დუქანი
დუქანი (არაბ. دكان) – სავაჭრო სახლი; სახელოსნო) — მცირე სავაჭრო და სახელოსნო (ზოგჯერ სასადილოც) სახლები თბილისსა და სხვა ქალაქებში XVII საუკუნიდან, როდესაც ტერმინი „დუქანი“ შეენაცვლა ქულბაქს. XVII-XVIII საუკუნეებში ქულბაქი და დუქანი სინონიმები იყო. დასავლეთ საქართველოში დუქანი XIX საუკუნიდან დამკვიდრდა, XVII-XVIII საუკუნეებში კი იმავე მნიშვნელობით იხმარებოდა „ხულა“. რადგანაც დუქანი ერთდროულად სახელოსონოც იყო და სავაჭროც, ამიტომ დუქნები ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება იქ მოსაქმე ხელოსანთა თუ ვაჭართა სპეციალობის მიხედვით: „მეჩუსტეების დუქანი“,„მექვაბეების დუქანი“, „მებაყლეების დუქანი“, „სამღებრო დუქანი“, „თოლაჩის დუქანი“, „ჭონის დუქანი“, „ბაზაზების დუქანი“, XVIII საუკუნის ბოლოს თბილისში 50 საფეიქრო ნაწარმის დუქანი ყოფილა.
დუქნები სხვადასხვა ზომისა იყო. XVIII საუკუნეში მათი ფართობი საშუალოდ 15-30 მ² აღწევდა. დუქნები ქითკირის ან ხის იყო. თბილისში უმთავრესად ქვითკირის დუქნებს აშენებდნენ. მათი ფასი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში 100-350 მანეთს უდრიდა. დუქნები ერმანეთისგან განსხვავდბოდნენ ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით, ზოგი თაღიანი იყო, ზოგს ოთახები ან დარბაზები ჰქონდა გამართული.
თბილისში დუქნები ეკუთვნოდათ მოქალაქეებს, თავადაზნაურებს (მაგ: დავით ბატონიშვილს თათრის მოედანზე 12 დუქანი ჰქონდა, საიდანაც დიდ შემოსავალს ღებულობდა; სამეფო აზნაურს დიმიტრი ხიმშიაშვილს XVIII საუკუნის ბოლოს 9 დუქანი ჰქონია) და ეკლესიას. თავადაზნაურები დუქნებს ხშირად ქირით აძლევდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ვაჭრობა-ხელოსნობას აქ ეწეოდნენ. დუქნები ჰქონიათ ყმებსაც, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ბატონის ნებართვის გარეშე მისი გაყიდვა, ხოლო მათი უშვილოდ გარდაცვალების შემთხვევაში დუქანი ბატონს რჩებოდა. დუქნის პატრონები იხდიდნენ სახელმწიფო და სამოხელეო გადასახადებს. მაგალითად, XVIII საუკუნეში თითოეულ ხორცის დუქანზე ყასაბი ქალაქის მოურავს წელიწადში 3 ლიტრა ქონს უხდიდა. დუქნებს მისი პატრონები ხშირად გირაოდ აძლევდნენ მევალეს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იღებდა ამ დაგირავებული დუქნიდან შემოსავალს. სადუქნე ადგილზე დუქნის აშენებას XVII-XVIII საუკუნეებში მეფის ნებართვა სჭირდებოდა.
აღა-მაჰმად-ხანის მიერ დარბევის დროს (1795 წელს) დუქნების უმრავლესობა დამწვარა. ერეკლე II-მ მიიღო ღონისძიებები დუქნების აღსადგენად, რაც პატროონებს დაავალა, მოგირავეებს კი წასახალისებლად ზოგიერთი შეღავათი დაუწესა. ამის შემდეგ ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება „ახალი დუქნები“. XIX საუკუნეში თბილისში დუქნების რაოდენობა დიდად გაიზარდა. ამ პერიოდში დუქანს ეწოდებოდა არა მარტო სავაჭრო-სახელოსნო სახლი, არამედ მცირე სასაუზმოც., მაგ: ცნობილი „ქოსების დუქანი“. ამ დროს იხსენიება დუქანხანებიც - დუქანთან არსებული მცირე სასტუმროები.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისში კერძო ვაჭრობის მოსპობასთან ერთად დუქნებიც მოისპო.
1990-იანი წლებიდან ეკონომიკურ გარდატეხასთან ერთად იწყება დუქნის, როგორც სავაჭრო დაწესებულების ტიპის, აღდგენა, კერძოდ თბილისშიც. ეს დაკავშირებულია ბიზნესის წარმატებისთვის ხალხის ხსოვნაში, ლიტერატურასა და სახვითი ხელოვნების ძეგლებში შემორჩენილი ამ კომერციული ობიექტის სახელის გამოყენებასთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 432, ISBN 99928-20-32-2.