დომიცია ლონგინა (დ. დაახლ. 50–55 – გ. დაახლ. 126-130) — რომის იმპერატრიცა და რომის იმპერატორის, დომიციანეს ცოლი. გენერალისა და კონსულის, გნეუს დომიციუს კორბულონის უმცროსი ქალიშვილი. გაშორდა პირველ ქმარს, ლუციუს აელიუს ლამია პლაუტიუს ელიანუსს, რათა დაქორწინებულიყო დომიციანეზე, 71 წელს. მათ ეყოლათ მხოლოდ ერთი ვაჟი, რომლის ნაადრევი სიკვდილიც, ცნობილია, რომ გამოწვეული იყო წყვილს შორის დროებითი უთანხმოებით. იმპერატრიცა გახდა 81 წელს, დომიციანეს გაიმპერატორების შემდეგ, ამ ტიტულს 96 წლამდე, დომიციანეს მკვლელობამდე ატარებდა. ითვლება, რომ დომიცია ლონგინა გარდაიცვალა ჩვენი წელთაღრიცხვით 126-დან 130 წლამდე.

დომიცია ლონგინა

დომიცია ლონგინა (82-92), ვარშავას ეროვნული მუზეუმი
დაბადების თარიღი დაახლ. 50–55
გარდაცვალების თარიღი დაახლ. 126–130
ეროვნება რომაელი
პროფესია რომის იმპერატრიცა
მეუღლე(ები) ლუციუს აელიუს ლამია პლატიუს ალიანუსი
დომიციანე
შვილ(ებ)ი 1 ვაჟი და შესაძლო ორი ქალიშვილი
მშობლები მამა: გნეუს დომიციუს კორბულო
დედა: კასია ლონგინა

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დომიცია ლონგინა იყო გნეუს დომიციუს კორბულოსა და კასია ლონგინას მეორე ქალიშვილი. მისი დედის ბებია იყო იუნია ლეპიდა, ავგუსტუსის, რომის პირველი იმპერატორის და იულიუს-კლავდიუსების დინასტიის დამაარსებლის შვილიშვილი. მამიდამისი იყო რომის იმპერატრიცა მილონია კესონია, კალიგულას ცოლი და ჯულია დრუსილას დედა. მისი უფროსი და, რომელსაც ასევე დომიცია ერქვა, დაქორწინდა სენატორ ანიუს ვინიციანუსზე. მამამისი, კორბულონი იყო რომის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული მოქალაქე, როგორც რომის სენატში, ასევე რომაულ არმიაში. გარდა იმისა, რომ იგი კონსული იყო კალიგულას მმართველობისას, ჩაატარა სამხედრო კამპანიები გერმანიასა და პართიაში, იმპერატორების, კლავდიუსისა და ნერონის მმართველობისას. თუმცა, მისი ოჯახი დაკავშირებული იყო 65 წელს ნერონის წინააღმდეგ შექმნილ წარუმატებელ შეთქმულებასთან, რის გამოც კორბულონმა თავი მოიკლა.

ცოტა რამ არის ცნობილი დომიციას ცხოვრების შესახებ დომიციანესთან ქორწინებამდე, მაგრამ ა.წ. 70 წლამდე იგი დაქორწინდა სენატორზე, ლუციუს ალიუს ლამია პლაუტიუ აელიანუსზე. ის შეიძლება ყოფილიყო ლუციუს ფუნდანიუს ლამია ელიანუსის დედა. [1] თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ ფუნდანიუსი იყო მისი შვილიშვილი, ქალიშვილის ელია პლავტიას და მისი მეუღლის, ლუციუს ფუნდანიუსის ქორწინებიდან. [2] [3]

ქორწინება დომიციანეზე

რედაქტირება

ვესპასიანეს და ტიტუსის მეფობა

რედაქტირება
 
ტიტუსის ტრიუმფი, სერ ლოურენს ალმა-ტადემას მიერ (1885). კომპოზიცია ასახავს ტიტუსის (უკან, მარცხნივ) და დომიცია ლონგინას (მარცხნივ, დომიციანეს გვერდით) გავრცელებულ სასიყვარულო ურთიერთობას. [4]

ნერონის თვითმკვლელობის შემდეგ 68 წლის 9 ივნისს, რომის იმპერია ჩაეფლო ერთწლიან სამოქალაქო ომში, რომელიც ცნობილია როგორც ოთხი იმპერატორის წელი. ამ პერიოდში გალბა, ოტო და ვიტელიუსი ერთმანეთის მიყოლებით აიყვანეს სამეფო ტახტზე, თუმცა მალევე ჩამოაგდეს ისინი. კრიზისი დასრულდა ვესპასიანეს რომის სათავეში მოსვლის შემდეგ. მან აღადგინა მშვიდობა და დააარსა ხანმოკლე ფლავიუსების დინასტია. 71 წელს ვესპასიანემ სცადა, რომ შემდგარიყო დინასტიური ქორწინება მის უმცროს ვაჟს, დომიციანესა და მისი უფროსი ვაჟის, ტიტუსის ქალიშვილს, იულია ფლავიას შორის. თუმცა დომიციანეს ამ დროისთვის ლონგინა უყვარდა, მან შეძლო დაერწმუნებინა ლონგინას მეუღლე, ლამია რომ მის ცოლს გაშორებოდა. თავდაპირველი დაუფიქრებლობის მიუხედავად, ორივე ოჯახისთვის ეს ურთიერთობა წარმატებული აღმოჩნდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, დომიციანეს როლი ფლავიუსების დინასტიის მმართველობისას ცერემონიული ხასიათის იყო. მაშინ, როცა მისი უფრო ძმა ტიტუსი, მამამისის ტოლ ძალაუფლებას ფლობდა, დომიციანეს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნდა. ეს ვითარება უცვლელი დარჩა, როდესაც ტიტუსმა 79 წლის 23 ივნისს ვესპასიანე შეცვალა და იმპერატორი გახდა, რამაც ძმებს შორის ორმხრივი მტრობა გამოიწვია. ა.წ. 80 წელს ტიტუსმა საკონსულო უფლებამოსილება მიანიჭა დომიციას ყოფილ ქმარს, აელიუს ლამიას, რაც დომიციანეს შეურაცხყოფისთვის გააკეთა. იმავე წელს დაიბადა წყვილის ერთადერთი ვაჟი. უცნობია, რა ერქვა ბიჭს, მაგრამ ის ბავშვობაში, 83 წელს გარდაიცვალა .

