდე უძღვებოდა მოსკოვის დაგეგმარებას. მაგრამ მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ცემენტის გამოგონება. დიდხანს ითვლებოდა, რომ ცემენტი 1824 წელს გამოიგონა ინგლისელმა ასპდინმა, მაგრამ საარქივო დოკუმენტებმა ცხადყვეს ჩელიევის პრიორიტეტი. ცემენტის დაბადების თარიღად ითვლება 1822 წელი. მაშინ დაიწერა ჩელიევის წიგნი „ტრაქტატი კარგი სამშენებლო ხსნარების მომზადების ხელოვნების შესახებ“. მან შექმნა მტკიცე სილიკატური ცემენტი, რომელიც იქცა დღევანდელი ცემენტის წინარე სახედ. ფრანგებთან ომის შემდგომ წლებში, სწორედ მის მიერ შექმნილი სამშენებლო მასალის გამოყენებით მოხდა ძველი შენობების აღდგენა და ახლების აგება. თავისი გამოგონება ეგორ ჩელიევმა დაწვრილებით აღწერა მომდევნო წიგნში, რომელიც 1825 წელს გამოიცა. წიგნს ერქვა: „სრული აღწერილობა, თუ როგორ უნდა მომზადდეს იაფი და საუკეთესო ცემენტი, ფრიად მტკიცე, ისეთი წყალქვეშა ნაგებობებისათვის, როგორიცაა: არხები, ხიდები, აუზები და კაშხლები; მიწისქვეშა სარდაფებისათვის და ხისა და ქვის ნაგებობათა შესაბათქაშებლად“. ნაშრომში აღწერილი იყო ცემენტის მიღების ხერხი კირის (ან ცარცის) და თიხის ნაერთის გამოწვისა და მიღებული პროდუქტის დაქუცმაცების მეშვეობით. ავტორი შენიშნავდა, რომ წიგნი დაწერილი იყო რეალურად აგებული შენობების პრაქტიკის საფუძველზე.
ნაშრომი დადასტურებაა ავტორის, როგორც შესანიშნავი მკვლევარისა და პრაქტიკოსის, უებრო ნიჭიერებისა, რომელმაც ტექნიკურად ჩამორჩენილი რუსეთი ცემენტის სამშენებლო მასალით შეაიარაღა. მისი დასკვნების სიმყარეზე მეტყველებს ის გარემოება, რომ დღემდე ცემენტი იგივე მეთოდით მზადდება.
1828 წელს ეგორ ჩელიევი გაურკვეველ ვითარებათა მსხვერპლი შეიქნა. იგი დაუმსახურებლად და უსამართლოდ დაითხოვეს სამუშაოდან. მისი ცხოვრების ბოლო წლების შესახებ არაფერი ვიცით. გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული, 1829 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში.
ეგორ ჩელიევს ჰყავდა მეუღლე მარია ალექსანდრეს ასული ვოეიკოვა და ქალიშვილები: ოლგა და ვარვარა.
სამწუხაროდ, 1948 წლამდე, როცა შემთხვევით მიაგნეს მის წიგნს, ჩელიევის სახელი უცნობი იყო. ცემენტის ავტორად მხოლოდ ასპდინი ითვლებოდა, რომელმაც 1824 წელს ამ მასალის პატენტი აიღო. ამჟამად კი ოფიციალურ სახელმძღვანელოებში პორტლანდცემენტის გამომგონებლად, ასპდინთან ერთად, ჩელიევიც მოიხსენიება. მათ წინაშე მთელი მსოფლიო ვალშია, რადგან, სწორედ ამ ორი ადამიანის გამოგონებამ გახადა შესაძლებელი მსოფლიოში ცათამბჯენების მშენებლობა.
დღეს ეგორ ჩელიევის ღვაწლი სათანადოდაა დაფასებული. 1971 წლის მაისის თვეში, იუნესკოს ეგიდით, თბილისში ჩატარდა მისი დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ცემენტის ქიმიის მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები.
1976 წელს სანკტ-პეტერბურგში, ნევის რაიონში, ერთ-ერთი ქუჩას ეწოდა ეგორ ჩელიევის სახელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცემენტის გამომგონებელი, ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში: 100 რჩეული ბიოგრაფია, ქუთათელაძე ზურაბ, ეგორ ჭელიევი (1771-1839), თბ., 2011, გვ. 182
- ეგორ ჩელიევი (ჭელიძე): 1771-1829, 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2011, გვ. 296-297.
- გაბადაძე თამაზ, ვინ იყო ქართველი, რომლის გეგმის მიხედვით მოსკოვში აშენდა 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა, ინტერვიუ, თბილისელები, თბ., 2015, 16-22 თებერვალი, №7(738), გვ. 17