ებნისის მაცხოვრის ეკლესია
ებნისის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ებნისის აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია რიყის ქვით. სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, ჩრდილოეთ კედლის საპირე წყობა და კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიას შეასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარის გადახურვა ჩამოშლილია. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდის ღერძზე, ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ფართო მხრებით, რომლებსაც კონქის ნალისებრი თაღი ეყრდნობა.
მინაშენი სწორკუთხაა. შეასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის წირთხლის ნაწილი. ფასადები სადაა. ეკლესიას ერტყა რიყის ქვით ნაგები წრიული გალავანი. მის სამხრეთ ნაწილში კარიბჭე ყოფილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 247.