თითქმის ორი წლის შემდეგ, ტიტუსი 81 წლის 13 სექტემბერს, მოულოდნელად გარდაიცვალა ტვინის ციებ-ცხელებით. მისი ბოლო სიტყვები იყო: „მე მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვი“. [5] თანამედროვე ისტორიკოსმა სვეტონიუსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დომიციანეს შესაძლოა მონაწილეობა მიეღო ძმის სიკვდილში, ხოლო ტიტუსის ბოლო სიტყვები მიაწერა იმ დროის გავრცელებულ ჭორს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტიტუსს რომანი დომიცია ლონგინასთან ჰქონდა. თუმცა, სვეტონიუსაც კი საეჭვოდ მიაჩნია მათი შესაძლო ურთიერთობა. [5]

14 სექტემბერს რომის სენატმა დომიციანე დაამტკიცა ტიტუსის მემკვიდრედ, მიანიჭა ტრიბუნიკის ძალაუფლება, პონტიფექს მაქსიმუსის თანამდებობა და ავგუსტუსის და პატერ პატრიეს ტიტულები, ხოლო დომიცია ლონგინა რომის იმპერატრიცა გახდა.

რომის იმპერატრიცა

რედაქტირება

იმპერატორად ასვლის შემდეგ, დომიციანემ მის მეუღლეს ავგუსტას საპატიო წოდება მიანიჭა. როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა ა.წ. 83 წელს. უცნობი მიზეზების გამო, დომიციანემ მცირე ხნით გადაასახლა დომიცია, შემდეგ კი მალევე დააბრუნა ან სიყვარულის გამო ან კიდევ, ჭორების გასაფანტად, რომლის მიხედვითაც დომიციას უერთიერთობა ჰქონდა მის დისშვილთან, ჯულია ფლავიასთან. სვეტონიუსის მიხედვით, დომიცია გადაასახლეს ცნობილ მსახიობთან, სახელად პარიზთან რომანის გამო. როდესაც დომიციანე შეიტყო ამ ამბის შესახებ, მან ქუჩაში მოკლა პარიზი და დაუყონებლივ გაშორდა ცოლს.

 
რომაული აურეუსი მოიჭრა 83 წელს დომიციანეს მეფობის დროს. დომიცია გამოსახულია მონეტის უკანა მხარეს საპატიო ტიტულით, Augusta.

თანამედროვე ისტორიკოსები ამას დაუჯერებლად მიიჩნევენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ ისტორიებიდან ბევრი გავრცელდა მტრულად განწყობილი სენატორი ავტორების მიერ, რომლებიც გმობდნენ დომიციანეს ტირანიას მისი გარდაცვალების შემდეგ. დომიციანემ მართლაც გადაასახლა თავისი ცოლი, მაგრამ ჯონსი ამტკიცებს, რომ დიდი ალბათობით ასე მოიქცა იმის გამო, რომ მას მემკვიდრე არ ჰყავდა. სავარაუდოა, რომ დომიციას და პარიზის რომანის შესახებ ჭორები დომიციანეს მმართველობის ჟამსაც გავრცელდებოდა და იგი თავისი ქორწინების შეურაცხყოფას მარტივად არ შეეგუებოდა.

ჩვენი წელთაღრიცხვით 84 წლისთვის დომიცია დაბრუნდა სასახლეში, სადაც ის ცხოვრობდა დომიციანეს მეფობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. ცოტა რამ არის ცნობილი დომიციას, როგორც იმპერატრიცას ზუსტი საქმიანობის შესახებ, ან რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა მას დომიციანეს ხელისუფლებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი როლი დიდწილად შემოიფარგლებოდა საზეიმო გამოსვლებით. სვეტონიუსისგან ვიცით, რომ თავის მეუღლეს, დომიციანეს თეატრში მუდმივად თან დაყვებოდა. იყო Horti Domitiae-ის, ბაღების მფლობელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Southern, Pat (1997). Domitian: Tragic Tyrant. London: Routledge. ISBN 0-415-16525-3. 
  • Chausson, François. „Domitia Longina : reconsidération d'un destin impérial“. Journal des Savants: 101–129 – წარმოდგენილია Persee-ის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Settipani, Christian (2000). Continuité gentilice et continuité familiale dans les familles sénatoriales romaines à l'époque impériale: mythe et réalité. Unit for Prosopographical Research, Linacre College, University of Oxford, გვ. 596. ISBN 9781900934022. 
  2. Aelii Lamiae, stema
  3. Birley, Anthony R (2012). Marcus Aurelius: A Biography. Routledge. ISBN 9781134695690. 
  4. The Triumph of Titus: an affair on painting. societasviaromana.net (12 September 2007). ციტირების თარიღი: 27 June 2008.
  5. 5.0 5.1 Suetonius, Life of Titus 10