დოჟების სასახლე

(გადამისამართდა გვერდიდან დოჟის სასახლე)

დოჟების სასახლე (იტალ. Palazzo Ducale) — იტალიური გოთიკური არქიტექტურის მონუმენტი ვენეციაში (XIV — XV საუკენეები). სავარაუდოდ სასახლის პირველი ვერსიის არქიტექტორი იყო ფილიპო კალენდარიო. მშენებლობა მიმდინარეობდა 1309-1424 წლებში.

ფაილი:Doge's Palace facing the sea (Venice).jpg
დოჟების სასახლის ხედი

ისტორია რედაქტირება

ვენეციის ეს მთავარი შენობა თავდაპირველად იყო დოჟის რესპუბლიკის რეზიდენცია. სასახლეში იმართებოდა საბჭოს და სენატის სხდომები, მუშაობდა უმაღლესი სასამართლო და თავის საქმიანობას ეწეოდა საიდუმლო პოლიცია. პირველ სართულზე იყო იურისტთა კანტორა, კანცელარია, ცენზორის სამსახურები და საზღვაო უწყება. ზემოდან დაშენებული აივანი გამოიყენებოდა სადღესასწაულო ტრიბუნად, საიდანაც დოჟი ევლინებოდა ხალახს. ქალაქის სტუმრები, რომლებიც პიაცეტის მხრიდან ჯებირს ქმნიდნენ სასახლესთან, ამ ფორმით, ხვდებოდნენ რესპუბლიკის მმართველის ფეხებთან.

დოჟის სასახლე, წმინდა მარკოზის ბაზილიკასთან, სან-მარკოს ბიბლიოთეკასთან და სხვა შენობებთან ერთად წარმოადგენს ქალაქს მთავარ არქიტექტურულ ანსამბლს.

IX საუკუნეში ვენეციელებმა გადაწყვიტეს, თავიანთი მმართველის რეზიდენცია დღევანდელი რიალტოს ხიდის მახლობლად მდებარე კუნძულების ჯგუფზე გადაეტანათ. აქ ციხესიმაგრის მსგავსი, არხებით შემოსალტული ხის შენობა აიგო. მისი ადგილი უკვე XIV საუკუნეში დაიკავა ქვის უფრო დიდმა ნაგებობამ, რომლის მშენებლობაც 1340 წელს წამოიწყეს. პირველად გაჩნდა ნავმისადგომისკენ გამავალი ფრთა დიდი ანუ “გიგანტების დარბაზით”. თუმცა საბოლოო სახე დოჟების სასახლემ სამი მომდევნო საუკუნის განმავლობაში მიიღო. იგი თანდათან გაფართოვდა და იქცა საამაყო შენობად, რომელიც ძლევამოსილი საზღვაო-სავაჭრო სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენდა.

არქიტექტურა რედაქტირება

კვარცხლბეკის სართული ეყრდნობა მაღალ და მახვილკუთხიან თაღედს, რომელიც მთლიანად ერტყმის მას. ელეგანტური კოლონები გოტიკური ფიგურული სვეტისთავებით მეორდება. მეორე სართულის ლოჯიებში მათი რიტმი კიდევ უფრო დახვეწილი და მიზანსწრაფულია: კვარცხლბეკის სართულის თითო თაღს შეესაბამება ვენეციური გოტიკის სტილში შესრულებული ორი ჩუქურთმიანი ლოჯია. ისინი გაერთიანებულია გოტიკური არქიტექტურის კლასიკური ელემენტით — ე.წ. ტეტრაპასებით, რაც კვარცხლბეკის სართულის თაღედს პროპორციებსა და სტრუქტურას უნარჩუნებს. სასახლის ლოჯიები არ არის გამოწეული, მრავალი ვენეციური შენობისგან განსხვავებით და კვარცხლბეკსა და ზემო სართულებთან ერთად, ფასადის ერთიან სიბრტყეს ქმნის. ზედა სართული აღიქმება დახურულად, კედლის მთლიანობას მხოლოდ რამდენიმე ფანჯარა ანაწევრებს და ამიტომ იქმნება კონტრასტი ქვედა სართულებთან. მაგრამ ეს “დახურულობა” მნახველს არ თრგუნავს, მარმარილოს ორნამენტები და სახურავის შემკულობა სტატიკურობის შეგრძნებას თითქმის აქრობს. ზედა სართულის ეს მოვარდისფრო-თეთრი ჩუქურთმები უფრო აბრეშუმის კეთილშობილ კაბას ჰგავს, რომელიც შენობას “აცვია”.

