დისპანსერი
დისპანსერი (ფრანგ. dispensaire < ლათ. dispenso – ვანაწილებ) — სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება, რომლის ამოცანაა მოსახლეობაში დაავადების სკრინინგი, გამოვლენა ადრეულ სტადიაზე, ავადმყოფთა აღრიცხვა, მკურნალობა და მეთვალყურეობა; თავდაპირველი და ვიწრო მნიშვნელობით — დაწესებულება, რომელიც გასცემს მედიკამენტებს ან სამედიცინო დანიშნულების მომარაგების საგნებს.
XVIII საუკუნეში ჩამოყალიბებულ საქველმოქმედო აფთიაქებსა (dispensaire – საფრანგეთში) და ღარიბებისთვის განკუთვნილ სამკურნალოებში (dispensary – ინგლისში) არიგებდნენ წამლებს, რითაც ცდილობდნენ დახმარება აღმოეჩინათ ავადმყოფებისთვის. მოგვიანებით, 1887 წელს, ედინბურგში (შოტლანდია) ჩამოყალიბდა სპეციალიზებული დისპანსერი, რომელიც განკუთვნილი იყო ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში მსგავსი სამედიცინო დაწესებულებები ამოქმედდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, 1910 წელს — რუსეთის იმპერიაშიც. შემდგომ საბჭოთა კავშირში თანდათან გაფართოვდა დისპანსერული ქსელი და მას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ჯანდაცვის სისტემაში.
თანამედროვე გაგებით, დისპანსერი არის სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს მოსახლეობის განსაზღვრულ კონტინგენტზე დინამიკურ მეთვალყურეობასა და კომპლექსურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.
საქართველოში არსებობდა სხვადასხვა პროფილის დისპანსერები: ტუბერკულოზის, კანისა და ვენერიულ სნეულებათა, ფსიქო-ნევროლოგიური, ნარკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.