დონაუროვები, დონაურები (რუს. Донауровы) — ქართული წარმოშობის აზნაურთა საგვარეულო რუსეთის იმპერიაში. შეტანილია ყაზანისა და სანქტ-პეტერბურგის გუბერნიების სათავადაზნაურო საგვარეულო წიგნებში.

დონაუროვების საგვარეულო გერბი

დონაუროვების საგვარეულოს ფუძემდებელი გერასიმე დონაური 1720-იან წლებში რუსეთში გადასახლდა, სავარაუდოდ ვახტანგ VI-ის ამალის შემადგენლობაში და ასტრახანში დამკვიდრდა. 1761 წელს მისი შვილს — ივანეს იმხანად პეტერბურგში მყოფმა თეიმურაზ II-მ აზნაურობა დაუმტკიცა, რის საფუძველზეც 1762 წელს რუსეთის მთავრობამ დონაურების ოჯახი ქვეშევრდომობაში მიიღო და რუსეთის აზნაურთა შორის ჩარიცხა.

ივანეს შვილი მიხეილ დონაუროვი (დ. 1830, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 1875, იქვე) იყო გენერალ-მაიორი (1796), იმპერატორ პავლე I-ის მდივანი, ოხტას აგარაკის მფლობელი. მისი შვილებიდან: პეტრე (დ. 1802, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 1863, იქვე) იყო ვლადიმირის (1842–51) და სანქტ-პეტერბურგის (1851–62) სამოქალაქო გუბერნატორი, 1851 წლიდან იყო საიდუმლო მრჩეველი, 1855–63 წლებში — სენატორი და სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგი (მოადგილე); ივანე (დ. 1806, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 1849, იქვე) — იაროსლავის ვიცე-გუბერნატორი (1843 წლიდან), სახელმწიფო მრჩეველი (1846), რომანსების ავტორი. პეტრე მიხეილის ძე დონაუროვის ერთ-ერთი ვაჟი იყო ალექსი (დ. 1830, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 1897, იქვე) — გენერალ-ლეიტენანტი (1888), ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 480.
  • Кульбака Н. Э. «История дворянского рода Донауровых. М.: Старая Басманная, 2013.