დოჟების სასახლის კუთხეებში განლაგებული კოლონების სვეტისთავების შემამკობელი ალეგორიული ქანდაკებები - “სოლომონის სამსჯავრო”, “ნოეს თრობა” და “შეცოდება” 1400 წელს გაჩნდა.

დოჟების სასახლე იყო არა მარტო მთავრობის სახლი, არამედ ვენეციის რესპუბლიკის დიდების, მისი ბატონობისა და ძლევამოსილების სიმბოლო. დოჟებისთვის სასახლე იყო არა მხოლოდ მართვის ადგილი, არამედ მუდმივად სამყოფელი რეზიდენციაც — მათ სასახლის დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდათ. სასახლის მდიდრული არქიტექტურა და ინტერიერი სრულად პასუხობდა ფუნქციას — ყოფილიყო აყვავებული ვენეციის ძალაუფლების ცენტრალური ადგილი.

ისევე როგორც ფასადის თაღები, ასევე ლამაზად მისდევს შიგნით ერთმანეთს “ხელისუფლების საკადრისი” უმდიდრესი პალატები, დარბაზები და ოთახები. “დიდი საბჭოს დარბაზი (სიგრძე 54 მ და სიგანე 25 მ) მიიჩნევა შუა საუკუნეების უდიდეს დარბაზად საყრდენების გარეშე. მისი კედლები დაფარულია ვენეციის რესპუბლიკის დიდების ამსახველი სურათებით. აქ იკრიბებოდა ჯერ 480, შემდეგ კი 1700 ვენეციელი პატრიციუსი, ვინც ქვეყნის ბედს წყვეტდა. დარბაზი სასახლეში 1340 წლიდან არსებობდა, თუმცა 1577 წლის ხანძრის შემდეგ დაიწვა და მისი შიდა ნაწილი შესაცვლელი გახდა. ტინტორეტოს მიერ შესრულებულ ჭერის ცენტრალურ სურათზე გამოსახულია ვენეცია, რომელიც დოჟს ზეთისხილის ტოტს უწვდის. ვერონეზეს მიერ შესრულებულ “ვენეციის აპოთეოზში” კი არა მარტო ვენეციის ყველა საზოგადოებრივი ფენაა ასახული, არამედ ალეგორიულადაა წარმოდგენილი მშვიდობა და სიმდიდრე. დარბაზის კედელთან მდგომი დოჟის ტახტის თავზე ასევე ტინტორეტოს ტილო ჰკიდია, რომელიც მართალია, არ ითვლება “საუკეთესო ფერწერულ ნამუშევრად”, სამაგიეროდ, “ყველაზე დიდია” ზომებით: 7X22 მეტრი.

რესპუბლიკა “დიდი საბჭოს დარბაზიდან” იმართებოდა, აქ ეწყობოდა აუდიენციები და იმართებოდა სასამართლოებიც. საბჭო, რომელიც დოჟის გარდა მინისტრების, მრჩევლებისა და უზენაესი მოსამართლეებისგან შედგებოდა, ტრიბუნაზე იჯდა და იქ გამოჰქონდა გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლო და ინკვიზიცია კი “ათთა საბჭოს დარბაზში” მართავდა კრებებს, სადაც იხილებოდა ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის საქმეები. ასევე უფრო “წვრილი” დანაშაულები, მაგალითად, ძალადობა.

ოხვრის ხიდი რედაქტირება

დოჟების სასახლის გვერდით, უშუალოდ არხის გადაღმა, მდებარეობს ცნობილი ციხე ტყვიის საკნებით. ორივე შენობა მომცრო დახურული ხიდითაა შეერთებული და განაჩენის გამოტანის შემდეგ სასახლიდან პატიმრები ამ ხიდით პირდაპირ ციხეში გადაჰყავდათ. დახურული ხიდის ფანჯრებიდან მსჯავრდადებულებს შეეძლოთ, უკანასკნელად შეევლოთ მზერა თავისუფლებისთვის და რაღა თქმა უნდა, საკუთარ ბედზე მწარედ ოხრავდნენ - ხიდს სახელი სწორედ ამის გამო ეწოდა.

ამჟამად კი ოხვრის ხიდის სახელი სხვა, უფრო რომანტიკულ ლეგენდას დაუკავშირდა — თუ შეყვარებულები ხიდზე აკოცებენ ერთმანეთს, მათი სიყვარული დიდხანს გაგრძელდება. ამ შემთხვევაში ხიდი უკვე “ბედნიერების ოხვრის” ხიდად უნდა ჩაითვალოს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება